Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე წელს უჩვეულოდ აღინიშნა


ოპოზიციის მომხრეები ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე
ოპოზიციის მომხრეები ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი- 2009 წელს უჩვეულოდ აღინიშნა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაული ორად გაიყო: მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების რადიკალურმა ოპოზიციამ ამ დღის აღსანიშნავად მხარდამჭერებს თბილისში, ეროვნულ სტადიონზე, უხმო, ხელისუფლების პირველმა პირებმა კი, პრეზიდენტის მეთაურობით, საქართველოს საზოგადოებას 26 მაისი მუხათგვერდის სასაფლაოდან მიულოცეს, გასულ წლის აგვისტოში რუსეთთან ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისთვის პატივის მიგებით. ტრადიციული საზეიმო სამხედრო აღლუმი, გასაგები მოტივაციით, არ ჩატარებულა - ის ოპოზიციისა და მისი მხარდამჭერების ეროვნულმა აღლუმმა ჩაანაცვლა. 26 მაისს თვალსაჩინო იყო შიდაპოლიტიკური დაპირისპირება. ევროკავშირმა და მასთან ერთად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელისუფლებას და მის ოპოზიციას უპირობოდ დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდეს.

აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი, თბილისში ორ, ერთმანეთისგან განსხვავებულ, რეალობაში აღინიშნა. ეს არ იყო ზეიმი, ისეთი, როგორიც ადრე, აგვისტოს ომამდე, არაერთხელ ყოფილა. წლევანდელი 26 მაისი საქართველოში - და, განსაკუთრებით, თბილისში - იყო ერთგვარი, პიკთან მიახლოებული, გამოხატულება იმ პოლიტიკური დაპირისპირებისა, რაც იყო აგვისტოს ომამდეც და გაგრძელდა ამ ომის შემდეგ.

რა ხდებოდა თბილისში ამ 26 მაისს? ერთი მხრივ, იყო დიდი შეკრება ეროვნულ სტადიონზე, შეკრება ოპოზიციის მხარდამჭერი საქართველოს მოქალაქეებისა, საზოგადოების იმ ნაწილის, რომელიც მხარს უჭერს რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნას, გადადგეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და, მეორე მხრივ, იყო ხელისუფლების საოცდაექვსმაისო ღონისძიებები. საერთო ჯამში, განცხადებები, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაკეთდა, იყო ასეთი ხასიათის:

გიორგი გაჩეჩილაძე (უცნობი) ეროვნულ სტადიონზე
”ხელისუფლებაში არის ის ხალხი, ვისაც არასდროს უოცნებია თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოზე. ის შეცდომა არ უნდა დავუშვათ, რაც 21 წელს დაუშვა ქართველმა ხალხმა!” - ეს იყო ფრაგმენტი სტადიონზე შეკრებილი ადამიანებისადმი ”ეროვნული ფორუმის” ლიდერის, გუბაზ სანიკიძის, მიმართვიდან. იქვე, სიტყვით გამოსვლისას, რადიკალური ოპოზიციის მეორე ლიდერმა, სალომე ზურაბიშვილმა, თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობა ამ 26 მაისს დადგა არჩევანის წინაშე, დაიბრუნოს საქართველო ან შეეგუოს იმას, რაც საქართველოში ხდება. ”გამარჯვების ზეიმი დადგება მალე, დღეს საღამოს ან ხვალ”, - ესეც თქვა მან. პრეზიდენტმა კი საქართველოს ყველა მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღეს აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების საფლავებთან მდგარმა მიულოცა და თქვა: ”დღეს ჩვენ აღვნიშნავთ იმ დღეს, რომლის აღნიშვნაც ჩვენი მტრის გეგმებში არ ეწერა. მე მინდა ვუთხრა თითოეულ ჩვენს ჯარისკაცს, ვინც არის ცოცხალი და აღარაა ცოცხალი, დიდი მადლობა და მინდა მოვიხარო ქედი თქვენი გამბედაობის და თქვენი შეუპოვრობის წინაშე.”

მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს პრეზიდენტი
”ქვეყანაში არის ხალხი, ვინც ომის დროს იმალება, რომელიც მაშინ, როცა მტერი მოგვადგება, ცდილობს ციხე შიგნიდან გატეხოს, მაგრამ ასეთები ოდესმე უმრავლესობაში რომ ყოფილიყვნენ, საქართველო დღეს ვერ იარსებებდაო”, - ესეც თქვა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა: ” ჩვენ დავასრულებთ საქმეს, ავაშენებთ წარმატებულ და ერთიან საქართველოს და ეს იქნება პასუხი აგრესიაზე, ჩვენი განადგურების მცდელობაზეო.”

თუ რა მიაჩნიათ საქართველოს მეგობრებს საქართველოს პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების ამჟამინდელ მთავარ ამოცანად იმ გამოწვევებზე საპასუხოდ, რომელთა წინაშეც საქართველო დგას, ეს მკაფიოდ იკვეთება ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივ მიმართვაში, რომელიც გავრცელდა 25 მაისს, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობისადმი, ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული განვითარებისადმი დასავლეთის ურყევი მხარდაჭერის გამოხატულება. ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიმართეს საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას, შეწყვიტონ ქუჩებში მიმდინარე პროცესები და დაიწყონ დიალოგი წინაპირობების გარეშე. ”ჩვენ მოვუწოდებთ ქართველებს პატივი სცენ კანონის ნორმებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, აიცილონ ძალადობა და პატივი სცენ მშვიდობიანი პროტესტის ფორმას. ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიული თავისუფლების გაძლიერების მცდელობებს. ვადასტურებთ საქართველოს დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას”, - ნათქვამია მიმართვაში. როგორი იყო მასზე საპროტესტო აქციების ორგანიზატორთა რეაქცია? ირაკლი ალასანიას განცხადებით, ”ევროპაც და აშშ-იც მხარს უჭერდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას და ასეთ სიტუაციებში მოლაპარაკებებს, რათა შეთანხმების გზით მოძებნილიყო გამოსავალი. სიახლე აქ არაფერი იყო და, ვფიქრობ, ძალიან პოზიტიური განცხადებაა..”

მაგრამ, მსგავს განცხადებებთან ერთად, იყო საერთაშორისო საზოგადოებისადმი ოპოზიციის მიმართვა, რაც ეროვნულ სტადიონზე შეკრებილებს მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ გააცნო. ”ოპოზიციის წარმომადგენლები მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენონ რესურსი საქართველოში მოვლენათა შესაჩერებლად და გამოხატონ პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ კონსტიტუციური გზით უმოკლეს დროში შეიცვალოს სააკაშვილის ხელისუფლება”, - წერია ამ მიმართვაში.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა კი საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას მოუწოდეს შეწყვიტონ ქუჩის პროცესები და უპირობოდ დაიწყონ მოლაპარაკება. მაგრამ ოპოზიციას პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა უკან არ მიაქვს, თუმცა აქციების ორგანიზატორები აშკარად განსხვავებულად ხედავენ შემდგომი ბრძოლის გზებს და ასევე აშკარად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ ხელისუფლებასთან დიალოგისადმი.
XS
SM
MD
LG