Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენს პრეზიდენტობა სურს


"მიხეილ სააკაშვილმა დაკარგა ტერიტორიები და დაკარგა დასავლეთის მხარდაჭერაც", "სააკაშვილის ხელისუფლება არის მუხრუჭი საქართველოსთვის და ამიტომ ის უნდა წავიდეს" - ასეთ არგუმენტაციას ხშირად გაიგონებთ იმ პოლიტიკოსთა მხრიდან, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გადადგომას მოითხოვენ. სააკაშვილს უცხოელი პარტნიორები აღარ ელაპარაკებიანო, ამტკიცებენ ისინი. თუ რუსეთს გულისხმობენ, მართალიც არიან. აგვისტოს ომიდან მოყოლებული რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოსკოვი არასოდეს დაელაპარაკება საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, მაგრამ ინტერესით მოეკიდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესების წინადადებებს ნებისმიერი სხვა ხელისუფლების მხრიდან. ზოგი ექსპერტის აზრით, რუსეთის ხელისუფლება საკუთარ წიაღშიც ეძებს სააკაშვილის ჩასანაცვლებელ პირებს, რომელთა ამბიციებისა და ინტერესების შესახებ საქართველოში ბევრი არაფერი იციან.

მართლაც, საქართველოში ცოტა რამ თუ გვსმენია და გაგვიგია რუსეთში მცხოვრები და მოღვაწე ეროვნებით ქართველი ალექსანდრე ებრალიძის შესახებ. სამაგიეროდ, მას რუსეთში კარგად იცნობენ. ის ”ჰუმანიტარული და საქმიანი ურთიერთობების ცენტრის” დირექტორია, ბიზნესმენია, გავლენიანი პეტერბურგელია, ვლადიმირ პუტინის მეგობარია. მეცენატობასაც მისდევს. მაგალითად, რუსეთის სახელმწიფო მუზეუმისთვის საჩუქრად გადაცემული აქვს ევროპაში კერძო კოლექციონერებისგან შეძენილი, თავის დროზე რუსეთში დამზადებული და ევროპაში გატანილი, უნიკალური ნივთები. ასეთ ჟესტებს ებრალიძეს უფასებენ და არამარტო ასეთს. ალექსანდრე ებრალიძემ დააფუძნა რუსეთში ალექსანდრე ნეველის სახელობის ლიტერატურული პრემია და რუსი მწერლების დაჯილდოების ცერემონიალზე თქვა: ”დავიბადე საქართველოში და 16 წლამდე ვხოვრობდი იქ, მას შემდეგ ვარ დიდი იპერიის მოქალაქე და ყველა ჩემი განზრახვა და ამბიცია ამოდის ამ ფაქტორიდან.”

აი, მისი სხვა გამონათქვამიც: ” ჩემი ოცნებაა ვიცხოვრო თავისუფალ, იმპერიულ სახელმწიფოში. იმპერიული სახელმწიფო ნიშნავს დიდ სახელმწიფოს, სადაც ჯარისკაცმა, როცა ის თავს სწირავს იმპერიის ინტერესებს, იცის, რომ თავგანწირვას პატივით დაკრძალვით დაუფასებენ; იცის, რომ ის მუდამ ეხსომებათ. იმპერიულ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს დიადი იდეა.” როგორც ჩანს, სწორედ ამ დიადმა იდეამ უკარნახა ეროვნებით ქართველ რუსეთის მოქალაქეს ”საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის” დაარსება; ეტყობა, დიადმა იდეამ დააინტერესა ის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებითაც.

დაახლოებით ერთი თვის წინ თავისუფალ, იმპერიულ სახელმწიფოში ცხოვრებაზე მეოცნებე ალექსანდრე ებრალიძემ თქვა, რომ აპირებს საქართველოში ჩამოსვლას, აქ კონგრესის ფილიალის გახსნას, რომელიმე ტელეარხის ყიდვას, გაზეთის გამოშვებას - მოკლედ, ყველაფრის გაკეთებას იმისათვის, რომ საქართველოში კარგად გაიცნონ, საქართველოში გავლენა და ნდობა მოიპოვოს. მიზანი კიდევ უფრო შორს მიმავალია და ეს ებრალიძემ ხმამაღლა თქვა, როცა აღნიშნა, რომ მზადაა საქართველოს მართვა იტვირთოს. ალექსანდრე ებრალიძის გეგმები საქართველოში ცნობილი გახდა ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნებული ინტერვიუდან. ეს იყო და ეს. ვინ არის ეს კაცი და რა უნდა, ამაზე სერიოზული მსჯელობა არ ყოფილა. ებრალიძე ისევ გამოჩნდა, ოღონდ სოჭში, სადაც 14 მაისს ”საქართველოს ხალხთა საერთაშორისო კონფერენცია” გაიმართა, საქართველოდან რუსეთში წასული ბიზნესმენის ალექსანდრე ძასოხოვის თაოსნობით. ამ კონფერენციაზე ებრალიძე სიტყვით გამოვიდა. სიტყვა კი ასეთი იყო:

