Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


"გადავრჩით?” ეს იყო დღევანდელი ”რეზონანსის” მთავარი პუბლიკაციიის სათაური და 9 ნოემბრის ქართული პრესის მთავარი თემაც

გუშინ განვითარებული მოვლენები და პრეზიდენტის საღამოს სატელევიზიო გამოსვლა იყო.

როგორ ცხოვრობდა თბილისი და საქართველო საგანგებო მდგომარეობის პირველ დღეს:
,,7 ნოემბრის ღამე სამების ტაძარში თავშეფარებულმა ასობით ადამიანმა ლოცვაში გაათენა. ოთხშაბათის ამბების შემდეგ დედაქალაქი გაოგნებულია. რუსთაველზე უჩვეულო სიჩუმეა, რომელსაც მხოლოდ ჯარისკაცებისა და პოლიციელების საუბარი არღვევს... ’’ ასე იწყება ”რეზონანსის” პუბლიკაცია, რომელიც გუშინ განვითარებულ მოვლენებს აღწერს. აი, კიდევ ერთი ამონარიდი: ,, პარალელურად აქციები იმართებოდა რეგიონებში. ქუთაისში ოპოზიციის მომხრეთა გამოსვლა სასულიერო პირების ჩარევის შემდეგ, საბედნიეროდ, ინციდენტების გარეშე დასრულდა. ბათუმში კი სპეცრაზმმა ხელკეტებითა და ცრემლსადენი გაზით აღკვეთა სტუდენტების მიერ აქციის ჩატარების მცდელობა.
პარლამენტსა და კანცელარიაში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კონსულტაციები, რომლის შედეგიც პრეზიდენტმა 7 საათზე პირდაპირ ეთერში პორადად განაცხადა”, - წერს გაზეთი ”რეზონანსი”.

გაზეთი ”24 საათი” ამ გამოსვლის სრულ ტექსტს პირველ გვერდზე აქვეყნებს.

გაზეთში ასევე ქვეყნდება საქართველოში მიმდინარე მოვლენების საერთაშორისო შეფასებები და ვრცელი ინტერვიუ მარტ ლაართან, ესტონეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან და ამჟამინდელ პარლამენტის წევრთან, რომელიც ერთხანს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველიც იყო ეკონომიკურ საკითხებში. კითხვაზე, რამდენად შეიძლება იქონიოს გავლენა ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა, მარტ ლაარმა უპასუხა, რომ, მისი აზრით, ეს ნაკლებად მოსალოდნელია, ,, იმდენად რამდენადაც, თავად დასავლეთშიც საკმაოდ ხშირია ასეთი ტიპის პოლიტიკური პროცესები.” და კიდევ ერთი ამონარიდი მარტ ლაარის ინტერვიუდან: ,,თქვენ იცით, რომ რუსეთს საკმაოდ ხშირად სჭირდება ხოლმე საგარეო მტრების არსებობა და სწორედ ასეთი როლი შეასრულა გასულ გაზაფხულს ესტონეთმა, თუმცა, სამწუხაროდ, გაცილებით რთული ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში, რომელსაც მუდმივად უწევს მტრის როლის შესრულება რუსეთის წინაშე. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი საქართველოს ინტეგრაცია ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში”, - უთხრა ”24 საათს” მარტ ლაარმა.

,,შალვა ნათელაშვილისა და ცოტნე გამსახურდიას წინააღმდეგ საქმე აღიძრა”,- წერს დღევანდელი ,,ახალი თაობა” .
გაზეთის პირველ გვერდზე კი დიდი ქუდი კვლავ იმას გვამცნობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 5 იანვარს გაიმართება. პუბლიკაციაში ამ ინიციატივაზე პირველი გამოხმაურებებია დაბეჭდილი: ,,პრეზიდენტის ინიციატივა მისაღები აღმოჩნდა რესპუბლიკელებისთვისაც. დავით უსუფაშვილმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილების მიღება დააგვიანა. ზვიად ძიძიგურმა კი ეს ქართველი ხალხის გამარჯვებად მიიჩნია”, - წერს ,,ახალი თაობა”.

დაბოლოს, კვლავ ერთი ამონარიდი გაზეთ ”რეზონანსში” გამოქვეყნებული წერილიდან ,,გადავრჩით?”, რომელიც ასე მთავრდება:
,,პრეზიდენტის გამოსვლამ რეალურად გაანელა ის შიში, რაც საზოგადოებაში 7 ნოემბრის შემდეგ იყო გამეფებული, მაგრამ საქართველოში კვლავ საგანგებო მდგომარეობაა და რამდენ ხანს გაგრძელდება იგი, მხოლოდ დღეს გახდება ცნობილი.

მაგრამ იმის ნიშნები, რომ ხალხი შოკიდან ნელ-ნელა გამოდის, უკვე გამოჩნდა. გუშინ ქაშუეთის ეკლესიაში ერთმა წყვილმა ჯვარი დაიწერა. ქაშუეთში ამბობენ, რომ ეს პირველი მერცხალია და რომ გადავრჩით.” ...




XS
SM
MD
LG