Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-საქართველოს გამწვავებული ურთიერთობა კვლავ უმთავრესი თემა იყო მიმდინარე კვირის ქართულ


რუსეთ-საქართველოს გამწვავებული ურთიერთობა კვლავ უმთავრესი თემა იყო მიმდინარე კვირის ქართულ პრესაში.

“ანექსია რკინიგზით შემოდის” - ეს ორშაბათის “24 საათის” სათაური გახლავთ, პუბლიკაციაში კი ვკითხულობთ: ,,აგრესია და მზადება სამხედრო ოპერაციისთვის - ასე შეაფასეს თბილისში რუსეთის ახალი გადაწყვეტილება აფხაზეთში, რკინიგზის აღდგენის მიზნით, რუსი სამხედროების შეყვანის თაობაზე. საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ნაბიჯებისთვის რაიმე ფორმალური გამართლების მოძებნას რუსეთი უკვე აღარ ცდილობს. ”

სამშაბათს “ახალი თაობა” წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.
მომდევნო დღეს კი გაზეთი “24 საათი” მკითხველს ამცნობდა, რომ მიხეილ სააკაშვილსა და დმიტრი მედვედევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ,,ისინი შეთანხმდნენ, რომ აფხაზეთში რუსი "რკინიგზელი" სამხედროების შესვლის, ასევე სხვა მწვავე საკითხების შესახებ საუბარს რამდენიმე დღეში, პირისპირ შეხვედრის დროს, გააგრძელებენ”, - წერს გაზეთი.

შეხვედრა სანკტ-პეტერბურგში შედგა და მის შედეგებზე ქართული პრესა შაბათის პუბლიკაციებში წერდა. ,,მიხეილ სააკაშვილისა და დმიტრი მედვედევის შეხვედრაზე რუსეთმა საკუთარი პრეტენზიები საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ ვრცლად ჩამოაყალიბა”, - ვკითხულობთ “24 საათში”. გაზეთი გაღიმებული პრეზიდენტების ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ორივე ლიდერი ერთმანეთისადმი კეთილგანწყობის დემონსტრირებას ცდილობდა. გაზეთი ასევე წერს, რომ შეხვედრა გუშინ არც პრეზიდენტს და არც მასში მონაწილე დელეგაციის წევრებს არ შეუფასებიათ.

ხუთშაბათს საქართველოში ხავიერ სოლანა ჩამოვიდა. თბილისში, ბათუმსა და სოხუმში გამართული შეხვედრების თაობაზე ”რეზონანსი” წერს: ,, ,,ჩვენ თუ ოპტიმისტები ვიქნებით, უნდა დავინახოთ სერიოზული პროცესების დასაწყისი, სადაც ევროკავშირი საკმაოდ მაღალი მოტივაციით იქნება ჩართული”, - ასე აფასებს პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების უმაღლესი კომისრის - ხავიერ სოლანას - ვიზიტს”, - ვკითხულობთ ”რეზონანსში”.

მთელი კვირის განმავლობაში პრესის უმთავრესი თემა საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა იყო. როდის დაინიშნება ეს სხდომა, მოხდება თუ არა პარლამენტის პიკეტირება, ვინ შევა და ვინ არ შევა პარლამენტში - ეს იყო კვირის მთავარი კითხვები.
,,პარლამენტის პიკეტირების თემამ "გაერთიანებული ოპოზიცია" და "რესპუბლიკელები" ისევ დააცალკევა. ახალი მოწვევის დეპუტატების პარლამენტის შენობაში არშეშვება ამ ორ მხარეს სრულიად განსხვავებულად ესმის. "რესპუბლიკური პარტიის" აზრით, "ამგვარ ქმედებას მიხეილ სააკაშვილი თავის სასარგებლოდ გამოიყენებს და დასავლეთს მიანიშნებს - აი, როგორი მოძალადე ოპოზიცია მყავსო”. "გაერთიანებული ოპოზიციის" წარმომადგენლების მტკიცებით, ისინი პიკეტირებას კანონიერების ფარგლებში მოაწყობენ”, - წერდა ”24 საათი”.

