Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა


მიმდინარე კვირას ქართულ პრესაში ბევრი დაიწერა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე. როცა ორშაბათს ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები მოსკოვში ერთმანეთს ხვდებოდნენ, „კვირის პალიტრაში“ დაბეჭდილ პოლიტოლოგ შალვა ფიჩხაძესთან ინტერვიუში წაიკითხავდით: ”ეჭვი მეპარება, საქართველოს საკითხში ამერიკა რამე დათმობაზე წავიდეს”. “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ კი გაზეთს უთხრა: “საქართველო იქნება ერთ-ერთი იმ თემათაგანი, რაზეც ვერ შეთანხმდებიან”. „კვირის პალიტრისათვის“ მიცემულ ამ ინტერვიუში ირაკლი ალასანიამ შიდაპოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრა:

”სააკაშვილმა უნდა დათმოს, - თქვა მან - ჩაატაროს ვადამდე საპარლამენტო არჩევნები და შეეგუოს, რომ ოპოზიცია გახდება საპარლამენტო ხელისუფლებაში დომინანტი და მის შეუზღუდავ ხელისუფლებას დააბალანსებს. გონიერი კაცისთვის ეს ერთადერთი სწორი გამოსავალია. ამით სააკაშვილი ისტორიაში შევა როგორც დემოკრატიული პროცესების ხელშემწყობი და, შესაძლოა, კონსტიტუციური, მშვიდობიანი გზით ხელისუფლების გადაცემაც მოხერხდეს. ახლა გამოჩნდება, არის თუ არა სააკაშვილი თავისი გარემოცვის მძევალი, შეძლებს თუ არა გაარღვიოს ჩაკეტილი სივრცე და იფიქროს თავის პოლიტიკურ მომავალზე, იმაზე, რას დაუტოვებს ქვეყანას განვითარებისთვის, როდესაც გადადგება პოსტიდან. მგონი, ხვდება, რომ ეს დრო ძალიან ახლოსაა. ხელისუფლებას (იმ ვიწრო წრეს, რომელიც ქვეყანას არაინსტიტუციურად მართავს) ეშინია ძალაუფლების გაყოფის. ქვეყნისთვის უკეთესი იქნება, თუ ცვლილებები ეტაპობრივად მოხდება. ამით ქვეყანა სტაბილურობისკენ წავა და არა ტირანიისა და ქაოსისკენ”, - უთხრა „კვირის პალიტრას“ ირაკლი ალასანიამ.

როცა მოსკოვური შეხვედრები უკვე დამთავრებული იყო, ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუ გაზეთმა „ჯორჯიან თაიმსმაც“ დაბეჭდა: “ძალიან ხშირად საუბრობდა ხელისუფლება რუსეთთან მოსალოდნელ ახალ სამხედრო დაპირისპირებაზე, - უთხრა გაზეთს ალასანიამ - თუმცა, ჩემი აზრით, რუსეთთან ომის განახლების საფრთხე არ არსებობს და, მეტიც, ახალი აგრესია პრაქტიკულად გამორიცხულია. აშშ აქცენტს სვამს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, ხდება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში ახალი აქცენტების გაჩენა, რაც ყველაზე მთავარია. ჩვენ არ უნდა მივცეთ გარე ძალას საქართველოში ხელისუფლების დასმის უფლება, პრეზიდენტი ქართველმა ხალხმა თავად უნდა აირჩიოს. ისე, აშშ საქართველოში ხელისუფლების დასმას არ ცდილობს”, - უთხრა „ჯორჯიან თაიმსს“ ირაკლი ალასანიამ.

ამერიკის პრეზიდენტის რუსეთში ვიზიტს პრესა მთლი მიმდინარე კვირის განმავლობაში აშუქებდა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა მიმდინარე კვირას კანონების მოსალოდნელი გამკაცრება იყო. “გერმანიის ელჩის შეფასებით, ევროკონვენციის ნორმებით, ყველას აქვს უფლება, შეიკრიბოს და გამოხატოს თავისი აზრი. როგორც ერთ-ერთი ოპოზიციონერი აცხადებს, შვედეთის საელჩოს წარმომადგენელმა შეხვედრაზე ოპოზიციას განუცხადა, რომ “ზოგიერთი ცვლილება, რომელიც ახლაა გათვალისწინებული, არანაირად არ შეესაბამება ევროსაბჭოს მოთხოვნებს”, - წერდა “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით „გერმანელი და შვედი დიპლომატები “ნაციონალურ” კანონპროექტს არ იწონებენ“.

