Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


მიმდინარე კვირის პრესა კვლავ არჩევნების შემდგომი ვნებათაღელვისა და ოპოზიციის მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელების შესახებ წერდა.





უმთავრესი საკითხი კი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაწყებული მოლაპარაკება და დიალოგი იყო.

მიმდინარე კვირას გააქტიურდა საუბარი ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” შესაძლო რეორგანიზაციის შესახებ. ”ვის სთავაზობენ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრობას?” - წერდა ”რეზონანსი” და მკითხველს შესაძლო კანდიდატურების შესახებ მოუთხრობდა. ”ია ანთაძე, ზვიად ქორიძე, ლაშა ტუღუში და სერგი გვარჯალაძე - ეს ის ადამიანები არიან, რომელთა გვარებმაც ოპოზიციის ეროვნული საბჭოს გუშინდელ შეხვედრაზე გაიჟღერა”, - წერდა გაზეთი.

ჯერ კიდევ კვირის დასაწყისში ”რეზონანსის” ერთ-ერთი პუბლიკაციის სათაური ამგვარი იყო: ”სააკაშვილს ინაუგურაციაზე ოპოზიცია სიურპრიზებს უმზადებს”.
უკვე პარასკევს კი გაზეთი წერდა:

”20 იანვარი, შესაძლოა, ახალი 7 ნოემბერი აღმოჩნდეს”. - პუბლიკაციაში საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს დაგეგმილ ღონისძიებებზეა საუბარი. ”რეზონანსი” წერს, რომ კვირას მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის წინ საჯარო ნაწილებისა და სამხედრო ტექნიკის გარემოცვაში დადებს ფიცს, გაერთიანებული ოპოზიცია კი, პარალელურად, ფართომასშტაბიან აქციას გეგმავს. გაზეთი წერს, რომ, თბილისის ვიცე-მერის განცხადებით, ეს აქცია უკანონო იქნება და მას შესაბამისი რეაქცია მოჰყვება, თუმცა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ოპოზიციას ამის უფლება აქვს. ”პასუხისმგებლობას ორივე მხარე ერთმანეთს აკისრებს. მთავარი კი ის არის, რომ, შესაძლოა, აქციის გამო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე დიალოგი ჩაიშალოს”, - წერს ”რეზონანსი”.

შაბათის ”რეზონანსი” კვლავ იმის გარკვევას ცდილობდა, რას გეგმავს ოპოზიცია. სწორედ ამ სათაურით დაიბეჭდა ინტერვიუ ეროვნული საბჭოს წარმომადგენელ გოგა ხაინდრავასთან, რომელმაც გადაჭრით უარყო ხელისუფლებასთან დიალოგის მიმდინარეობა. ციტატა ონტერვიუდან: ,,სამი დღის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან იმის პროპაგანდა მიდიოდა, რომ ოპოზიციასთან დიალოგი, მოლაპარაკება მიმდინარეობს. ამ ურთიერთობას მოლაპარაკება რამდენად შეიძლება დაერქვას, ეს სხვა საქმეა.” ხოლო ”რეზონანსის” კითხვას, თუ რას დაარქმევდა ამ ურთიერთობას, გოგა ხაინდრავამ უპასუხა: ,,მოთხოვნებს, რომლებიც არასდროს შეცვლილა”, და დასძინა: ,,ამ შემთხვევაში, ისევე როგორც აქამდე იყო, ჩვენ ვართ იარაღი, რომლის მეშვეობით ქართველი ხალხი უკან იბრუნებს იმ უფლებებს და ინსტიტუტებს, რომელიც მას ყოველთვის ეკუთვნოდა.”

პრესაში ასევე გააქტიურდა საუბარი იმ კანდიდატურების შესახებ, რომლებმაც, შესაძლოა, ახალი მთავრობის დაკომპლექტების შემდეგ დაიკავონ თანამდებობები. ,,ვინ იქნება განათლებისა და მეცნიერების მინისტრი” - ასეთი იყო კიდევ ერთი სათაური შაბათის ”რეზონანსში”. ქვესათაურში კი გაზეთი სავარაუდო კანდიდატებს ასახელებდა: ,, მათემატიკოსი მომონოშვილი, ისტორიკოსი ჯანაშია, ფილოსოფოსი თევზაძე თუ იურისტი ქურდაძე”. გიგი თევზაძე კი იმავე პუბლიკაციაში ასე უპასუხებს ამ კითხვას: ,,ჩემი აზრით, მინისტრად ის უნდა დარჩეს, ვინც დღეს არის.”

ახალ სახეებზე მსჯელობა შაბათის ”რეზონანსის” სხვა სტატიაშიც გაგრძელდა. ვის დააყრევინებს თავებს სააკაშვილი საპარლამენტო არჩევნების წინ? - კითხულობდა ”რეზონანსი” და ამ კითხვაზე პასუხის გაცემას გაზეთში ამჯერად პაატა ზაქარეიშვილი ცდილობდა. იმავე კითხვაზე შაბათს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნინო ნაკაშიძეც პასუხობდა. ,,არა მგონია, რომ გარკვეული პოსტების შეთავაზებით ოპოზიციას გავაჩერებთ”, - აღნიშნა მან. აი, კიდევ ერთი ამონარიდი ამ ინტერვიუდან: ,,თუ ოპოზიცია ფიქრობს, ბოლომდე მივაწვები, იქნებ გამოვიდესო, ეს შეიძლება კრახით დასრულდეს.ზომიერება ყველგან საჭიროა”, - განაცხადა ნინო ნაკაშიძემ შაბათის ”რეზონანსში”.

ხელისუფლება-ოპოზიციის ურთიერთმიმართებასა და დიალოგზე ინაუგურაციის წინა დღეს ”24 საათიც” წერდა. ,,ხელისუფლება + ოპოზიცია პოლიტიკური პასუხისმგებლობა ნატოს გზაზე” - ასეთი იყო შაბათის მოწინავე სტატიის სათაური, რომელშიც პოლიტიკის ექსპერტთა მოსაზრებებია მოტანილი. სტატიაში ვკითხულობთ: ”ექსპერტების ფრთხილი, მაგრამ ლოგიკური მიდგომა ხაზს უსვამს იმას, რომ თუკი საქართველოში საერთო სახალხო მღელვარების დროს უმართავი პროცესები განვითარდება, ეს დააზარალებს ქვეყნის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკას. ასეთ ვითარებაში კი ჩნდება პასუხისმგებლობის საკითხი.”

,,ელენე თევდორაძე ოპოზიციაში გადადის” - ეს კი უკვე გაზეთ ”ახალი თაობის” შაბათის ნომრის მოწინავე სტატიის სათაური გახლავთ.
XS
SM
MD
LG