Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი ისევ ეკონომიკურ და სოციალურ პროგრამებზე მსჯელობს


მიხეილ სააკაშვილი 22 აპრილის მთავრობის სხდომაზე
მიხეილ სააკაშვილი 22 აპრილის მთავრობის სხდომაზე
ნააღდგომევს ხელისუფლების რადიკალურმა ოპოზიციამ საპროტესტო აქციების ახალი ტალღა წამოიწყო. ამ ახალი ტალღის ფარგლებში, საპროტესტოდ განწყობილი ადამიანები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან დედაქალაქში ჩამოჰყავთ. რუსთაველის გამზირი და თავისუფლების მოედანი სახელდახელოდ დამზადებული საკნებით გაივსო, მოძრაობა დედაქალაქის ცენტრალურ მაგისტრალზე უწინდებურად პარალიზებულია, ხელისუფლება კი სიმშვიდეს ინარჩუნებს - რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნას, გადადგეს თანამდებობიდან, მიხეილ სააკაშვილი, უწინდებურად, ეკონომიკურ და სოციალურ პროგრამებზე მსჯელობით უპასუხებს.

მოლაპარაკება და შეთანხმება შესაძლებელია ყველა საკითხზე, გარდა პრეზიდენტის გადადგომისა, - ესაა ხელისუფლების პოზიცია. პოლიტიკურ ოპონენტებთან დიალოგისთვის მზადყოფნას ხელისუფლების წარმომადგენლები ისევ გამოხატავენ, იმის ხაზგასმით, რომ დიალოგის წარმოებისთვის მიუღებელია მოთხოვნა: ” შენ წადი! მე მოვალ!”... ” ჩვენს შეთავაზებაზე ოპოზიცია ნათელ და მკაფიო პასუხს აგვიანებს”, - აღნიშნავს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, დავით დარჩიაშვილი, გაზეთ ”24 საათისთვის” მიცემულ ინტერვიუში და დასძენს: ”მეჩვენება, რომ ოპოზიციის ლიდერების ნაწილი თავისივე რადიკალური ულტიმატუმის ტყვეა ანდა მხარდამჭერებში სახის შენარჩუნებას ცდილობს. არც ისაა გამორიცხული, მავანს ეგონოს, რომ დრო მის მხარეზეა და ხელისუფლებას ნერვები უმტყუნებს”.

მაგრამ ხელისუფლება ნერვების ომში გამძლეობის დემონსტრირებას ახდენს. საპროტესტო გამოსვლები, შეიძლება ითქვას,თვითდინებაზე აქვს მიშვებული და უყურებს, სადამდე ეყოფათ ნერვები და რესურსი თავად აქციების ორგანიზატორებს. მიხეილ სააკაშვილმა ოთხშაბათს მთავრობა შეკრიბა და მთავრობის სხდომაზე ყურადღება ეკონომიკურ და სოციალურ პროგრამებზე გაამახვილა, ანუ იმ საკითხებზე, რაც, ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ხალხს საქართველოში ყველაზე მეტად აწუხებს.

მსჯელობა იყო ისევ იმაზე, თუ რამდენად ნაკლებად შეეხო, მეზობელი სახელმწიფოებისგან განსხვავებით, საქართველოს ეკონომიკას მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი; რა კეთდება და უნდა გაკეთდეს სამუშაო ადგილების შესაქმნელად, აღმშენებლობის გასაგრძელებლად, ექსპორტის წასახალისებლად და სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად. სოფლის მეურნეობაში არსებულ პრობლემებზე საუბარს მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა საკმაო დრო დაუთმო და აღნიშნა:”ვაშლს ჩვენ ვაწარმოებთ 145 ათას ტონას და როგორიც არის მოთხოვნა, 4 ამდენი რომ ვაწარმოოთ, 4 ამდენი გაიყიდება, მაგრამ საქართველო მოიხმარს 120 000 ტონას, 20 000 გვაქვს კიდევ იმპორტი, პრაქტიკულად 45000 ტონა ვაშლი იკარგება; მანდარინს ვაწარმოებთ 80000 ტონას და დიდი ნაწილი იკარგება და გვილპება.”

