Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეგიონალური მედიის მიმოხილვა


მიმდინარე კვირის რეგიონალური მედიის მიმოხილვას კარგი ამბით დავიწყებთ.

ნორვეგიაში დაფუძნებულმა აზრის გამოხატვის თავისუფლების ფონდმა და გერმანულმა ასოციაციამ „Zeit” გაზეთ ”ბათუმელებს“ პრესის თავისუფლების დაცვის ჯილდო მიანიჭა. ამ ჯილდოზე განაცხადების წარდგენა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მედიასაშუალებებს შეეძლოთ. განაცხადების შეფასებისას საგანგებო კრიტერიუმი იყო მედიასაშუალების მიერ მუშაობის გაგრძელება, ზეწოლისა და ფინანსური სიძნელეების მიუხედავად. კომისიისთვის საინტერესო იყო ის მედიასაშუალება, რომელიც რთულ პირობებში არ შეუშინდა ცენზურას და რომელმაც არ მიმართა თვითცენზურას. გაზეთ ”ბათუმელებს“ რეკომენდაცია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაუწია.

ახლა დანარჩენი – არცთუ სასიამოვნო ამბები ისევ და ისევ მედიის შესახებ: მიმდინარე კვირაში კვლავ გაგრძელდა გამოხმაურება ადგილობრივ ხელისუფლებასა და რეგიონალურ ჟურნალისტებს შორის გამწვავებულ ურთიერთობაზე და სიმწვავეს ხარისხი კი არ მოაკლდა, არამედ მოემატა. „გურია ნიუსმა“ გამოაქვეყნა საქართველოს რეგიონალური მედიის ასოციაციის განცხადება, რომელშიც გამოთქმულია პროტესტი რადიო „ჰერეთის“, გაზეთ ”ბათუმელებისა“ და „გურია ნიუსის“ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების გამო. ქუთაისურმა „პოსტ სკრიპტუმმა“ კი გამოაქვეყნა მარიკა ვაჭარაძის სტატია „ნადირობა რეგიონულ ჟურნალისტებზე“. ამ წერილში თავმოყრილია რეგიონალურ ჟურნალისტებზე ზეწოლის ყველა გახმაურებული ფაქტი გასული წლის 13 ნოემბრიდან დღემდე.

გასულ კვირაში უცნაური ამბავი მოხდა ფოთში, სადაც, სავარაუდოდ, გაზეთ „თავისუფალი სიტყვის“ მთელი ტირაჟი ერთმა ადამიანმა – ფოთის საავადმყოფოს დირექტორმა ბადრი შედანიამ - შეიძინა. მიმდინარე კვირაში „თავისუფალმა სიტყვამ“ ეს ამბავიც დაწვრილებით აღწერა და თავიდან ბოლომდე გადმობეჭდა წინა ნომრის სტატიაც, სადაც საუბარი იყო ბადრი შედანიას ცემის ფაქტზე რესტორან „კვიპროსში“. სტატიის ავტორის ელისო ჯანაშიას ინფორმაციით, ბადრი შედანია, რომელიც „ფოთში ახალაიების დე ფაქტო წარმომადგენელია,... არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი, არაადეკვატური საქციელის გამო, დაცვის თანამშრომელმა სცემა“. ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ შედანია ამ ფაქტის ახალაიებისგან დამალვას ცდილობდა, როდესაც გაზეთის წინა ნომრის მთელი ტირაჟი შეისყიდა.

მედიის პრობლემებზე საუბარს ამჯერად გაზეთ ”ბათუმელებში“ გამოქვეყნებული ინფორმაციით დავასრულებთ. ნინო მგელაძის სტატიაში ნაამბობია, როგორ დაიხურა ბათუმის უნივერსიტეტში სამი სტუდენტური გამოცემა. მიზეზი უწყინარია: ამ ჟურნალ–გაზეთებს სტუდენტური თვითმმართველობა აფინანსებდა და მათი დახურვა სწორედ დაფინანსების ამოწურვას დაუკავშირდა. იმის მიუხედავად, რომ ეს ახალგაზრდული მედიასაშუალებები მომავალი ჟურნალისტებისთვის პრაქტიკის მიღების ერთადერთი საშუალება იყო, მათი დახურვა განსაკუთრებულ ინტერესს ვერ გამოიწვევდა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ჯერ კიდევ გასული წლის 20 ივლისს რეგიონალური მედიის მიმოხილვაში რადიო ”თავისუფლების“ მსმენელს ვუამბეთ ბათუმური სტუდენტური გაზეთის „სტუდნიუსის“ შესახებ, რომელშიც ახალგაზრდები თავისუფლად გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს უნივერსიტეტის ცხოვრების მზიანი თუ ჩრდილოვანი მხარეების შესახებ. მაშინვე ვთქვით, რომ სამი ნომრის შემდეგ გაზეთის რედაქტორი ტარიელ ცეცხლაძე უნივერსიტეტის პრესცენტრში დაუბარებიათ და პირდაპირ უთქვამთ, თუ ასე გააგრძელებ, შეიძლება სტუდენტის სტატუსი შეგიწყდესო. მაშინ ჩვენი რადიოს მსმენელს დავპირდით, რომ ამ ახალგაზრდულ გაზეთს თვალყურს საგანგებოდ მივადევნებდით. ჰოდა, ახლა გაუწყებთ, რომ პრესცენტრში გამართული საუბრის შემდეგ გაზეთის არც ერთი ნომერი აღარ გამოცემულა და, ბოლოს, ორ სხვა სტუდენტურ ჟურნალთან ერთად, „სტიდნიუსმაც“ არსებობა საერთოდ შეწყვიტა.



XS
SM
MD
LG