Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს წვრთნა რუსეთის მხრიდან მუქარის მიზეზი ხდება


მალე, მაისსა და ივნისში, საქართველო უმასპინძლებს ნატოს სწავლებებს, სახელწოდებით ”კოოპერატივ ლანსერ, კოოპერატივ ლონგბოუს”, ნატოს პროგრამის ”პარტნიორობა მშვიდობისათვის” ფარგლებში. სწავლების დაგეგმვა ნატოს შტაბბინაში შარშან აპრილში დაიწყო. ამ ტიპის წვრთნები ”პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამის სტანდარტული შემადგენელი ნაწილია და საქართველოში 2001 წლიდან მიმდინარეობს,მაგრამ რუსეთის რეაქცია მასზე წელს განსაკუთრებულია.სწავლების საქართველოში გამართვას ჯერ იყო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უწოდა გამოწვევა სააკაშვილის ოპოზიციისთვის, აფხაზეთისთვის, სამხრეთ ოსეთისა და რუსეთისთვის; ამის შემდეგ საქართველოში დაგეგმილი ღონისძიება ნატოს არაგონივრულ და საშიშ გადაწყვეტილებად შეაფასა რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა. უფრო მეტიც, მედვედევი დაიმუქრა - ნატოს სწავლების კომენტირებისას თქვა, რომ რუსეთი დააკვირდება საქართველოში სიტუაციას და, საჭიროების შემთხვევაში, ადეკვატურად იმოქმედებს.

მაისსა და ივნისში, ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე დაგეგმილი სწავლების ფარგლებში, დაახლოებით 19 ქვეყნის სამხედროები კრიზისულ სიტუაციაზე რეაგირების ტექნიკას უნდა დაეუფლონ. სწავლება ნატოს ეგიდით ”პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამის, ხმელთაშუა ზღვის დიალოგისა და სტამბულის თანამშრომლობის ინიციატივის ფარგლებში უნდა გაიმართოს. ნატოს ოფიციალური წარმომადგენლის რობერტ პშჩელის განცხადებით:

”წვრთნის მოწყობა დაგეგმილი იყო...საქართველოში და ეს დიდი ხნის წინ იყო ცნობილი. საქართველოს, როგორც მონაწილეს პროგრამისა “პარტნიორობა მშვიდობისათვის”, აქვს უფლებები და მოვალეობები. ეს იყო ამ ქვეყნის დიდი ხნის წინანდელი შემოთავაზება, რომელიც მივიღეთ და ამიტომაა, რომ ეს ქვეყნები, რომლებმაც გადაწყვიტეს მონაწილეობა, დარწმუნებული ვარ, სიხარულით ჩაერთვებიან მასში. რა თქმა უნდა, მომავალში ასეთ წვრთნას, ამ ტიპის წვრთნას, კვლავ ჩავატარებთ სხვა ქვეყნებშიც, შეიძლება - რუსეთშიც.”

საქართველოში შარშანდლიდან დაგეგმილ სამხედრო სწავლებაზე რუსეთის ხელისუფლების მძაფრი რეაქციის მიუხედავად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ აპირებს საქართველოში დაგეგმილ ღონისძიებაზე უარის თქმას.მას შემდეგ, რაც ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე დაგეგმილ მრავალეროვნულ სწავლებებს სერგეი ლავროვმა უწოდა გამოწვევა სააკაშვილის ოპოზიციისთვის, სამხრეთ ოსეთისთვის, აფხაზეთისა და რუსეთისთვის, ბრიუსელმა მოსკოვს შესთავაზა თავადაც შეუერთდეს წვრთნებს. ” მიუხედავად იმისა, რომ წვრთნების დაწყებამდე ცოტა დრო რჩება, მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ” პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამაში ჩართულ ნებისმიერ სახელმწიფოსო ”, - მოჰყავს ”ევრონიუსს” ალიანსის ოფიციალური წარმომადგენლის სიტყვები. რუსეთის ნეგატიური რეაქცია ცნობილია. ”როგორ შეიძლება დაშვება იმისა, რომ ჩვენ შეიძლება მივიღოთ მონაწილეობა ამ წვრთნებში”, - განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. და ამის შემდეგ საქართველოში დაგეგმილ წვრთნებთან დაკავშირებით განცხადება თავად რუსეთის პრეზიდენტმა გააკეთა. დმიტრი მედვედევმა კიდევ ერთხელ გააპროტესტა საქართველოს დახმარება სამხედრო სფეროში და ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე დაგეგმილი სწავლების გამო ნატო არაგონივრულ და საშიშ ქმედებაში დაადანაშაულა: ”"ასეთი გადაწყვეტილებები გაწბილების გრძნობას იწვევს და სულაც არ უწყობს ხელს რუსეთის ფედერაციასა და ნატოს შორის სრულყოფილი კავშირის აღდგენას. ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ თვალს, როგორ განვითარდება მოვლენები და, თუ საჭირო შეიქნა, შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ."