მაშინ როცა თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციებია მოთხოვნით, გადადგეს პრეზიდენტი, პრეზიდენტის პოლიტიკური ოპონენტები, ცხადია, იტყოდნენ, რა დროს ვაშლი და მანდარინიაო. მაგრამ მთავრობის სხდომაზე მიხეილ
სააკაშვილი ნათქვამით შეეცადა ეჩვენებინა, რომ, შიდა და გარე გამოწვევების მიუხედავად, საქართველო მდგრადი ქვეყანაა და მისი მთავრობა ამ გამოწვევების პირობებში მუშაობს ისეთ მიმართულებაზე, როგორიც არის სოფლის მეურნეობა (პრეზიდენტმა სოფლის მეურნეობის მინისტრს მიუთითა, უნდა გაკეთდეს მაქსიმუმი იმისათვის, რომ გლეხებს პროდუქტის შენახვა-გადაზიდვა და გასაღება გაუადვილდეთო).

პრეზიდენტმა ხაზგასმით თქვა, რომ მთავრობა აქტიურად არის დაინტერესებული ენერგეტიკული პროექტების განხორციელებით, რათა საქართველოსთვის ექსპორტის ძირითადი მიმართულება ელექტროენერგიის ექსპორტი გახდეს; დაინტერესებულია გზების მშენებლობით, ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობით, მომსახურების სფეროს წახალისებით, რათა მომსახურების სფეროც ექსპორტის მიმართულება გახდეს. როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, ”საქართველოს აქვს ძალიან კარგი ეკონომიკური პერსპექტივები. ბოლო კვირებში დავამტკიცეთ, რომ საქართველო სტაბილური და მდგრადი ქვეყანაა. ჩვენ ეხლა უნდა დავიწყოთ ზრდა და იმ დიდი სოციალური პრობლემების გადაწყვეტა, რომელიც აქვს ჩვენს ხალხს.”

22 აპრილის მთავრობის სხდომაზე ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზეიყო მსჯელობა.. რაც შეეხება სხვა პრობლემებსა და სხვა პროექტებს, არსებობს კონკრეტული ინიციატივები დემოკრატიული რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებით და რადგან არასაპარლამენტო ოპოზიცია არ თანხმდება წინადადებაზე, ჩაერთოს დიალოგში, ხელისუფლება აცხადებს, რომ ის იძულებული იქნება ოპოზიციის სხვა ნაწილთან დიალოგით მოძებნოს გზები რეფორმების განსახორციელებლად...

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრად საქართველოში დედაქალაქი და მისი ცენტრი რჩება. აქციები გრძელდება და მას ოპოზიციის მხარდამჭერები საქართველოს რაიონებიდან უერთდებიან. გაზეთ ”კომერსანტისთვის” მიცემულ ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ მომიტინგეთა 70 პროცენტს ხელფასებისა და ქრთამის გარეშე დარჩენილი ყოფილი პოლიციელები და მებაჟეები შეადგენენ, და აღნიშნავს: ”ისინი გრძნობენ, რონ მათი ცხოვრება იცვლება, ჩვენ მას ვცვლით. მათი რევოლუცია ყოველდღე გრძელდება. ადრე შეეძლოთ დაელიათ და საჭესთან დამსხდარიყვნენ, ახლა არ შეუძლიათ. ქართველს არ მოსწონს, როცა სახლში მისულს ჯარიმა ხვდება; არ მოსწონს, როცა ცდილობენ ის ევროპელ, კანონმორჩილ ადამიანად იქცეს.”

ასე უყურებენ ხელისუფლებაში თბილისის ცენტრში განვითარებულ პროცესებს. აქციები გრძელდება.
XS
SM
MD
LG