Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


მიმდინარე კვირას ქართული პრესა კვლავ საგანგებო ვითარების პირობებში მუშაობდა.

ეს ის კვირა იყო, როცა ქართული საზოგადოება
ოპოზიციისა და ხელისუფლების დიალოგის გაგრძელებას ელოდა. ორშაბათის ,,კვირის პალიტრა” საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის საკვირაო ქადაგებას ბეჭდავს, რომელშიც ილია მეორე მისი ლოცვა კურთხევით დაწყებულ დიალოგსა და მასში მონაწილე ორივე მხარეზე საუბრობს:
,, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა, ჩვენ უნდა ვისწავლოთ საუბარი ერთმანეთთან. შეიძლება განსხვავებული იყოს აზრი ჩვენი მოყვასისა, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს მტრობაში”, - ნათქვამია პატრიარქის საკვირაო ქადაგებაში.

დიალოგის მთავარი თემა კი საგანგებო მდგომარეობის გაუქმება და ტელერადიოკომპანიათა მაუწყებლობის აღდგენა იყო.

გაზეთ ,,მთელი კვირისათვის” მიცემულ ინტერვიუში გიგა ბოკერიამ ამაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: ,,ჩვენ პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვუცხადეთ ამ გადაწყვეტილებას და გვაქვს სურვილი, რომ ეს მდგომარეობა რაც შეიძლება სწრაფად შეიცვალოს ... ზუსტი დროის დასახელება კი ნამდვილად არ შემიძლია. ... შეიძლება ხვალვე გაუქმდეს, შეიძლება რამდენიმე დღეში.”

საგანგებო მდგომარეობის საკითხზე მეთიუ ბრაიზამაც ისაუბრა რადიო ”თავისუფლებისათვის” მიცემულ ინტერვიუში, რომელიც ორშაბათს ”24 საათმა” გამოაქვეყნა. ,, ჩემი მესიჯი გახლავთ სახელმწიფო მდივან რაისის მესიჯი, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ გამოვდივართ მოწოდებით, დაუყოვნებლივ იქნეს შეწყვეტილი საგანგებო ვითარება და მედიის ყველა საშუალებას აღუდგეს მაუწყებლობა”, - ამბობს ბრაიზა.

კვირის განმავლობაში პრესა მეთიუ ბრაიზას პირველ შემაჯამებელ პრესკონფერენციასაც აშუქებდა, სადაც მან ამ მესიჯის შესრულების იმედი გამოთქვა. ცნობილი გახდა აგრეთვე, რომ ბრაიზა თბილისში დარჩა და კიდევ ერთი პრესკონფერენცია მოიწვია, სადაც განაცხადა, რომ კვლავ ცდილობს ეს მესიჯი საქართველოს ხელისუფლებამდე მიიტანოს.

სამშაბათს ქართული გაზეთების მთავარი თემა იყო ლევან გაჩეჩილაძის წარდგენა გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატად. მოგვიანებით გაზეთი ”რეზონანსი” იმის გარკვევას ცდილობდა, როგორ გადანაწილდა ხმები კენჭისყრისას და ვინ უჭერდა მხარს პრეზიდენტობის კანდიდატად დავით უსუფაშვილის დასახელებას. პრესა წერდა გაერთიანებული ოპოზიციის მეორე რჩეულის შესახებაც: ,,სალომე ზურაბიშვილი პრემიერობის კანდიდატია” - იუწყებოდა გაზეთი ”ახალი თაობა”.

ხუთშაბათს გაზეთი ”რეზონანსი” ლევან გაჩეჩილაძესთან ვრცელ ინტერვიუს ბეჭდავს. მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით გაჩეჩილაძე ასეთ კომენტარს აკეთებს: ,,ეს არჩევნები არ არის. ან უნდა იყოს სააკაშვილი და ან უნდა იყოს საქართველო - ჩემთვის საკითხი ასე დგას და, მგონი, ხალხისთვისაც ასეა. სწორედ ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანი და ლოზუნგია: ’საქართველო პრეზიდენტის ინსტიტუტის გარეშე’.”

ხუთშაბათს ”რეზონანსი” პრეზიდენტობის კიდევ ერთ კანდიდატთან, დავით გამყრელიძესთანაც, აქვეყნებს ინტერვიუს. ,,იმედი მაქვს, მე ვიქნები საქართველოში უკანასკნელი პრეზიდენტი”, - ამბობს დავით გამყრელიძე ამ ინტერვიუში.

პარასკევის ”რეზონანსი” სოზარ სუბარის პრესკონფერენციის შესახებ წერდა. ,,ნოემბრის საპროტესტო გამოსვლების რიგით მონაწილეებს სდევნიან. სახალხო დამცველის ცნობით, აქციის მონაწილეებს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირები იტაცებენ, სცემენ და აწამებენ”, - იუწყებოდა გაზეთი ”რეზონანსი”.

