Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა


მიმდინარე კვირის მთავარი თემები იგივე იყო, რაც გასულ კვირას და მთელი ბოლო თვის განმავლობაში: რუსეთ-საქართველოს დაძაბული ურთიერთობა და არჩევნები.



ამ ორი თემის გაშლის პრიორიტეტებს იოლად შენიშნავდით სხვადასხვა გამოცემის ფურცლებზე. ორშაბათის ”24 საათის” საპირველგვერდე სათაურები ამგვარი იყო: ,,მზადება ინტერვენციისთვის” და ,,სახიფათო ზღვარი”.,,რუსეთმა წინასაომარი პროპაგანდა გაააქტიურა - მოსკოვში აცხადებენ, რომ საქართველო უახლოეს დღეებში საბრძოლო მოქმედებების დაწყებას გეგმავს. მოსკოვი და სოხუმი თავიანთ განცხადებებში განსაკუთრებულ ყურადღებას ზემო აფხაზეთიდან მომდინარე საფრთხეზე ამახვილებენ. ,,რუსული სამხედრო ინტერვენციის საინფორმაციო ფსიქოლოგიური უზრუნველყოფა” - ასეთი ცნება გაჩნდა გუშინ საქართველოს საგარეო უწყების რიტორიკაში”, - წერდა ორშაბათს ”24 საათი” და ეს თემა მთელი კვირის განმავლობაში უკიდურესად აქტუალური იყო და, რა თქმა უნდა, არამხოლოდ ამ გაზეთის ფურცლებზე.

ორშაბათის ”რეზონანსის” საპირველგვერდე სათაურები კი ამგვარი გახლდათ: ”რატომ წავიდა ბურჯანაძე ამერიკაში”, ,,რესპუბლიკური პარტია - ვირჩევთ გონიერ ხელისუფლებას”, ,,ყრილობა, რეკორდულად მცირე აპლოდისმენტებით”, ,,რას გვპირდება ქრისტიანულ-დემოკრატიული ალიანსი”, ,, რა აინტერესებს ამომრჩეველს” და ასე შემდეგ... მოკლედ, აქ, ძირითადად, არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემატიკა იყო წამოწეული.
ეს თემებიც მთელი კვირის განმავლობაში იყო აქტუალური და, რა თქმა უნდა, არამხოლოდ გაზეთ ”რეზონანსში”.

სამშაბათს ”ალია” ამგვარ კითხვებს წამოჭრიდა: ,,რა შიდა გარჩევებია ნაციონალებში?”, ,,სააკაშვილი საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს?” , ,, ზურაბ ტყემალაძე პოლიტიკიდან მიდის?”, ,,ვინ მიაწოდა ეროვნულ საბჭოს ნაციონალის ფარული ჩანაწერი?” - ამ თემას ”ახალი თაობაც” აშუქებს და წერს, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის მიერ ცაგერის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვალერი გიორგობიანის თათბირზე საუბრის აუდიოჩანაწერი, კახა კუკავას განცხადებით, მათ ერთ-ერთმა პოლიციელმა გადასცა. ჩანაწერის მიხედვით, ვალერი გიორგობიანი ცაგერის რაიონის გამგეობაში გამართულ შტაბის სხდომაზე გამგებელს და გამგეობის თანამშრომლებს ავალებს არჩევნებზე ადგილობრივი ხმების 80 პროცენტი მოუტანონ ”ნაციონალურ მოძრაობას”. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სამსახურიდან დათხოვნით ემუქრება.” - ამ თემას ქართული მედია ფართოდ აშუქებდა.

,,მმართველმა პარტიამ გეგმა შეცვალა - არჩევნების მოგების შემთხვევაში პარლამენტის სპიკერი მაჭავარიანი იქნება, ბაქრაძეს კი ძველ ადგილას დააბრუნებენ”, - წერდა გაზეთი ”რეზონანსი”. ”ახალი თაობის” მიხედვით კი, არჩევნების შემდეგ მთავრობის შემადგენლობა რადიკალურად შეიცვლება. სააკაშვილმა გურგენიძის შემცვლელის ძებნა დაიწყო, ნიკა გვარამია კი, სავარაუდოდ, გენერალური პროკურორის სავარძელს დაიკავებს.

