Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა. 28 მარტი 2009


მიმდინარე კვირა ქართულ პრესაში კვლავ 9 აპრილის თემით დაიწყო.


ორშაბათს ”კვირის პალიტრისათვის” მიცემულ ინტერვიუში პოლიტიკის ექსპერტი არჩილ გეგეშიძე 9 აპრილს მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარებზე საუბრობდა. ” რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, რომ 9 აპრილის აქციაზე ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდეს, მაგრამ, შესაძლოა, ხელისუფლებამ ხალხის რაოდენობას ყურადღება არ მიაქციოს და შემდგომ ოპოზიცია იძულებული გახდეს ეს ხალხი დაშალოს. მეორე ვარიანტია, რომ, შესაძლოა, იქ კარვები გაიშალოს და აქციას პერმანენტული ხასიათი მიეცეს. არის მესამე ვარიანტიც - ხალხი თვითონ დაიშალოს და თანდათან შეცოტავდეს. მეოთხე და ყველაზე ცუდი ის იქნება, რომ რომელიმე მხარეს ნერვებმა უმტყუნოს და ძალადობრივ ქმედებებს ჰქონდეს ადგილი.”

იმავე დღეს გაზეთი "მთელი კვირა" სტატიაში, სათაურით ”ნინო ბურჯანაძის არჩევანი”, წერდა: "პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ 9 აპრილის მოახლოებასთან ერთად მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ ბრძოლა ყველაზე ბინძური და მიუღებელი მეთოდებით დაიწყო."
”მთელი კვირისთვის” მიცემულ ინტერვიუში ნინო ბურჯანაძე ამბობს: ,,ხელისუფლებას რაიმე დოკუმენტი რომ ჰქონდეს ჩემი ან ჩემი მეუღლის საეჭვო კავშირებთან - გნებავთ, კანონიერ ქურდებთან, გნებავ, რუსებთან, გნებავთ, ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელთან, ან სხვა ფულთან, ან შეიარაღებასთან დაკავშირებით, როგორ გგონიათ, არ გამოიყენებდა?”
ეს ინტერვიუ ორშაბათს დაიბეჭდა. იმ დღეს განვითარებული მოვლენების შესახებ კი პრესა უკვე მომდევნო დღეს წერდა. "გუშინ დილით სამართალდამცავებმა ბურჯანაძის პარტიის რამდენიმე წევრი, მათ შორის, ბიწაძის მძღოლიც დააპატიმრეს”, - წერდა "ახალი თაობა"
”რეზონანსში” კი ვკითხულობთ: "ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ შსს-ს მიერ გუშინ გავრცელებული ვიდეომასალა, მისი პარტიის წევრების დაპატიმრებასთან დაკავშირებით, არ არის საკმარისი მტკიცებულება და "ამ კადრებით პარტიის მიმართ ხელისუფლების ბრალდებები ვერ დამტკიცდება". მისი აზრით, ეს კადრები დამოუკიდებელ ექსპერტიზას საჭიროებს.”

მომდევნო დღეს ”რეზონანსი” ირაკლი ალასანიას კომენტარს აქვეყნებს: "მნიშვნელოვანია, გამოძიებაში ჩაერთონ დამოუკიდებელი ექსპერტებიც, ვინაიდან საზოგადოებაში გამოძიებისადმი ნდობა დაკარგულია. რაც შეეხება თავად ფაქტს, ყველას ინტერესებში შედის, მათ შორის საზოგადოების, პოლიტიკური ძალებისა და თავად ხელისუფლების ინტერესებში, რომ აღნიშნული ფაქტი იყოს ობიექტურად გამოძიებული. რაც მთავარია, ეს ფაქტი არ უნდა იყოს გამოყენებული ოპოზიციური პოლიტიკური ძალების დისკრედიტაციისთვის", - უთხრა გაზეთს ირაკლი ალასანიამ.


” საინტერესოა, რომ გუშინ გამოქვეყნებულ ჩანაწერში ფიგურირებს ე.წ. "გენერალთა კლუბი", - წერს ”რეზონანსი”. - "გენერალთა კლუბის" თავმჯდომარე და ირაკლი ალასანიას პოლიტიკური მოძრაობის წევრი გია ყარყარაშვილი აცხადებს, რომ კლუბი არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია და პოლიტიკაში არ ჩაერთვება, ხოლო იარაღის უკანონოდ შეძენის საქმესთან რამე სახის კავშირს კატეგორიულად უარყოფს.”

ვოდეოჩანაწერების გავრცელება რამდენიმე დღეს გრძელდებოდა და ამასთან დაკავშირებული მოვლენების განვითარება ქართული პრესის მთავარი თემა იყო მთელი კვირის განმავლობაში.
პარასკევს ”რეზონანსი” წერდა: "ქართველმა ექსპერტებმა სპეციალური მიმართვა შეიმუშავეს, სადაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას პროცესების სამართლებრივ ჩარჩოში შენარჩუნებისა და დაძაბულობის განეიტრალების მიზნით ურთიერთობის დამყარებისკენ მოუწოდებენ. დოკუმენტი, რომელზეც მუშაობა ორი დღის წინ დაიწყო, ხელმომწერთათვის ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეეძლება საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. ამასთან, დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საექსპერტო საზოგადოება მზადაა გაითვალისწინოს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის აზრი ამ საკითხებთან მიმართებაში."

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის სახელი ხშირად ჩნდებოდა პრესაში აღნიშნული მოვლენებით დატვირთული კვირის განმავლობაში.
"ხალხს ბოლომდე არც არავისი არ სჯერა. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმედს საქართველოს პატრიარქზე ამყარებს. ხალხი დარწმუნებულია, რომ პატრიარქი ერთადერთია, ვისაც შეუძლია ქვეყანა დაპირისპირებისგან იხსნას. ეს მას ადრეც გაუკეთებია. თუ საჭირო გახდა, უწმინდესი ამას ახლაც გააკეთებს”, - წერდა ”ახალი თაობა”.

"გუშინ უზენაესი სასამართლოს შენობასთან ოპოზიციურმა პარტიებმა, "არასამთავრობო კოალიციამ" და "საზოგადოებრივმა დარბაზმა" ერთიანობის მანიფესტი წარმოადგინეს. დეკლარაცია 9 აპრილის აქციის მშვიდობიანად ჩატარებას გულისხმობს", - წერს "რეზონანსი" შაბათის პუბლიკაციაში.

”ოპოზიციური პარტიები ადასტურებენ, რომ 2009 წლის აპრილში დაიწყებენ მშვიდობიან საპროტესტო აქციას, რომლის მეშვეობითაც უნდა მოხდეს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში, სათაურით ”რატომ არ ესწრებოდნენ "ერთობის მანიფესტის" პრეზენტაციას "ეროვნული ფორუმისა" და "ლეიბორისტული პარტიის" წევრები”.
"მანიფესტის შემუშავებაში ჩვენც ვმონაწილეობდით, მაგრამ ამ ერთობლივი განცხადების გამოქვეყნება პარასკევს დაიგეგმა... უბრალოდ, ფიზიკურად ვერ დავესწარით ამ მანიფესტის გამოქვეყნებას. სხვა მიზეზი არ არსებობს. აქ ხელის მოწერაც არ შემდგარა. მანიფესტს ვეთანხმებით სრულად", - განუმარტა გაზეთს "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი მელაშვილმა

გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკის” შაბათის ნომრის მთავარი პოუბლიკაციის სათაური კი ამგვარი იყო: ”დადგება ნამდვილი გაზაფხული, დადგება! ”
XS
SM
MD
LG