”ყველა ამ განცახდების უკან დაგს რუსეთის მხარის დაუფარავი მცდელობა უკარნახოს თავისი ნება საერთაშორისო თანამეგობრობას და ჩაერიოს სუვერენული სახელმწიფოს, საქართველოს, შიდა საქმეებში”, - აღნიშნეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 17 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრე ნესტერენკომ 16 აპრილს აღიარა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო პოტენციალის ”დემონსტრაციული” გაძლიერების ფაქტი და, იმავდროულად, საქართველოს პროვოკაციების მზადებაში ბრალდება წაუყენა.
ნესტერენკომ განაცხადა, რომ რუსეთის მხარე ატარებს სწავლებებს იმისათვის, რომ თბილისს ხელი ააღებინოს სამხედრო მოქმედების განზრახვაზე. ”თბილისს შეუძლია ამის გაკეთება იმისათვის, რომ ყურადღება სხვა პრობლემაზე გადაიტანოს, როცა იქ ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლებია”, -აღნიშნა ნესტერენკომ.

სწავლებისთვის ხდება ეს თუ სხვა მიზნით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ძალისა და ტექნიკის დამატებით კონცენტრაციასთან დაკავშირებით ინფორმირებულები არიან საქართველოს მეგობრები. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის შოთა უტიაშვილის განცხადებით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დამატებით 5000-მდე რუსი სამხედროა შეყვანილი.სააგენტო ”რეიტერი” ავრცელებს ცნობას, რომ ცოცხალი ძალის კონცენტრაციის პარალელურად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე ტექნიკის, საარტილერიო და სარაკეტო დანადგარების კონცენტრაცია ხდება. ამ ცნობაში ”რეიტერი” ევროკავშირის ელჩის ინფორმაციას ეყრდნობა.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების ფონზე რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ახალი სამხედრო აგრესიის განხორციელების რეალურ საფრთხეზე ლაპარაკობს საქართველოს პარლამენტის წევრი,ლიდერი პარტიისა ”ჩვენ თვითონ”, პაატა დავითაია. 17 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე მან ჟურნალისტებს მიაწოდა ინფორმაცია ოჩამჩირის სამხედრო ბაზიდან გალსა და ენგურის პერიმეტრისკენ სამხედრო ძალების გადაადგილების შესახებ. მოგვიანებით დავითაიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ფლობს ინფორმაციას სოხუმის სიახლოვეს 100-მდე რუსული ტანკის გამოჩენის თაობაზე:

”გადამოწმებული მაქვს ინფორმაცია - სამხედრო ტანკების კოლონა გაჩერებულია სოხუმთან. 100-მდე ერთეული ჯავშანტექნიკაა.”

და აი, რა განაცხადა აფხაზეთში რუსეთის ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციასთან დაკავშირებით აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში: ”არ ვიცი, რა ინფორმაცია გავრცელდა. შესაძლოა, გაიზარდა კიდეც, არ გამოვრიცხავ. მაგრამ ყველაფერი ხდება წინასწარ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში. ლიმიტის ზემოთ რუსეთის მხარე არ აპირებს სამხედრო ძალისა და ტექნიკის შემოყვანას.”

შამბამ განმარტა, რომ დამატებითი ძალების შეყვანა აფხაზეთში რუსეთის მეშვიდე გუდაუთის სამხედრო ბაზის ფორმირებისთვის ხდება და ეს არავისთვის უნდა ყოფილიყო სიახლე. ამას გარდა, არის გეგმა საზღვრის ერთობლივად დაცვასთან დაკავშირებით და ამისთვისაც შემოვა აფხაზეთში დამატებითი ძალა. თუ იქნება სამხედრო საზღვაო ფლოტი, ამისთვისაც შემოვა დამატებითი ძალა. დღეს კი ლაპარაკია მეშვიდე სამხედრო ბაზის ფორმირებაზეო, - ამბობს შამბა.

და ეს ყველაფერი ხდება მას შემდეგ, რაც დმიტრი მედვედევის და ბარაკ ობამას ერთობლივ განცხადებაში ხაზი გაესვა აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობას, ვალდებულებებისა, რომელთა თანახმად, რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობა საქართველოს ტერიტორიებზე 7 აგვისტომდე არსებულ პოზიციებზე უნდა დაბრუნებულიყო. ამის მიუხედავად, ლაპარაკია რაღაც ლიმიტით განსაზღვრული დამატებითი ძალების კონცენტრაციაზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო ბაზების შექმნაზე და, რაც საყურადღებოა, არის მუქარა საქართველოში ნატოს სწავლების დაწყების მოახლოებასთან დაკავშირებით. ნატოს გეგმიური სწავლება, სახელწოდებით ”დაუყოვნებლივი პასუხი”, ვაზიანის პოლიგონზე შარშანდელ ომამდე, ივლისში, დაიწყო და მასზე რუსეთის პასუხი იყო ჩრდილოკავკასიაში დაწყებული ფართომასშტაბიანი წვრთნები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მშვიდობის იძულების სპეციალური ოპერაციებისთვის.
XS
SM
MD
LG