მიმდინარე კვირის გაზეთი ,,ვერსია” თითქმის მთლიანად წინასაარჩევნო პრობლემებს მიეძღვნა.

ამასობაში კი რუსეთში პრეზიდენტის ინაუგურაციის დღე დადგა. ,, დღეს რუსეთში ახალ პრეზიდენტს აკურთხებენ, ძველი კი პრემიერის სავარძელს მოირგებს”, - წერდა ოთხშაბათს ”24 საათი”. ხუთშაბათს კი ”რეზონანსი” უკვე რუსეთის სხვა ზეიმსა და გეგმებზე წერდა. ,,რუსეთი, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად, კოდორის ხეობაზე კონტროლის დამყარებისთვის ემზადება”, - აზერბაიჯანული ინტერნეტგამოცემის მიერ გავრცელებული ამ ცნობით იწყება ნომრის მთავარი პუბლიკაცია, სათაურით: ,,ხვალ აფხაზეთში ომი იწყება?”

შაბათს ”24 საათი” ,,უოლ სტრით ჯორნალში” გამოქვეყნებული სტატიის თარგმანს აქვეყნებს, სათაურით ,,საქართველო საფრთხეშია.” პუბლიკაციაში ვკითხულობთ: ,,ვლადიმირ პუტინმა პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დროს გადადგმული უკანასკნელი ნაბიჯით კავკასია ახალი ომის ზღვრამდე მიიყვანა. თავისი პირველი ნაბიჯით პრემიერ-მინისტრის პოსტზე, რომელიც მას შემდეგ მიიღო, რაც მისი პროტეჟე პრეზიდენტად დაამტკიცეს, მას შეუძლია კავკასია ამ ზღვარს გადააცდინოს.”

”24 საათის” შაბათის მთავარი პუბლიკაცია კი, სათაურით,,რუსეთი - არაკეთილსინდისიერი შუამავალი”, ასე იწყება: ,,შეერთებული შტატები საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და რუსეთის ქმედებებს აფხაზეთში პროვოკაციულად მიიჩნევს. რუსეთის გადაწყვეტილებები და ქმედებები მისი, როგორც შუამავლის, მოვალეობას არ შეესაბამება და რუსეთის სამშვიდობო სტატუსის მიმართ კითხვებს აჩენს - ეს აზრი თბილისში მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ არაერთხელ გაიმეორა. ბრაიზა ამერიკელ დიპლომატთა დელეგაციასთან ერთად დღეს სოხუმში მიემგზავრება. კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივას ვაშინგტონი მხარეების უშუალო დიალოგში და საქართველოს სამშვიდობო გეგმების განხორციელებაში ხედავს.”

მეთიუ ბრაიზა თბილისში პარასკევს ჩამოვიდა და იმავე დღეს შეხვდა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციის ლიდერებს - სალომე ზურაბიშვილს, ლევან გაჩეჩილაძეს, დავით გამყრელიძეს და დავით უსუფაშვილს. ამაზე შაბათის ”რეზონანსი” წერს. გაზეთში ვკითხულობთ: ,,უსუფაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საჭირო იყო უფრო მეტი მხარდაჭერა საქართველოსთან მიმართებაში, რათა რუსეთს ამდენი ვერ გაებედა. მისივე თქმით, კიდევ ერთხელ შეთანხმდნენ,რომ საქართველოსადმი მხარდაჭერის გარანტია უნდა იყოს დემოკრატიული არჩევნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო მარტო დარჩება რუსეთის პირისპირ.” - ამ და სხვა შეხვედრების შესახებ შაბათის ”რეზონანსში” ვკითხულობთ.

XS
SM
MD
LG