არჩევნები საზოგადოების მოთხოვნა არ არის, ქვეყანას ამის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს და, შესაბამისად, არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს, - თავად ხელისუფლება აქტიურად მუშაობს წინასაარჩევნო რეჟიმში. სახელისუფლებო ტელევიზიების ეთერი გადავსებულია რეკლამებით ქვეყანაში მიმდინარე აღმშენებლობისა და დასაქმების შესახებ. მიხეილ სააკაშვილი კი ლამის ყოველდღე აკეთებს იმას, რასაც არჩევნების წინ აკეთებდა... ხვდება ამომრჩევლებს, გულუხვად იძლევა დაპირებებს და პარალელურად ოპოზიციას აქილიკებს. მოსახლეობაში ინერგება აზრი, რომ ოპოზიციას ქმედითი ლიდერები არ ჰყავს, ამიტომ ხელისუფლებიდან წამოსულ ხალხზე ლამის ტაციაობაა და მათ დასასაკუთრებლად ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს ეჯიბრებიან", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში, სათაურით ”ვინ იქნება ლიდერი?”
ოპოზიციის ლიდერის თემა აქტუალური იყო ქართულ პრესაში მთელი კვირის განმავლობაში.
გაზეთი ”მთელი კვირა” რესპუბლიკელ ივლიანე ხაინდრავასთან ინტერვიუში მას ირაკლი ალასანიას თაობაზეც ესაუბრა: ,,არ ვიცი, რა უთხრეს ირაკლი ალასანიას ვაშინგტონში და ევროპულ პოლიტიკურ წრეებთან შეხვედრების დროს, მაგრამ ცხადია, რომ მოკლე დროის მანძილზე ალასანიამ მიიღო ზღვა წინააღმდეგობრივი ინფორმაცია. ამას გააზრება და დალაგება სჭირდება, ამიტომ მისი მესმის, მაგრამ გულწრფელად არ მინდა მოხდეს ისე, რომ ალასანიამ დააფუძნის თავისი პარტია და ეს პარტია აღმოჩნდეს ერთ-ერთი მათ შორის, რომელიც ამ ბოლო დროს სხვებმა დააფუძნეს, მაგალითად, ბურჯანაძემ და ნოღაიდელმა.... ” -უთხრა გაზეთს ივლიანე ხაინდრავამ და დააზუსტა: ,,ალასანია ამ ხელისუფლებისგან გაცილებით უფრო დისტანცირებული იყო - ფორმალურადაც, არსებითადაც და, თუ გნებვათ, ტიპოლიგიურადაც. ამასთან, დანამდვილებით ვიცი, რომ ალასანიას პოტენციალი, გუნდის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, გაცილებით მაღალია, მაგრამ იგი მაღალია ხარისხობრივი და არა საზოგადოებაში ცნობადობის თვალსაზრისით.”
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემაც ისაუბრა ამ თემაზე გაზეთ "ჯორჯიან ტაიმსისთვის" მიცემულ ინტერვიუში:
"პიროვნულად ცუდს ვერაფერს ვიტყვი ირაკლი ალასანიაზე. რაც შეეხება პოლიტიკურ ფიგურას, ჯერ ამ კუთხით ვერ დავახასიათებ. პოლიტიკოსმა უნდა გაიაროს ტესტ-გამოცდა, ალასანიას ჯერ ეს არ გაუვლია. მით უფრო ძნელია მის ლიდერობაზე ლაპარაკი..."
"თუ პოლიტიკური ნება არსებობს, პოლიტიკოსს ვერავინ აიძულებს, თვალი დაუხუჭოს დანაშაულს. რატომღაც ჩვენი პოლიტიკოსები ხელისუფლებიდან მიდიან, მეორე დღესვე იწყებენ ხელისუფლების კრიტიკას, ლანძღვას. თურმე ქვეყანა წყალს მიჰქონდა და როცა ისინი გაუშვეს, ამას მეორე დღეს მიხვდნენ. ირაკლი ალასანიამ ეს ტრადიცია დაარღვია და ეს მის გაწონასწორებულობასა და ღირსებაზე მეტყველებს", - უთხრა ”ჯორჯიან ტაიმსს” დავით ბაქრაძემ.
