Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორინ ფორესტერის ვოკალური ხელოვნება


მორინ ფორესტერი
მორინ ფორესტერი
მორინ ფორესტერის მოსმენისას ბევრს ჰგონია, რომ მეცო-სოპრანო მღერის. არადა, გამოჩენილი კანადელი მომღერალი კონტრალტოა. ცნობილია, რომ სასიმღერო განწყობა ვოკალური ტონის ძალას, ტემბრსა და ხანგრძლივობას უნდა შეესაბამებოდეს. ამასთან დაკავშირებით მინდა გაგახსენოთ, რომ პროფესიონალი მომღერლის ხმა რამდენიმე კრიტერიუმს ემორჩილება: ის პროფესიულად უნდა იყოს დაყენებული, მისი დიაპაზონი უნდა შეიცავდეს ორ ოქტავას, დიაპაზონის მთელ სიგრძეზე ბგერადობა უნდა იყოს თანაბარი. ტემბრისა და სიმაღლის მიხედვით ხმების გრადაცია კი ასეთია: მამაკაცები - ტენორი, ბარიტონი, ბანი; ქალები - სოპრანო, მეცო-სოპრანო და კონტრალტო. არსებობს, აგრეთვე, შუალედური რეგისტრები: ვთქვათ, ლირიკული და დრამატული ტენორი, ლირიკული და დრამატული სოპრანო, ბანი-ბარიტონი. ქალის ხავერდოვანი, მკვრივი ტემბრის მქონე ხმის, კონტრალტოს, დიაპაზონის ყველაზე შთამბეჭდავი, ღუღუნა რეგისტრი პირველი ოქტავის სი-ბემოლით მთავრდება. უნდა ითქვას, რომ ვოკალისტ ქალებში ეს ხმა იშვიათია. ოდესღაც მეცო-სოპრანოს ალტს უწოდებდნენ, რაც შესატყვის მუსიკალურ ინსტრუმენტთან ანალოგიით იყო გამოწვეული. საოპერო თეატრში კონტრალტოს პარტიას საკმაოდ ხშირად მეცო-სოპრანო ასრულებს. ამ შემთხვევაში, როგორც წესი, ადგილი აქვს გარკვეულ ტემბრულ დანაკარგებს. როდესაც, პირიქით, კონტრალტო მღერის მეცოს პარტიას, ხმის ბგერადობა ახალ მხატვრულ ნიუანსებს იძენს.

ამას ჩვენი გადაცემის გმირის, მორინ ფორესტერის, ხელოვნებაც ადასტურებს. მისი მსუბუქი კონტრალტო ოსტატურად ახმოვანებს მეცო-სოპრანოს ვრცელ რეპერტუარს. ვოკალისტის დახვეწილი მუსიკალობა განსაკუთრებით ბრამსის, შუმანის, მალერის, რიხარდ შტრაუსის ნაწარმოებების შესრულების დროს ვლინდება. აი, რას წერდა მომღერალზე გაზეთ "გლობ ენდ მეილში" მუსიკალური კრიტიკოსი ჯონ კრეგლანდი: "ნოტების და, მთლიანობაში, ნაწარმოების ინტერპრეტაციისათვის ხმის გამოყენების ხელოვნება მუსიკოსებმა მორინ ფორესტერისგან უნდა ისწავლონ. ამისათვის აუცილებელია მომღერლის კონცერტებზე იარონ."

კეთლინ სტიუარტი (სასცენო ფსევდონიმი - მორინ ფორესტერი) 1930 წლის 25 ივლისს კანადის ქალაქ მონრეალში დაიბადა. ოჯახს ძალიან უჭირდა, რის გამოც კეთლინმა 13 წლის ასაკში სკოლა მიატოვა და მუშაობა დაიწყო კომპანია "ბელ ტელეფონში". ჯამაგირის ნაწილს გოგონა ვოკალურ განათლებაზე ხარჯავდა, მისი მასწავლებლები იყვნენ სელი მარტინი, ფრენკ როუვი და ბერნარდ დეიმენტი.

მორინ ფორესტერის საკონცერტო დებიუტი 1953 წელს შედგა. აკომპანიატორობა მას ჯონ ნიუმარკმა გაუწია. ეს იყო ორი შესანიშნავი მუსიკოსის მრავალწლიანი თანამშრომლობის დასაწყისი. სწორედ 1953 წელი უნდა ჩაითვალოს მორინ ფორესტერის ბრწყინვალე ვოკალური კარიერის საწყის წერტილად. მომავალში მას ელოდა გამოსვლები კანადაში, გასტროლები შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, თანამშრომლობა გამოჩენილ დირიჟორებთან. მონრეალის სიმფონიური ორკესტრის კონცერტზე ფორესტერმა ოტო კლემპერერის მიერ დადგმულ ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიაში ბრწყინვალედ შეასრულა ვოკალური პარტია. გუსტავ მალერის ნაწარმოებების ინტერპრეტაციაში მომღერალს დიდი დახმარება გაუწია მალერის მოწაფემ, გამოჩენილმა გერმანელმა დირიჟორმა ბრუნო ვალტერმა. ფორესტერის კამერულ რეპერტუარში სრულიად განსაკუთრებული ადგილი უკავია მასნეს "ელეგიას". მის მიერ ამ რომანსის შესრულება შალიაპინის გენიალურ ინტერპრეტაციას უახლოვდება.

უამრავი მუსიკალური პრემიისა და საპატიო წოდების მფლობელი, კვებეკის ეროვნული ორდენის კავალერი მორინ ფორესტერი 2003 წლიდან აღარ გამოდის სცენაზე. თავისი ცხოვრება მან აღწერა უაღრესად საინტერესო მემუარებში "Out of Character" ("ხასიათიდან გამომდინარე"). სამწუხაროდ, ბოლო წლებში ალკოჰოლურმა სინდრომმა ფორესტერი ჭკუასუსტობამდე მიიყვანა, რის შედეგადაც დიდი მომღერალი კინაღამ ტორონტოს მოხუცებულთა სახლში მოხვდა. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მისმა დამ საკუთარ სახლში გამოუყო ერთი ოთახი, სადაც მორინი ამჟამად ცხოვრობს. რაც შეეხება ფორესტერის ვოკალურ ხელოვნებას, ის რუდოლფ შტაინერის ცნობილი გამონათქვამის საილუსტრაციოდ გამოდგება: "ადამიანები რომ მღეროდნენ, მღეროდნენ ბევრს და, რაც მთავარია, მღეროდნენ სწორად, ქვეყანაზე ნაკლები ბოროტება იქნებოდა."





XS
SM
MD
LG