”20 წელი ვითმენდი, ველოდი, რომ გამოჩნდებოდა კაცი, ვინც საქართველოს მოუგვარებდა ურთიერთობას მეზობლებთან. მეტს ვეღარ მოვითმენ.” მეტს ვეღარ მოვითმენ და აუცილებლად ვცდი ბედს საქართველოს პრეზიდენტობისთვის საარჩევნო მარათონშიო. ამისთვის პირველ ეტაპზე ებრალიძე საქართველოს მოქალაქეობის მიღებას მოითხოვს. გამოსვლა სოჭში,” საქართველოს ხალხთა საერთაშორისო კონფერენციაზე”, მან სტალინის სიტყვებით დაასრულა: ”ჩვენი საქმე სამართლიანია, ჩვენ გავიმარჯვებთო”, - თქვა. როგორი იყო დამსწრე საზოგადოების რეაქცია? დამსწრეებს შორის იყვნენ სოჭში თბილისიდან ჩასული ცნობილი ადამიანებიც, რომლებიც თბილისში პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომას აქტიურად მოითხოვენ. მაგალითად, კინორეჟისორი რევაზ ჩხეიძე, მომღერალი და კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი, ლალი მოროშკინა, იმერეთის ყოფილი რწმუნებული თემურ შაშიაშვილი და სხვები. სხვათა შორის, თემურ შაშიაშვილმა სოჭში ტელეკომპანია ”რუსთავის 2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დაგმო ებრალიძის გამოსვლა: ”დაიღუპება საქართველო ასეთი ადამიანის მზრუნველობის ხელში. სამარცხვინოა, როცა ადამიანი ფულს იშოვოს და მაშინევ უჩნდება საქართველოს პრეზიდენტობის ამბიცია. ის აქ მოწვეული არ იყო და ჩამოვიდა საკუთარი ინიციატივით”, - აღნიშნა შაშიაშვილმა.

ასეა თუ არა, იყო თუ არა სოჭში შეკრებილი ქართველებისთვის მისაღები ალექსანდრე ებრალიძის ამბიცია, ფაქტია, რომ იქვე მიღებულ რეზოლუციაში მათ სწორედ ის შეხედულებები და საქართველოს მომავლის ის ხედვა გაიზიარეს, რაც ებრალიძის ხედვაცაა. მან აგვისტოს ომის შემდეგ თქვა: ”კაცი, რომელიც იწყებს და აგებს ომს, კაცი, რომელიც თავის მშვენიერ ქვეყანას აქცევს დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაპირისპირების პლაცდარმად, ის ქართველი არაა”, და დასძინა, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ნატოში გაწევრიანების ამბიციაზე, უნდა გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი და ამით მოაგვაროს ურთიერთობა მეზობლებთან, პირველ რიგში, რუსეთთან. მივაქციოთ ყურადღება რა წერია 14 მაისს სოჭში, ”საქართველოს ხალხთა საერთაშორისო კონფერენციაზე”, მიღებულ რეზოლუციაში. გთავაზობთ ამონარიდს რეზოლუციის ტექსტიდან: ” საქართველო უნდა იყოს ნეიტრალური სახელმწიფო, მან უნდა განავითაროს ურთიერთობა მეზობლებთან. საქართველოს ტერიტორიიდან არ უნდა დაემუქროს ვინმეს საფრთხე. საქართველოს უმთავრესი პრიორიტეტი უნდა გახდეს რუსეთთან კეთილმეზობლური და თანასწორი ურთიერთობის ჩამოყალიბება.”
XS
SM
MD
LG