Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


გასული კვირა გაზეთმა "მთელი კვირა" კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძესთან ინტერვიუთი დაიწყო.

ინტერვიუში, კონფლიქტებთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებთან ერთად, დავით ბაქრაძე ცხინვალის სტატუსის განმსაზღვრელ კომისიასაც შეეხო და აღნიშნა: "როგორც მინისტრი, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ცხინვალის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის კარი ღიაა ყველასათვის." კომისიის შემადგენლობაზე ორშაბათს საუბარი იყო გაზეთ "ახალ თაობაშიც", სადაც პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლიახვის ხეობიდან, გურამ ვახტანგიშვილმა, განაცხადა: "ცხინვალის რეგიონიდან ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი - მეორე მოწვევის მაჟორიტარი დეპოუტატი - მე ვარ, ვინც ხალხმა ამირჩია. წესით, კომისიაში უნდა ვიყო, მაგრამ დღევანდლამდე ამის თაობაზე ჩემთვის არავის შეუტყობინებია. ისე განაცხადეს, კარი ყველასთვის ღია იქნებაო. წევრობასა და კარღიაში შესულს შორის განსხვავებაა.”

”კვირის პალიტრა” მკითხველს ამჯერად საქართველოში არსებული ვითარების სოციალურ ფსიქოლოგიურ ასპექტებში განხილვას სთავაზობს. აკადემიკოს შოთა ნადირაშვილთან ინტერვიუში ვკითხულობთ: "ჩვენ ერი ვართ და ეროვნულობის განცდა გვჭირდება. ჩვენ არა მხოლოდ ერთმანეთის წინაშე ვართ პასუხისმგებელი, არამედ ისტორიის, წინაპრების, კულტურისა და, რაც მთავარია, მომავლის წინაშე ვაგებთ პასუხს. სანამ ეს განცდა არ დამკვიდრდება, ყველანაირი მცდელობა ამა თუ იმ ფორმით სახელმწიფოს შექმნისა მარცხით დასრულდება."

საქართველო-რუსეთის ურთიერთობა ტრადიციულად აქტუალური იყო გასული კვირის ქართულ პრესაში.
31 ივლისის ”24 საათის” სტატიაში "რუსული პოლიტიკის ოლიმპიური ჩარჩოები”, რომელშიც ამ მიმართულებით მოსკოვის გეგმებზეა საუბარი, აღნიშნულია, რომ ეს გეგმები პირველად რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ჟუკოვმა გაახმიანა. "მისი განცხადებით, სოჭის ოლიმპიადის ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესში აფხაზეთიც იქნება ჩართული,” - ვკითხულობთ გაზეთში. 2 აგვისტოს კი "24 საათი" წერდა: "რუსული ნავთობკომპანიების კრემლთან მიერთება დასრულებულია... ექსპერტები უკვე დარწმუნებით საუბრობენ 2012 წელს პუტინის "მეორედ მოსვლის შესახებ".

ოთხშაბათის ”რეზონანსი” საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების აგვისტოში სავარაუდო შეხვედრაზე წერდა: "როგორც "რეზონანსისათვის" გახდა ცნობილი, სააკაშვილი მზადაა შეხვდეს თავის რუს კოლეგას. სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დავით ბაქრაძე ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ ქართული მხარე ყოველთვის მზადაა რუსეთთან დიალოგისთვის.”

შუა კვირაში გაირკვა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა აღარ აღდგება, შაბათს კი გაზეთი ”რეზონანსი” წერდა მოსკოვში გაკეთებული განცხადებების შესახებ, რომელთა მიხედვით, ქართველებს თავად არ სურთ რუსეთში ქართული ღვინის დაბრუნება და საჰაერო მიმოსვლის აღდგენა.

საქართველოს პირდაპირ არა, მაგრამ კანადასა და ამერიკას კი ნამდვილად უკავშირდება სენსაციური ცნობა, რომლის თანახმადაც, რუსეთმა ჩრდილოეთ პოლუსის ქვეშ, ოკეანის ფსკერზე, რუსეთის სახელმწიფო დროშა მოათავსა და ჩრდილოყინულოვანი ოკეანის 45% -ს ითხოვს.

"რუსეთსა და დასავლეთს შორის მეოცე საუკუნეში დაწყებულმა ტერიტორიულმა დავამ ამ დღეებში ახალი გაქანება მიიღო. დავის საგანი ჩრდილოყინულოვანი ოკეანის ფსკერი გახლავთ, რომელიც, ექსპერტთა შეფასებით, სავარაუდოდ, დიდი რაოდენობით ენერგორესურსებს შეიცავს", - წერს შაბათის ”რეზონანსი”.

გაზეთი ”24 საათი” კი ვრცელ პუბლიკაციას უძღვნის ამ თემას, სათაურით "პოლარული იმპერიალიზმი”.

შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს, რომ ქართული 60 მილიმეტრიანი ნაღმმშენი "მუმუ" ისრაელში გამოცდას გადის - ამის შესახებ შაბათის ”რეზონანსი” მოუთხრობს მკითხველს. "კლასიკური სქემის ნაღმმშენი, გამოცდის წარმატებულად ჩაბარების შემთხვევაში, ისრაელის ქვედანაყოფების შეიარაღებაში შევა,” - წერს გაზეთი და წამოჭრის კითხვას: "შეუძლია თუ არა საქართველოს გახდეს იარაღის მწარმოებელი ქვეყანა?"

გაზეთი "კვირის ქრონიკა" კი კვირის დასაწყისიდანვე სოციალურ პრობლემებზე ამახვილებდა ყურადღებას. "პური აღარასოდეს გაიაფდება” - ამ სათაურით გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში პურის დღევანდელ ფასსა და მოსალოდნელ შემდგომ გაძვირებაზეა საუბარი. "ეს პროცესი ვერ შეჩერდება... ზუსტად გათვლა ძნელია, მაგრამ, ჩემი აზრით, პურის წარმოებამ რომ იმუშაოს, არ შეამციროს წონა, არ გააფუჭოს ხარისხი და რენტაბელური გახდეს, პურის ფასი 70-80 თეთრი უნდა გახდეს", - ასეთ პროგნოზს აკეთებს ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ "კვირის ქრონიკისათვის” მიცემულ ინტერვიუში.

3 აგვისტოს ქართული პრესა ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე საქართველოს ომბუდსმენის დასკვნის შესახებ წერდა. გაზეთ "24 საათის” მიხედვით: "ბათიაშვილისათვის გამოტანილი განაჩენი დაუსაბუთებელია და არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებებს, - ასეთია სახალხო დამცველის დასკვნა.”

პარასკევს თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი მე-5 საპყრობილის წინ შეიკრიბა. მათ საქართველოს სასამართლოსა და პენიტენციალურ სისტემაში შექმნილ ვითარებას საგანგაშო უწოდეს და საერთო მემორანდუმი მიიღეს. შაბათს ამ მოვლენას ასე აფასებდა გაზეთი "ახალი თაობა": "არჩევნებამდე წელიწად-ნახევრით ადრე ოპოზიციური პარტიების თითქმის სრული შემადგენლობის ერთად გამოჩენა, ექსპერტთა ნაწილის აზრით, შეიძლება წინასარეპეტიციო ეტაპი იყოს.”
XS
SM
MD
LG