Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირა ქართულ პრესაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სააღდგომო


გასული კვირა ქართულ პრესაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეთი დაიწყო.

გაზეთმა ,,კვირის პალიტრამ” სრულად გამოაქვეყნა ეპისტოლეს ტექსტი. მრავალ საჭირბოროტო პრობლემასთან ერთად, კათალიკოს-პატრიარქი ამჯერად გლობალურ საკითხებზეც ამახვილებს ყურადღებას: ,,მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს რომ არ ჩამოვრჩეთ, საჭიროა ინფორმაციის ფლობა და ანალიტიკური აზროვნება, მით უმეტეს, დიდი სახელმწიფოების დაინტერესების სფეროში მყოფი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა...” - ვკითხულობთ სააღდგომო ეპისტოლეში. და მართლაც, უკვე ეს კვირა განსაკუთრებით იყო დატვირთული საერთაშორისო მოვლენებით, რომლებიც საქართველოს უკავშირდება.

ორშაბათსვე ქართული პრესა 10 აპრილს დაგეგმილი გაეროს უშიშროების საბჭოს კონსულტაციების მოლოდინზე წერდა: ,,გაერო, სამწუხაროდ, ალბათ, არ დააკონკრეტებს 11 მარტს ზემო აფხაზეთზე თავდამსხმელ მხარეს..” - ვკითხულობთ ,,კვირის პალიტრაში”.

სამშაბათს გაზეთი “რეზონანსი” აფხაზეთის კონფლიქტის მიმართ გაეროს უშიშროების საბჭოს დამოკიდებულებას მიმოიხილავს და გაეროს გენერალური მდივნის ბოლო ანგარიშზე წერს: “როგორც ჩანს, დღეს კონფლიქტების მოგვარების საკითხი ახალ ეტაპზე გადადის. აშკარაა, რომ პან გი მუნმა მიზნად გაეროს იმიჯის გამოსწორება დაისახა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ გაეროს არც ერთი მნიშვნელოვანი რეზოლუცია (ისეთი, როგორიცაა აფხაზეთში დევნილთა დაბრუნება) საქართველოსთან მიმართებაში არ შესრულებულა და არც გაეროს მოუკლავს თავი რაიმეს მოთხოვნით, შესაძლოა, ეს რეზოლუცია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდეს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის საკითხში.”

გაეროს უშიშროების საბჭოს 10 აპრილის სხდომას ხუთშაბათის “24 საათი” უბრუნდება. პუბლიკაციაში, სათურით ,,რუსულ-ამერიკული კონფლიქტი”, ვკითხულობთ: “2006 წლის ოქტომბერში გაეროს უშიშროების საბჭოში აფხაზეთის კონფლიქტის საკითხზე მორიგ რეზოლუციაზე მსჯელობა ჩრდილო კორეის მიერ რაკეტების გამოცდას დაემთხვა. კორეის საკითხზე შესაბამისი რეზოლუციის მხარდაჭერის სანაცვლოდ უშიშროების საბჭოს წევრებმა, მათ შორის აშშ-მა, აფხაზეთის საკითხზე რეზოლუციის მიღებისას რუსეთის წინადადებებს დაუჭირეს მხარი. კერძოდ, რუსეთის ინიციატივით, რეზოლუციის ტექსტში აღინიშნა კოდორის ხეობაში დაძაბულობის ზრდა იქ ჩატარებული პოლიციური ოპერაციის შემდეგ და თბილისი გაფრთხილებულ იქნა “თავი შეეკავებინა პროვოკაციული ქმედებებისგან”. როგორც ჩანს, ამჯერად რუსული დიპლომატიის გამარჯვება მოსალოდნელი არ არის. აშშ-ის პრინციპული პოზიცია მოწმობს, რომ მოსკოვს ვაშინგტონთან სავაჭრო ამჯერად არაფერი აქვს”, - წერდა ხუთშაბათს გაზეთი “24 საათი”.

