Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა


მიმდინარე კვირას ქართულ პრესაში აქტიურად განიხილებოდა 9 აპრილისათვის მზადება.

ორშაბათს გაზეთი "მთელი კვირა" ”რეზონანსის” მიერ ჩატარებული გამოკითხვის შესახებ წერდა სტატიაში, სათაურით “გამოკითხულთა 75% აქციების მომხრეა”.
პუბლიკაციაში ექსპერტთა კომენტარებიც იყო მოყვანილი. მაგალითად, პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ გაზეთს შემდეგი უთხრა:
"ჩვენ გაგვანებივრა ვარდების რევოლუციამ და ჩავთვალეთ, რომ რადგან შევარდნაძე გადადგა თავის დროზე, ყველა ხელისუფალი, ვისაც შევუძახებთ, გადადგება. რომ დაიჟინოს სააკაშვილმა, არ გადავდგებიო, მას ვერავინ აიძულებს ხელი მოაწეროს გადადგომაზე."

კიდევ ერთ მოვლენას კი, რომელსაც ასევე ქართული გაზეთების უმრავლესობა ეხმიანებოდა, ”რეზონანსმა” "პოლიტიკური სიყვარულის დღე" უწოდა.
ციტატა ამავე სათაურით დაბეჭდილი პუბლიკაციიდან: "9 აპრილის აქციისთვის ოპოზიციური ერთობის შესაქმნელად ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიებმა არასამთავრობო სექტორის მიერ შექმნილ "ეროვნული თანხმობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი და იმის ალბათობა, რომ აპრილის აქციაზე ყველა პოლიტიკური ძალა იქნება წარმოდგენილი, ძალიან დიდია. რამდენად გაამართლებს ეს დეკლარაცია, შეძლებენ თუ არა ამჯერად მაინც პოლიტიკური პარტიები ერთი მიზნის გარშემო გაერთიანებას, ძნელი სათქმელია. თუკი ბოლო ერთი წლის გამოცდილებას გავითვალისწინებთ, მრავალი დეკლარაციისა და მემორანდუმის ხელმოწერის შედეგადაც კი ოპოზიციამ ვერ შეძლო მიზნის მიღწევა. თუმცა ამ ეტაპზე ძირითადი ოპოზიციური პარტიები იმედოვნებენ, რომ ყველაფერი გამოვა", - წერს "რეზონანსი".

”9 აპრილისთვის რუსთაველზე მეტალოდეტექტორებს დადგამენ?” - ისმის შეკითხვა შაბათის ”ალიას” სათაურში. პუბლიკაციაში კი ვკითხულობთ:
"კულუარული ცნობით, ხელისუფლებას სურს მკაცრად გაკონტროლდეს საპროტესტო აქციები და იქ მეტალოდეტექტორები დამონტაჟდეს, რათა ვინმემ იქ ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღი არ შეიტანოს. სხვათა შორის, ანალოგიურ ფორმას მიმართეს ჯორჯ ბუშის თბილისში ვიზიტის დროს, თუმცა მაშინ ხალხის იმხელა ტალღა მოაწვა, რომ "ეფ-ბი-აი" იძულებული გახდა, დეტექტორის გავლის გარეშე გაეშვა ხალხი. რამდენად შესაძლებელია ახლა ამის გაკეთება, ძნელი სათქმელია. მით უმეტეს, აქ ხალხი ბუშის სანახავად კი არა, ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე აპირებს მოსვლას და სწორედ პოლიციის კორდონები და ბარიერები შეიძლება იქცეს შეტაკებისა და არეულობის მიზეზად. როგორც "ალიას" განუმარტეს, მეტალოდეტექტორების საკითხი განხილვის სტადიაშია და საბოლოოდ გადაწვეტილი არ არის", - წერს გაზეთი.

ამ თემას ”რეზონანსიც” ეხმიანება. შაბათის მთავარი პუბლიკაციის სათური ამგვარია: ”მზადება 9 აპრილისთვის”.
"ხელისუფლება 9 აპრილისთვის აქტიურ სამზადისზე გადადის. მიმდინარეობს როგორც პოლიციური ძალების გადამზადება და მობილიზება, ასევე, აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზის, ჭავლგამშვები მანქანებისა და სპეცტექნიკის შეძენა - ასეთ განცხადებებს ოპოზიციური პარტიების ლიდერები აკეთებენ. ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლების მიერ აქციის დარბევის ალბათობა საკმაოდ მაღალია. ექსპერტები და ოპოზიცია ამბობენ, რომ ინფორმაცია, რომელიც ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა სახის დასარბევი საშუალებების შეძენას უკავშირდება, შესაძლოა, უბრალოდ, "შემოგდებული" იყოს, ხოლო აქციის დაშლა-არდაშლის საკითხი მისული ადამიანების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული", - წერს "რეზონანსი".

შაბათს პრესა წინა საღამოს რიყეზე გამართულ აქცია-კონცერტს ეხმაურებოდა.
”რა ხდებოდა გუშინ უცნობის კონცერტზე” - ეს ”ალიას” სათაური გახლავთ. ”რეზონანსი” კი წერდა: ”რიყეზე უამრავი, რამდენიმე ათასი ადამიანი იყო შეკრებილი. აქ იყვნენ ყველა თაობის წარმომადგენლები: მცირეწლოვანი, ახალგაზრდა და ასაკოვანი მაყურებელი. იყვნენ ბავშვები, რომლებიც მშობლებს ხელში ჰყავდათ აყვანილი.”

”ახალი თაობა” კი იმაზე მსჯელობს, თუ რატომ დათანხმდა ირაკლი ალასანია 9 აპრილის აქციაში მონაწილეობას. ციტატა პუბლიკაციიდან: ”ფაქტი ის არის, რომ ჩვენში გაწონასწორებული ლიდერები არ უყვართ. ჩვენი საზოგადოება ისეთ ლიდერებს ირჩევს, რომლებიც სკანდალური განცხადებებითა და ხელისუფლების ოსტატური ლანძღვით გამოირჩევიან. ასე რომ, ვისაც საქართველოში მაღალი რეიტინგი უნდა, მიტინგზეც უნდა მივიდეს და მეგაფონში ერთი-ორი მწარე განცხადებაც უნდა გააკეთოს. ამის შესაძლებლობა ირაკლი ალასანიას რამდენიმე კვირაში მიეცემა.”

და კიდევ: ,,9 აპრილს ერი დაინახავს, როგორი მომიტინგეა გაეროში ყოფილი ელჩი. გაწონასწორებულ ალასანიას გაეროში ყოფნისას ხშირად წყობიდან გამოჰყავდა თავისი რუსი კოლეგა, ჩურკინი. ვნახოთ, გამოიყვანს თუ არა თავისი გამოსვლით ის ხელისუფლებას წყობიდან”, - ვკითხულობთ შაბათს ”ახალი თაობაის” პუბლიკაციაში.



XS
SM
MD
LG