Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


გაზეთ ”რეზონანსის” ყოველკვირეული დამატება ,,მთელი კვირა” დღევანდელ პრობლემებზე საუბარს იწყებს შეკითხვით - ,,რა იქნება პრიორიტეტი კონფლიქტების მოწესრიგებისთვის?”

და პირველ გვერდზე კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. აი, რამდენიმე ამონარიდი ამ ინტერვიუდან: ,,პირველ რიგში, ევროკავშირთან და ევროპულ სახელმწიფოებთან უფრო აქტიურად მუშაობას ვგეგმავთ მათი მოზიდვის თვალსაზრისით, რათა ევროკავშირი უფრო აქტიურად ჩაერთოს კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესში...”,,არ ვფიქრობ, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ის თემა, რომელზეც შეიძლება შიდაპოლიტიკური დაპირისპირება...”,, როგორც მინისტრი, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ცხინვალის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის კარი ღიაა ყველასათვის.” ამ და სხვა პრობლემებზე საუბრობდა დავით ბაქრაძე გაზეთ ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

კომისიის შემადგენლობაზე საუბარი იყო ორშაბათის ”ახალ თაობაშიც”, სადაც პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან ლიახვის ხეობიდან, გურამ ვახტანგიშვილთან, ინტერვიუ დაიბეჭდა. კითხვას, იქნება თუ არა კომისიის შემადგენლობაში, მან უპაუხა: ,,არ ვიცი კომისიაში ვიქნები თუ არა, ცხინვალის რეგიონიდან ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი - მეორე მოწვევის მაჟორიტარი დეპოუტატი - მე ვარ, ვინც ხალხმა ამირჩია. წესით, კომისიაში უნდა ვიყო, მაგრამ დღევანდლამდე ამის თაობაზე ჩემთვის არავის შეუტყობინებია. ისე განაცხადეს, კარი ყველასთვის ღია იქნებაო. წევრობასა და კარღიაში შესვლას შორის განსხვავებაა. აზრის გამოთქმის უფლება ყველას ექნება, მაგრამ კომისიის წევრის სტატუსი სხვაა,” - აღნიშნა გურამ ვახტანგიშვილმა ინტერვიუში.

დღევანდელი ,,მთელი კვირა” ხელისუფლებაში მოსალოდნელ საკადრო გადაადგილებებზეც საუბრობს.,,ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გადადგომის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა დაწერილი, ვიდრე პარლამენტი მისი ანგარიშის შესახებ დადგენილებას კენჭს უყრიდა. დღეს სამთავრობო წრეებში იმაზე საუბრობენ, რომ მისი განცხადება უკვე დაკმაყოფილებულია, მის ადგილს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე დაიკავებს. კომიტეტის თავმჯდომარე კი, ჩვენი ინფორმაციით, გიგა ბოკერია იქნება,” - წერს დღევანდელი ,,მთელი კვირა”.

გაზეთ ”24 საათის” მთავარი თემა კი იყო სიღნაღის რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპის დასრულებასთან დაკავშირებული ზეიმი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრო. მისი სიტყვებით: ,,ასეთი დიდი მშენებლობა მრავალი ათეული წლის განმავლობაში არ ყოფილა. ის, რაც სიღნაღში ხდება, არის საჩუქარი საქართველოს მომავლისთის,” - ვკითხულობთ გაზეთ ”24 საათში”.

,,პური აღარასოდეს გაიაფდება” - ამ სათაურით აქვეყნებს პუბლიკაციას გაზეთი .,,კვირის ქრონიკა”, რომელშიც პურის დღევანდელ ფასსა და მოსალოდნელ შემდგომ გაძვირებაზეა საუბარი. ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი ასეთ კომენტარს აკეთებს ამ პრობლემასთან დაკავშირებით: ,,ეს პროცესი ვერ შეჩერდება - ან კიდევ უფრო გაძვირდება პურის ფასი, ან სხვა მეთოდები გამოიძებნება და წონის შემცირების ან ხარისხის ხარჯზე ამოიღებენ დანაკლისს. ზუსტად გათვლა ძნელია, მაგრამ, ჩემი აზრით, პურის წარმოებამ რომ იმუშაოს, არ შეამციროს წონა, არ გააფუჭოს ხარისხი და რენტაბელური გახდეს, პურის ფასი 70-80 თეთრი უნდა გახდეს.” - ასეთ პროგნოზს აკეთებს გია ხუხაშვილი გაზეთ ”ალიასათვის” მიცემულ ინტერვიუში.

გაზეთი ”კვირის პალიტრა” კი მკითხველს სთავაზობს აკადემიკოს შოთა ნადირაშვილთან ინტერვიუს, სადაც საქართველოში არსებული ვითარება ამჯერად სოციალურ ფსიქოლოგიურ ასპექტებშია განხილული.,,ჩვენ ერი ვართ და ეროვნულობის განცდა გვჭირდება. ჩვენ არა მხოლოდ ერთმანეთის წინაშე ვართ პასუხისმგებელი, არამედ ისტორიის, წინაპრების, კულტურისა და, რაც მთავარია, მომავლის წინაშე ვაგებთ პასუხს. სანამ ეს განცდა არ დამკვიდრდება, ყველანაირი მცდელობა ამა თუ იმ ფორმით სახელმწიფოს შექმნისა, მარცხით დასრულდება,” -ამბობს შოთა ნადირაშვილი ,,კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში.


XS
SM
MD
LG