Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა როლს ასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ცხოვრებაში


საქართველოს მთავრობაში განხორციელებული ცვლილებები საქართველოს ეროვნულ ბანკსაც შეეხო. ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე გადადგა,

ხოლო მის შემცვლელად ფინანსთა ყოფილი მინისტრის ლექსო ალექსიშვილის კანდიდატურა დასახელდა. ამ დღეებში ბევრი კითხვა გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა ალექსიშვილი მთავრობისგან დამოუკიდებელი ფიგურა. როგორი იყო დღემდე წინამორბედი პრეზიდენტების დამოუკიდებლობის ხარისხი და, საერთოდ, რა როლს ასრულებდა ეროვნული ბანკი ქვეყნის ცხოვრებაში?

საქართველოს ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი სტრუქტურაა და მის პრეზიდენტს 7 წლის ვადით ეროვნული ბანკის საბჭო ირჩევს. კანონმდებლობის მიხედვით, სწორედ ეს არის გარანტი იმისა, რომ მთავრობა ეროვნული ბანკის საქმიანობაზე გავლენას ვერ მოახდენს. სხვაგვარად ფიქრობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომელმაც მთავრობის მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე დასახელებული კანდიდატურა დაიწუნა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”ჩემი დამოკიდებულება იმ კანდიდატურის მიმართ, რომელიც წარმოდგენილია ეროვნული ბანკის პრეზიდენტად, არის უარყოფითი. არა იმიტომ, რომ პირადად ლექსოს მიმართ მაქვს უარყოფითი დამოკიდებულება - მასთან ვთანამშრომლობდი, როგორც ფინანსთა მინისტრთან, მაგრამ მიმაჩნია, რომ ბატონი ლექსო ვერ იქნება ბოლომდე დამოუკიდებელი პრეზიდენტი.”(სტილი დაცულია)

დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული პრეტენზიები საკუთარი განცხადების საფუძველზე გადამდგარი რომან გოცირიძის მისამართითაც ისმოდა ხოლმე, ძირითადად, ოპოზიციის მხრიდან. მას მთავრობის ინტერესების შესაბამისად ლარის კურსის ხელოვნურად გამყარებას და ამ გზით ინფლაციის მაჩვენებლების შემცირებას უჩიოდნენ. საპარლამენტო უმრავლესობა კი რომან გოცირიძის მაღალ ხელფასსა და ეროვნული ბანკის საცავებში აღმოჩენილ დარღვევებზე მიანიშნებდა. მიუხედავად ამისა, რომან გოცირიძე პრინციპულ საკითხებზე არასდროს მორიდებია მთავრობასთან დაპირისპირებას.

[რომან გოცირიძის ხმა] ”რაღაც სფეროები უკვე გადაინაწილეს და დარჩა კუნძულივით საბანკო სფერო...”

ეს განცხადება რომან გოცირიძემ რადიო ”თავისუფლებასთან” ინტერვიუში ერთი წლის წინ გააკეთა. მას, კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე კიდევ 5 წელი უნდა ემუშავა,
მაგრამ მთავრობისგან დამოუკიდებელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტი მაინც ვაკანტური გახდა მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ ცვლილებებთან ერთად.

ეკონომიკის ექსპერტის ნიკო მჭედლიშვილის აზრით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტებზე მთავრობა ყოველთვის ახდენდა ზეგავლენას და ამის მაგალითად მას რომან გოცირიძის თანამდებობიდან საკუთარი ნებით გადადგომა მოჰყავს:

[ნიკო მჭედლიშვილის ხმა] ”ის დარწმუნებული იყო აბსოლუტურად, რომ 7 წელი იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მას დააწერინეს განცხადება - ეს ყველამ იცის. და, აქედან გამომდინარე, ბერკეტები არის უამრავი. ვინც ვერ შეასრულებს მთავრობის სურვილებს, იმასაც ასე გაუშვებენ.”

მისი აზრით, მთავრობის ინტერესები, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გარდა, ამა თუ იმ ბანკისთვის ლიცენზიის მინიჭებას ან ბანკების ზედამხედველობაში ჩარევას შეიძლება უკავშირდებოდეს. ამ სფეროებში ეროვნული ბანკის საქმიანობა არაერთხელ გამხდარა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შექების საფუძველი. საქართველოში საბანკო სფერო ერთ-ერთი სწრაფად მზარდი და მომგებიანი ბიზნესია, ხოლო ინფლაციური პროცესები - რეგულირებადი, რაც ეროვნული ვალუტის კურსის სიმყარეს განაპირობებს. გარდა ამისა, ეროვნული ბანკის აქტივებს შორის ექსპერტები გამოყოფენ ერთ მილიარდ დოლარამდე გაზრდილ სავალუტო რეზერვებს და საბანკო სისტემისადმი მოსახლეობის ნდობის ხარისხის მაღალ მაჩვენებელს.
XS
SM
MD
LG