“ხალხის პროტესტს არ იწვევს ეს კონკრეტული კანონმდებლობა. - უთხრა „რეზონანსს“ ინტერვიუში ლევან გაჩეჩილაძემ. - ხალხის პროტესტს იწვევს ის დიქტატორული და ავტოკრატიული ელემენტები, რომელიც არის ამ ხელისუფლებაში და ეს ყველაფერი ძალიან დიდი შეტაკებით დამთავრდება. 6 მაისს, შეგახსენებთ, ეს იყო პატარა შეტაკება. ეს ყველაფერი დამთავრდება ძალიან დიდი შეტაკებით, სადაც თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას, იმიტომ რომ საზოგადოებას უჭრიან პროტესტის გამოხატვის გზას. ერთ მშვენიერ დღესაც ლევან გაჩეჩილაძის მოწოდების გარეშე გამოვა საზოგადოება ქუჩაში და იტყვის - რატომ უნდა ჩავჯდე ციხეში? გადათელავენ ყველაფერს, რაც ცუდი იქნება ქვეყნისთვის. მაგრამ სხვა გზას ხელისუფლება დღეს არ გვიტოვებს”, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

შაბათს გაზეთები ლევან გაჩეჩილაძის ინიციატივით დაფუძნებული ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის თაობაზე წერენ.“ რეზონანსში“ ვკითხულობთ:
“გუშინ საზოგადოებრივი მოძრაობა “დაიცავი საქართველო” დაფუძნდა, რომლის მთავარი მიზანი საქართველოში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება იქნება. საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერად ჭაბუა ამირეჯიბი დასახელდა. ამჟამად მოძრაობაში 50-ზე მეტი ცნობილი სახე გაერთიანდა, - წერს „რეზონანსი“.

შაბათს „ალია“ წერს, რომ უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, პავლე კუბლაშვილი, ლევან გაჩეჩილაძის მიერ დაარსებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას კახა თარგამაძის პარტიას უწოდებს. ” ამის განმცხადებლებს თავის შთამომავლობასთან ექნებათ პრობლემები”, - უთხრა გაზეთს საზოგადოებრივი ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფის წევრმა დათო მაღრაძემ. პუბლიკაციაში „ალია“ პოლიტიკურ პარტიასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციას შორის განსხვავებით დაინტერესდა: კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ გაზეთს განუმარტა, რომ „პოლიტიკური ორგანიზაციის მიზანია ხელისუფლების მოპოვება. პარტიას არა აქვს უფლება მიიღოს შემოწირულობა სხვა ქვეყნის მოქალაქისგან ან იურიდიული პირისგან, საზოგადოებრივ ორგანიზაციას ამის უფლება აქვს. ვახტანგ ხმალაძემ ასევე განმარტა, რომ პოლიტიკურ პარტიას უფლება არა აქვს ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, საზოგადოებრივ ორგანიზაციას კი ამის უფლება აქვს, ოღონდ ეს სამეწარმეო საქმიანობა არ უნდა იყოს მისი ძირითადი საქმიანობა და მიღებული შემოსავალიც მხოლოდ საზოგადოებრივი ორგანიზაციის საწესდებო მიზნებს უნდა მოახმაროს ”, - წერს „ალია“ შაბათის ნომერში.

შაბათს „რეზონანსი“ ასევე წერს, რომ “ოპოზიციაში შიდა გადაჯგუფებები დაიწყო და, შესაძლოა, ძალიან მალე რამდენიმე კოალიცია ვიხილოთ. ცალკეული ლიდერები ამბობენ, რომ სამი ან ოთხი ალიანსი შეიქმნება, რომელმაც, სავარაუდოდ, ერთიანი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს. თუმცა ლიდერთა ნაწილი ამბობს, რომ, შესაძლოა, ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა შემდგომი სტრატეგია საკუთარით ჩაანაცვლოს და დამოუკიდებლად დაიწყოს მოქმედება.”
XS
SM
MD
LG