”ახალი თაობა” კი სამშაბათს წერდა, რომ "გაერთიანებული ოპოზიციის" წევრები პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე სავალდებულო ნარკოლოგიურ შემოწმებას გადიან. ეს შემოწმება მთელი კვირის განმავლობაში სერიოზული მსჯელობის საგნად იქცა.

ხუთშაბათს ცესკომ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა. მომდევნო დღეს ”24 საათი” წერდა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ახალი საპროტესტო ტალღის აგორებას აპირებს. ,,აქცია 8 ივნისიდან დაიწყება,- წერდა გაზეთი, - მოვლენათა შემდგომი განვითარება უცნობია, ვინაიდან, ოპოზიციის განმარტებით, პროტესტი რუსთაველზე მანამ გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. ხელისუფლების მხრიდან კი არჩევნების შედეგების გაუქმება ძნელად წარმოსადგენია.” გაზეთი ასევე წერდა, რომ, მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიციის სამოქმედო გეგმები პარლამენტის წევრების შეკრებასა და საპარლამენტო მუშაობის დაწყებას ვერ შეაფერხებს.

მაგრამ მოვლენები მოულოდნელად და ბევრად უფრო სწრაფად განვითარდა.
6 ივნისის საღამოს და ღამით პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო მიტინგის შესახებ უკვე შაბათს დილით უამბობდა მკითხველს ქართული პრესა. ,,მერე სხვა რამე აგტკივდება ძმაო, პარლამენტში თუ შეხვალ, გაიგე? ”- ამ მიტინგზე ნათქვამი სიტყვები აქვს სათაურად ”ალიას” ერთ პუბლიკაციას, ავტორი კი წერს: ”რედაქციიდან სწორედ იმ დროს დამირეკეს, მგონი, ოპოზიცია პარლამენტთან იკრიბებაო, როცა ”კავკასიის” ეთერში დათო აქუბარდიას ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ,,აღსარებას აბარებდა”: რაც საქართველოში მოხდა ბოლო 15 წლის განმავლობაში, ჩემი ბრალი არ არის და ნურაფერში დამადანაშაულებთო. ამ დროს სტუდიაში უცნაური ხმები გაისმა: ”სულ ერთი წუთი მჭირდება, შემოვალ, რა?” ამ დროს შევარდნაძეს აქუბარდია შეწუხებული ხმით ეუბნება : ლევან გაჩეჩილაძეა მოსული, ბატონო ედუარდ, და პირდაპირ ეთერს ითხოვსო. - მერე, მოვიდეს, ეგ კარგი ბიჭია, - უპასუხა შევარდნაძემ აქუბარდიას და რამდენიმე წამში ,,გრეჩიხამ თბილისელებისადმი მოწოდებაც გააკეთა: ამ უსინდისო ხელისუფლებამ ხვალ 10 საათზე დანიშნა პარლამენტის სხდომა და პარლამენტთან მოდითო...” - ვკითხულობთ შაბათის ”ალიაში”.

,, ხელისუფლებამ ხალხი კიდევ ერთხელ მოატყუა. ოპოზიცია სერიოზული მიტინგის ორგანიზებას ვერ ასწრებს”, - წერს შაბათის ”რეზონანსი” სტატიაში ,,საპარლამენტო კუკუდამალობანა”.

,,ახალი პარლამენტის პირველი სხდომა დღეს გაიმართება” - ამგვარია შაბათის ”ახალი თაობის” საერთო ქუდი. შაბათის პრესის ნომრები მკითხველს ხელთ ჰქონდა, როცა საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის სხდომა უკვე მიმდინარეობდა. ამ სხდომის დროს და მის შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ ქართული პრესა უკვე მომდევნო ნომრებში დაწერს.
XS
SM
MD
LG