Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


მიმდინარე კვირას ქართულ პრესაში, მოვლენების გაშუქებასთან ერთად, ბევრი მოსაზრება და შეფასებაც დაიბეჭდა.

დღეს რამდენიმე ასეთ ინტერვიუზე შევჩერდებით.

ორშაბათს გაზეთ “24 საათში” გამოქვეყნდა ვრცელი ინტერვიუ თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორ ლევან რამიშვილთან. საგულისხმოა, რომ ეს ინტერვიუ, ყოველგვარი შესავლის გარეშე, პირდაპირ კითხვით იწყება. კითხვა კი ასეთია: რამდენად შეიცავს საფრთხეს ქვეყნის სტაბილურობისათვის დღეს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა – მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება, მწვავე ურთიერთბრალდებები, ოპოზიციის მიერ ფართო საპროტესტო მოძრაობის შექმნის მცდელობა? ლევან რამიშვილის პასუხი მოკლე იყო: ,,მე ამ სიტუაციაში ვერც რაიმე სიახლეს ვხედავ და ვერც საფრთხეს. ეს არის პატარა ქარიშხალი ჭიქაში.” ოპოზიციის ერთ-ერთ უმთავრეს მოთხოვნაზე - არჩევნები იმ ვადებში ჩატარდეს, რომელსაც კონსტიტუცია შესწორებამდე ითვალისწინებდა, ლევან რამიშვილი მოულოდნელად ამბობს, რომ პირადად იგი მიესალმებოდა, თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სულაც მომავალ თვეში, ნოემბერში, ჩატარდება: ,,თუ ხელისუფლება ვადამდელი არჩევნების გადაწყვეტილებამდე მივა, უპრიანი იქნება, ვივარაუდოთ, რომ ეს არჩევნები მისთვის ხელსაყრელ დროს ჩატარდება - მაშინ, როდესაც მმართველ პარტიას აშკარა უპირატესობა აქვს და დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება შეუძლია. ახლა სწორედ ასეთი დროა”, – ამბობს ლევან რამიშვილი “24 საათისათვის” მიცემულ ინტერვიუში.

კვირის დასაწყისშივე გაზეთ “კვირის პალიტრაში” გამოქვეყნდა ინტერვიუ საქართველოში ამერიკის ელჩთან, ჯონ ტეფტთან. აი, რამდენიმე ამონარიდი ამ ინტერვიუდან: ,,დღეს საქართველოში სიტუაცია აშკარად დაძაბულია”, - აცხადებს ამერიკის ელჩი. – “გამოთქმული ბრალდებები ბოლომდე და სამართლიანად უნდა იქნეს გამოძიებული”; “მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებები იყოს გამჭვირვალე”; “საქართველოსთვის უაღრესად სასარგებლოა, ჰქონდეს ინფორმაციის სხვადასხვა წყარო და ტარდებოდეს თავისუფალი დებატები, რათა საზოგადოებას თავისუფლად შეეძლოს მიმდინარე პროცესების გაანალიზება და გადაწყვეტილების მიღება”; ,,თავისუფალი მედია სასიცოცხლო როლს თამაშობს ქვეყნის დემოკრატიულ ცხოვრებაში”.

საქართველოში მიმდინარე მოვლენების შეფასება იყო ასევე პუბლიკაციაში, რომელიც პარასკევს გაზეთ “24 საათში” დაიბეჭდა. ინტერვიუს სათაურია ,,მალე გაზაფხული მოვა” და მასში პრესის ომბუდსმენი ნოდარ ლადარია პოლიტოლოგ დავით აფრასიძეს ესაუბრება. სხვასთან ერთად, ამ ვრცელ პუბლიკაციაში ზემოთ ნახსენები ორი ინტერვიუს გამოძახილსაც შეხვდებით.
ნოდარ ლადარიას ერთ-ერთი კითხვა ამგვარი იყო: - როგორ გესახება ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური ვითარების საერთაშორისო კონტექსტი, როგორი შეიძლება იყოს შეფასებები: “დიდი დაძაბულობა” თუ ,,ქარიშხალი პატარა ჭიქაში”? დავით აფრასიძე მრავალმხრივ განიხილავს ამ პრობლემას და, სხვათა შორის, ამბობს: ,,ქართულ პრესაზე დაყრდნობით ძალიან გაჭირდება საერთაშორისო კონტექსტზე რაიმე სანდო აზრის შექმნა. მაგალითად, ამერიკის ელჩმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ოქრუაშვილს ამერიკელებისათვის არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებია. დიპლომატიურად ეს ნიშნავდა შემდეგს: თუ კაცი ხუთიდან ერთს ტყუის, დანარჩენი ოთხიც ტყუილია. ამის შემდეგ ძალიან ძნელია წარმოიდგინო, რომ იგივე ადამიანი, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, შექმნილ ვითარებას ახასიათებს როგორც დიდ დაძაბულობას. ქართულ პრესასთან ჩემი ურთიერთობაც ადასტურებს იმას, რომ ხანდახან რესპონდენტმა შეიძლება საკუთარი თავი ვერ იცნოს გამოქვეყნებულ ინტერვიუში”, – აღნიშნავს დავით აფრასიძე.

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეძღვნება შაბათის “რეზონანსში” გამოქვეყნებული კიდევ ერთი ინტერვიუ. ამჯერად გაზეთმა კითხვებით პოლიტიკის ექსპერტს გია ნოდიას მიმართა პუბლიკაციაში, სათაურით ,,საქართველოში დღეს ნახევრად დემოკრატიული რეჟიმია.” გია ნოდია აღნიშნავს: ,,იმ ანალიტიკოსების აზრით, ვინც, ასე თუ ისე, მეცნიერულად აფასებს ამ საკითხებს, საქართველოში არის ნახევრად დემოკრატია - არის დემოკრატიის ინსტიტუციონალური საფუძვლები, მაგრამ, ამავე დროს, არის სერიოზული დეფექტები დემოკრატიაში. ამას ჰიბრიდულ რეჟიმს უწოდებენ. ეს არის დემოკრატიისა და ავტორიტარიზმის ჰიბრიდი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენთან დემოკრატია აღარ იქნება, მაგრამ უახლესი წარსულის ეპიზოდი, უბრალოდ, არ იყო ნაბიჯი დემოკრატიისაკენ. ეს იყო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება პოლიტიკის სამსახურში. ამან ხალხს ხელისუფლების მიმართ ნდობა დააკარგვინა. შეიძლება ვცდები, მაგრამ, საბოლოოდ, ამით ვერც ოპოზიცია იხეირებს. ხალხი, ფაქტობრივად, არავის ენდობა”, – განაცხადა გია ნოდიამ შაბათს გაზეთ “რეზონანსისათვის” მიცემულ ინტერვიუში.

XS
SM
MD
LG