ოთხშაბათიდან ქართული პრესა მსჯელობას იწყებს ისტორიულ უბნებში მოსაკრებლის დაწესების პრობლემაზე, რომელიც გასულ კვირაში უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ მოვლენად იქცა. ,,ძველ უბნებში მცხოვრებლებს, შესაძლოა, საკმაოდ სოლიდური მოსაკრებელი გადაახდევინონ, თანაც, ყოველთვიურად. ამ საკითხს ითვალისწინებს ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონპროექტი”, რომელსაც პარლამენტში უკვე იხილავენ. წინასწარი ინფორმაციით, ეს გადასახადი ერთ კვადრატულ მეტრზე 3 ლარით შეიძლება განისაზღვროს”, – წერდა ოთხშაბათის გაზეთი “რეზონანსი” და დასძენდა: ,,ოპოზიცია ამის კატეგორიული წინააღმდეგია.” …

მთელი დარჩენილი კვირა ქართული პრესა ფართოდ აშუქებდა ამ ინიციატივას. ხუთშაბათს გაზეთი “ახალი თაობა” რამდენიმე პუბლიკაციას უძღვნის ამ პრობლემას, სათაურებით: “ხელისუფლება ისტორიულ უბნებს იტაცებს!”, “თბილისის ცენტრს სააკაშვილის და ბურჯანაძის ოჯახები დაეპატრონებიან”, “ძირძველ თბილისელებს სახლებიდან ყრიან!” და ასე შემდეგ...

მოვლენები ვითარდებოდა... პარასკევს, ამ საკითხზე ინტერფრაქციული ჯგუფის შეხვედრის შემდეგ, რომელზეც გაირკვა, რომ გადასახადის ზედა ზღვარი ლარ-ნახევარი იქნება, გაზეთი “რეზონანსი” წერდა: ,, ინტერფრაქციული ჯგუფის შეხვედრამდე იგრძნობოდა, რომ ხელისუფლება მოსაკრებლის დაწესების იდეას ვერ შეელეოდა, თუმცა მთავარი მაინც ის იყო, ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის ვაჭრობა როგორ წარიმართებოდა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ოპოზიციამ ფასის განახევრებაზე მეტი ვერ შეძლო”, – წერდა გაზეთი “რეზონანსი”.

შაბათის “ახალი თაობის” ნომერიც, ძირითადად, სწორედ ამ პრობლემას ეძღვნებოდა. გაზეთი “რეზონანსი” კი ამ თემაზე აქვეყნებს პუბლიკაციას, სათურით ,,ბოკერია და გამყრელიძე ძლივს გააშველეს”. - ,,მოსაკრებლის შემოღებას ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს აბრალებს” – ნათქვამია პუბლიკაციაში.

შაბათის “24 საათი” კი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას უბრუნდება და აქვეყნებს პუბლიკაციას, სათაურით ,,რეზოლუცია, რომლითაც ყველა კმაყოფილი დარჩა”. პუბლიკაციაში ვკითხულობთ: “გაეროს უშიშროების საბჭომ აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით ახალი რეზოლუცია მიიღო, რომელსაც მხარი დაუჭირა უშიშროების საბჭოს 15-მა წევრმა, მათ შორის, რუსეთმაც. გაეროს მისიას ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მანდატი კიდევ ერთი წლით გაუგრძელდა.”
შემდგომ გაზეთში მოყვანილია გაეროში საქართველოს ელჩის ირაკლი ალასანიას კომენტარი: ,,რეზოლუციაში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ქართული მხარის მოთხოვნები და აღნიშნულია, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისო ნორმებით აღიარებულ ფარგლებში უნდა მოგვარდეს. უშიშროების საბჭომ პირველად დაადასტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შემდეგ დაბადებული თაობის განუხრელი და ხელშეუვალი უფლება დაბრუნდეს აფხაზეთში” - ვკითხულობთ გაზეთ “24 საათის” შაბათის ნომერში.
XS
SM
MD
LG