Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


დღევანდელი პრესა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სტატუსზე სამუშაოდ სახელმწიფო კომისიის შექმნას

ეხმაურება. ”24 საათი”: ”საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარების გზაზე”, - წერს გაზეთი და განაგრძობს: ”როგორც ირკვევა, სპეციალურ სახელმწიფო კომისიას მუშაობის დაწყება ნულიდან არ მოუწევს: ქვეყნის ლიდერის განცხადებით, სახელმწიფო კანცელარიაში უკვე შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც ცხინვალის საკითხზე მუშაობს და დროებით ადმინისტრაციასთან მართავს მოლაპარაკებებს.”

”საქართველოს რესპუბლიკა” ამავე თემაზე ექსპერტ მამუკა არეშიძეს ესაუბრა. ავტორი წერს: ”მამუკა არეშიძემ, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ საკითხზე თავად გახსნა კარტი: ”სანაკოევის მხარდაჭერის იდეა ხელისუფლებას კი არ ეკუთვნის, არამედ საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს. ეს მათი სოციალური შეკვეთა იყო, თავადვე გაახმაურეს, შემდგომ სანაკოევს მხარი დაუჭირეს და მოხდა ეს ამბავი. ასე რომ, ზემოხსენებული კომისიის შექმნის დროს მთავრობას ხელს არავინ უშლიდა პატივი ეცა ამ ხალხისთვის და ეთქვა, ჩვენ ამას და ამას ვაპირებთ და ხომ არ ჩაერთვებითო.” ამას გარდა, არეშიძე ფიქრობს, რომ ”დასადგენი არაფერია, რადგან საქართველოს პრეზიდენტმა მაღალი ტრიბუნიდან უკვე განაცხადა, როგორი ავტონომია უნდა ჰქონდეს ამ რეგიონს. ერთადერთი, რაზეც შეიძლება მსჯელობა, სახელწოდებაა, მაგრამ აქ არის ერთი ”მაგრამ”... საზოგადოებრივმა მსჯელობამ შეიძლება უარყოფითი რეაქცია გამოიწვიოს ”აქეთ-იქით” მცხოვრებ ოსებსა და ქართველებს შორის”, - ამბობს არეშიძე ”საქართველოს რესპუბლიკასთან” ინტერვიუში და დასძენს, რომ რეგიონის სახელისა და სტატუსის მიმართ მთავრობას ”მომზადებული დამოკიდებულება” უნდა ჰქონდეს.

დღევანდელი გაზეთები წერენ სარეიტინგო კომპანია ”ფიტჩ რეიტინგის” მიერ საქართველოსთვის ”ბი-ბი-მინუს” რეიტინგის მინიჭებისა და ამ მოვლენის საქართველოს მთავრობის მიერ აღნიშვნის შესახებ. ”რა ჯანდაბაა ”ბი-ბი-მინუს” რეიტინგი? ტყუილების კასკადი მთავრობის სხდომიდან”, - პირველ გვერდზე გამოაქვს სათაური ”ალიას”. ”ახალი თაობა” კი წერს: ”ავტორიტეტული რეიტინგები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის სტაბილურობის იმიჯის გამყარებაშიც და ინვესტიციების მოზიდვაშიც, რის გამოც მთავრობა, შესაძლოა, მართლაც იმსახურებს შექებას. ნოღაიდელის გუნდმა მოახერხა სახელმწიფო ვალის შემცირება, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპების გაუმჯობესება, სტრუქტურული რეფორმების გატარება და პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვა, რამაც ასახვა პოვა ”ფიტჩ რეიტინგის” დასკვნაში. მაგრამ არ მოხდა მთავარი - ის, რაც გაკვრით ახსენა პრეზიდენტმა: საქართველოს თითოეულ მოქალაქეს არ უგრძვნია პროგრესი, არ დაუნახავს ის, რაც დაინახეს ”ფიტჩ რეიტინგის” ექსპერტებმა და, შესაბამისად, არანაირად არ აწუხებს, მინუსი მოაჭამა ბენდუქიძემ საზეიმო ტორტს, პლუსი თუ ფესვი”, - წერს ”ახალი თაობის” მიმომხილველი.

”რეზონანსი”, ფრაქცია ”მრეწველების” წევრ გიორგი ცაგარეიშვილზე დაყრდნობით, იუწყება, რომ შემოდგომაზე ახალი ოპოზიციური პარტია შეიქმნება. ცაგარეიშცილი ინტერვიუში ამბობს: ”ყველაფერი შემოდგომით გაირკვევა. ეს ის დროა, როცა შეიძლება ახალი პარტიის კონტურები შეიქმნას. არ გამოვრიცხავ იმას, რომ აქტიური მონაწილე ვიყო ამ მოვლენების. ამჟამინდელი ჩემი მდგომარეობით უკმაყოფილო ვარ. ჩემი მდგომარეობა არანაირად ხელს არ მაძლევს და ამის შესახებ ყველამ იცის”, - ამბობს გიორგი ცაგარეიშვილი ”რეზონანსთან” ინტერვიუში.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG