Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი ოპოზიციას დიალოგს სთავაზობს


10 აპრილს შუადღისას ამოიწურა 9 აპრილს დაწყებული საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორთა მიერ პრეზიდენტ სააკაშვილისადმი წაყენებული ულტიმატუმის ვადა. ულტიმატუმის მოთხოვნა კი, როგორც ცნობილია, სააკაშვილის საქართველოს პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომა იყო. რადიკალური ოპოზიციის ლიდერებს რუსთაველის გამზირზე დღის 4 საათზე დანიშნულ მიტინგზე უნდა გამოეცხადებინათ სამოქმედო გეგმა ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ... მიხეილ სააკაშვილმა კი მის მიმართ წაყენებულ მოთხოვნას ღიად გაცილებით ადრე, დღის 12 საათზე, უპასუხა. მან თქვა, რომ მზადაა დიალოგისთვის ყველა ძალასთან, მათ შორის, ყველაზე რადიკალურად განწყობილებთანაც კი.

მიხეილ სააკაშვილმა 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე მისულ საქართველოს მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და საპროტესტო მსვლელობაც და შემდეგ მიტინგიც მშვიდობიანად, დემოკრატიის სტანდარტებთან სრულ შესატყვისობაში ჩაატარეს... ”ეს ხალხი არის გაბრაზებული ძალიან კონკრეტული პრობლემების გამო და ხელისუფლებას ესმის მისი, ესმის და მზადაა იმუშაოს ამ პრობლემების გადასაწყვეტად”, - თქვა მან და დასძინა:”მეც ძალიან გაბრაზებული ვარ ამ გაჭირვების, ამ სიდუხჭირის და იმ უსაფრთხოების პრობლემების გამო, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას. მაგრამ ამ პრობლემების გადაწყვეტა მოითხოვს დიდ განსჯას, დიდ ფიქრს და სწორ გადაწყვეტილებებს.”

მინიშნება ცალსახა იყო: ქვეყნის პრობლემებზე მსჯელობა უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან და გადაწყვეტილებების მიღების პროცესი არ უნდა იმართებოდეს ქუჩიდან. მიხეილ სააკაშვილმა თავის სატელევიზიო გამოსვლაში, რომელიც საქართველოს ტელევიზიებმა ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე გადასცეს, კიდევ ერთხელ მოუწოდა პოლიტიკურ სპექტრს ერთიანობისკენ სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო და კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა დიალოგისთვის ყველასთან გარკვეულ საკითხებზე:”როგორ დავძლიოთ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, როგორ უზრუნველვყოთ ქვეყნის უსაფრთხოება და როგორ უზრუნველვყოთ საოკუპაციო ჯარების გაყვანა ქვეყნიდან, როგორ მოვახდინოთ პოლიტიკური სისტემის მეტად რეფორმირება გახსნილობისკენ, დემოკრატიული დიალოგისკენ და როგორ დავხვეწოთ სასამართლო სისტემა ისე, რომ თითოეულ ჩვენგანს ჰქონდეს სამართლიანობის განცდა და განცდა იმისა, რომ გაცილებით დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობს..”


ასეთი იყო პასუხი ულტიმატუმზე. 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე შემდგარი დიდი საპროტეტო გამოსვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა თავისი ძველი შეთავაზება თითქმის სიტყვასიტყვით გაიმეორა და ამით თქვა, რომ ხელისუფლებასთან ულტიმატუმის ენით ლაპარაკს აზრი არა აქვს, რომ იმ პრობლემების გადაწყვეტისთვის, რაც ხალხს რეალურად აწუხებს, ყველაზე ეფექტიანი და ხელსაყრელი გზა დიალოგია. აქციების ორგანიზატორებმა პრეზიდენტის გამოსვლას არაადეკვატური უწოდეს: ”პრეზიდენტმა თავისი გამოსვლით უარყო და უკუაგდო ამდენი ხალხის ნება.. საქართველოში ავტორიტარული რეჟიმია და ამის გაძლება ქართველ ხალხს აღარ შეუძლია”, - ასეთი იყო მიხეილ სააკაშვილის გამოსვლაზე ”რესპუბლიკური პარტიის ” წევრის, ირაკლი ბათიაშვილის, გამოხმაურება. ” ალიანსი საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ, 9 აპრილის აქციის მშვიდობიანად ჩატარებისათვის პრეზიდენტის მადლობის პასუხად თქვა: ” ჩვენ მას მადლობას არაერთხელ გადავახდევინებთ მსგავსი აქციებით და მადლობას გადავახდევინებთ იმისთვის, რომ მშვიდობით გავუშვებთ და არაფერს ვავნებთ.”

და უკვე დღის 4 საათზე არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებმა სათქმელი რუსთაველის პროსპექტზე განახლებულ მიტინგზე თქვეს. იქ შეკრებილ ადამიანებს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა კუკავამ, მიმართა: მიხეილ სააკაშვილს არ მიუღია არანაირი გადაწყვეტყილება; სამაგიეროდ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება გავშალოთ აქციები და მოგიწოდებთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენო.

რადიკალური ოპოზიციის ლიდერები ხალხს სთხოვენ ქუჩაში იდგნენ და ნერვების ომს ბოლომდე გაუძლონ, ვიდრე პრეზიდენტი იძულებული არ გახდება გადადგეს. ზოგიერთმა ლიდერმა პრეზიდენტს მისი გადადგომის მოთხოვნის საჯარო განხილვა შესთავაზა. ოპოზიციის ლიდერებს მიაჩნიათ, რომ გაბრაზებულ ხალხს პრობლემების გადაწყვეტის გზები პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ უნდა შესთავაზონ. ხელისუფლების შეთავაზება კი არის დიალოგი დღესვე და შეთანხმება არა გადადგომასა და ვადამდელ არჩევნებზე, არამედ ხალხის პრობლემების გადაწყვეტის გზებზე. ” არჩევნები არ იქნება იმ საქმეში ერთი აგურის ჩადებაც კი, რომელმაც საქართველო ხელისუფლების კონსტიტუციურ ვადებში შეცვლას უნდა მიაჩვიოს”, - აღნიშა 9 აპრილს რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ და დასძინა:

” რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემებს, რა თქმა უნდა, ხელისუფლება მზადაა დისკუსიისა და კომპრომისისთვის, მაგრამ ნურავის ექნება ილუზია, რომ ამ კომპრომისით მთლიანად მიიღებს იმას, რისი მიღებაც მას სურს.”

ასეთია ხელისუფლების პოზიცია. აქციები კი გრძელდება. ხელისუფლების სამოქმედო გეგმა ამასთან დაკავშირებით უცვლელია. სამართალდამცველები არანაირად ხელს არ შეუშლიან მშვიდობიანი აქციებისა და მანიფესტაციების ჩატარებას. ეს განცხადება ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ეკა ტყეშელაშვილმა გააკეთა: ”რეაგირება იქნება ისეთი, როგორიც გუშინ და დღეს იყო. ხელისუფლება ხალხს ხელს არ შეუშლის გამოხატოს პროტესტი. პოლიცია ისევე იმოქმედებს, როგორც გუშინ და დღეს. რაც შეეხება სამოქალაქო დაუმორჩილებლობას, ეს ფართო ცნებაა და ჩემი სურვილი იქნებოდა, ეს არ იყოს აღრეული სხვა ფორმებთან.”
XS
SM
MD
LG