”პრემიერ-მინისტრის ბედი ერთ კვირაში გაირკვევა. ყოველ შემთხვევაში, ხუთ დღეში ძალაში შედის კანონი, რომელიც ორი ახალი სამინისტროს ამოქმედებას ითვალისწინებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრემიერმა პარლამენტს დასამტკიცებლად მთავრობის კაბინეტი უნდა წარუდგინოს. ამასთან, იმის გამო, რომ მგალობლიშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ იმყოფება, შესაძლოა, მისი შეცვლის საკითხი დადგეს", - წერდა ორშაბათს "რეზონანსი" სტატიაში, სათაურით: ,,მგალობლიშვილის გადადგომის "ხავერდოვანი" სქემა" .
შაბათს კი გაზეთი ”24 საათი” ასე იწყებს მთავარ პუბლიკაციას:
,,საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს”... და ეს არის 31 იანვრის ქართული პრესის მთავარი თემა. ,,გილაური - ქვეყნის მეხუთე პრემიერი” - ასეთია ”რეზონანსის” პუბლიკაციის სათაური. სტატიაში კი ვკითხულობთ: "პრეზიდენტი ზუსტად ერთი კვირის წინ აცხადებდა, რომ არც პრემიერი შეიცვლებოდა და არც მინისტრთა კაბინეტი. მიუხედავად პრეზიდენტის ამ განცხადებისა, პრემიერი მაინც შეიცვალა და, როგორც მოსალოდნელი იყო, მგალობლიშვილის ადგილი გილაურმა დაიკავა. პარლამენტის მიერ ახალი პრემიერისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ პრემიერმა პარლამენტს მთავრობის კაბინეტი უნდა წარუდგინოს დასამტკიცებლად. პრეზიდენტი ახლაც აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინეტი არ შეიცვლება, მაგრამ ცვლილებებს მაინც ელოდებიან", - წერს "რეზონანსი".
”ალიას” სათაური კი ამგვარია: ,, რატომ მივარდა სააკაშვილი კანცელარიაში და რა მოხდა მგალობლიშვილის მიერ განცხადების გაკეთებამდე ცოტა ხნით ადრე?!” - პუბლიკაციაში ვკითხულობთ: "როგორც "ალიას" სანდო წყარომ კანცელარიიდან აცნობა, გუშინ, დაახლოებით 4 საათისთვის, კანცელარიაში მიხეილ სააკაშვილი დაუგეგმავად მივიდა და მგალობლიშვილს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. "... "საუბრის შემდეგ მალევე მგალობლიშვილმა წასვლის შესახებ განაცხადა. მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მთავრობის სხდომა უნდა გამართულიყო და ის დღის განმავლობაში რამდენჯერმე გადაიდო... მგალობლიშვილს თავად არ სურდა დაქსაქსულ და, ფაქტობრივად, "ცარიელ დარბაზში" სხდომის წაყვანა და სააკაშვილიც სწორედ ამ მოტივით მიიჭრა კანცელარიაში, გინდა თუ არა, მთავრობის პარალიზებას ხელოვნურად ნუ ახდენ და სხდომა წაიყვანეო. მგალობლიშვილს თურმე მაგიდაზე თირკმლის სამედიცინო ტომოგრამები დაუყრია სააკაშვილისთვის, კანცელარიის მე-10 სართულზე დარჩენას არ ვაპირებო. არადა, რამდენიმე დღის წინ მგალობლიშვილ-სააკაშვილის შეხვედრა გამართულა და გადაწყვეტილა კიდეც, რომ მგალობლიშვილი ,,ცოტას კიდევ მოითმენდა”, მაგრამ, როგორც ამბობენ, გუშინ პრემიერ-მინისტრს ნერვებმა უმტყუნა და ნახევრად ცარიელ დარბაზში სხდომის გამართვა კი არა, საკუთარ თანაშემწეს სთხოვა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას დამაკავშირეთ, წასვლის შესახებ განცხადებას ვაკეთებო.... საღამოს 8 საათისთვის სააკაშვილი იძულებული გახდა, მთავრობის სხდომა თავად წარემართა... ” - ვკითხულობთ ”ალიაში”. გაზეთი ასევე წერს, რომ ”მთავრობის წევრები გარკვეულწილად დათრგუნულად გამოიყურებოდნენ, რადგან არავინ იცის, საბოლოოდ ვინ მოხვდება ახალ კაბინეტში, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს 3-დან 15 თებერვლამდე უნდა წარედგინოს.”