გაზეთი ”ყველა სიახლე” კი ბეჭდავს ინტერვიუს სალომე ზურაბიშვილთან, ევროპაში მისი საგანგებო მისიით გამგზავრების წინ. აი, ერთი ამონარიდი: ,,ევროპაში იმისთვის ჩავდივარ, რომ რადიო ”თავისუფლებისა” და ”ამერიკის ხმის” ხელმძღვანელობას მივმართო, რათა გადაცემის დრო გაზარდონ და მათგან შეიტყოს საზოგადოებამ, რა ხდება საქართველოში”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პოლიტოლოგი გია ნოდია გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნებულ ინტერვიუში ”ტელეიმედის” პრობლემასაც შეეხო. მისი აზრით, საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანად ვერ ჩაითვლება, თუ ტელეკომპანია ”იმედი” არ აღდგება. ”რეალობაა, რომ ყველა სხვა ტელეკომპანიაზე ხელისუფლებას თავისი გავლენის ბერკეტები აქვს. მართალია, ხელისუფლებას, შესაძლოა, ”იმედის” დასახურად სამხილები და იურიდიული არგუმენტები აქვს, მაგრამ თუ ჩავთვლით კიდეც, რომ ეს არგუმენტები არის სამართლიანი, საზოგადოებრივმა ინტერესმა მაინც უნდა გადასძლიოს”, - უთხრა გია ნოდიამ ,,საქართველოს რესპუბლიკას”.

პარასკევ საღამოს ტელევიზიით გავრცელებული ჩანაწერებისა და გენერალური პროკურორის მოადგილის გამოსვლის შესახებ შაბათის ”რეზონანსი”აქვეყნებს მოწინავე სტატიას - ,,რითი ამართლებს ხელისუფლება ,,იმედის” დარბევას და დაყადაღებას”. ,, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ შეთქმულების თეორიები ორი ჟურნალისტის პირად უწყინარ საუბარზე ააგო და ცდილობს ეს ტელეკომპანიისა და ოპოზიციის კოორდინირებული მოქმედების მტკიცებულებად წარმოაჩინოს”,- წერს გაზეთი ”რეზონანსი”.

შაბათის ”24 საათში” გამოქვეყნებულ სტატიაში კი ნათქვამია, რომ ,,ნიუს კორპის ვიცე-პრეზიდენტ ენდრიუ ბიტჩერას განცხადებით, ”იმედის” მიმართ წაყენებული ბრალდება თავად რუპერტ მერდოკის დადანაშაულებას ნიშნავს. ტელეკომპანია ”იმედის” გენერალური დირექტორი ლუის რობერტსონი კი აცხადებს, რომ ტელერადიოკომპანიის თანამფლობელმა რუპერტ მერდოკმა ჯორჯ ბუშსა და კონდოლიზა რაისს სთხოვა ზეგავლენა მოახდინონ საქართველოს ხელისუფლებაზე.

”იმედის” თემას ეხმაურება შაბათის ”ალიაც” და ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუს გვთავაზობს. ”ალიას” შეკითხვაზე, პარასკევს რომ ”რეაქცია” ეთერში გასულიყო, რა თემით გაიხსნებოდა, ინგა გრიგოლიამ ასე უპასუხა: ,, რა თქმა უნდა, ამ მოვლენების შეჯამებას გავაკეთებდი. პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ზურაბ ნოღაიდელის მოხსნას და ბიზნესმენ ლადო გურგენიძის დანიშვნას გავაშუქებდი და, რაც მთავარია, დავსვამდი კითხვებს, რომლებიც 7 ნოემბრის შემდეგ გამიჩნდა და ძალიან მაწუხებს.”

ეს მოხსნა და დანიშვნა შაბათის პრესამ გააშუქა. ,,ნოღაიდელი წავიდა და უნდა წასულიყო, მაგრამ არა იმიტომ, რომ ცუდი პრემიერი იყო”, - წერს გაზეთი ”ახალი თაობა”.
,,გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილი მათთან კიდევ ერთ დათმობაზე წავიდა და ნოღაიდელი გადააყენა, თუმცა მათთვის ყოფილი ბანკირის კანდიდატურაც მიუღებელი აღმოჩნდა”, - წერს გაზეთი ”24 საათი”.

,,სააკაშვილმა ერთი ბარტყი უკვე გადააგდო, თუმცა არ არის გამორიცხული იმ ერთს მეორე და მესამე მიაყოლოს”, - წერს გაზეთი ”ალია”.

ამაზე კი ქართული პრესა უკვე მომავალ კვირაში დაწერს...






XS
SM
MD
LG