Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5 აპრილის ქართული პრესის მიმოხილვა


”ბოლო ხანს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, შეიცვალა თავად კონგრესის ხელმძღვანელობაც, თუმცა ერთი რამ ნამდვილად არ შეცვლილა:


ეს არის საქართველოს მხარდაჭერა”, - მოჰყავს 5 აპრილის გაზეთ ” 24 საათში” გამოქვეყნებული სტატიის ავტორს ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციის მეთაურის დევიდ პრაისის სიტყვები, წარმოთქმული თბილისში. სტატია, სათაურით ”ძველი დემოკრატიის წარგზავნილები ახალი დემოკრატიის ქვეყანაში” საქართველოში ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციის ვიზიტს ეხება და ამერიკელი კონგრესმენებისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ჩატარებულ ერთობლივ ბრიფინგს აშუქებს. ამ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამაყობს ვაშინგტონთან მჭიდრო კონტაქტებით, რომელიც არა რომელიმე ერთ საკითხზე, არამედ საერთო ხედვასა და ახალი დემოკრატიის სახელით ცნობილ ღირებულებებზეა ფოკუსირებული.

”24 საათი” წერს უკრაინაში პოლიტიკურ კრიზისზეც სტატიაში ”კარვების ქალაქი ლეგიტიმური ხელისუფლების ძიებაში” და დაასკვნის, რომ კრიზისის განსამუხტავად კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედება, ალბათ, შედეგს არ გამოიღებს, მით უმეტეს, რომ სახელისუფლებო ორგანო - საკონსტიტუციო სასამართლო - ფაქტობრივად, პარალიზებული აღმოჩნდა.

ყურადღებას გავამახვილებ გაზეთ ”24 საათში” გამოქვეყნებულ კიდევ ერთ სტატიაზე, სათაურით ”სასამართლო სისტემის მონიტორინგი”. ” შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ყველაზე მკაცრი შეფასება საქართველოში მართლმასჯულებისა და პენიტენციალურმა სისტემებმა დაიმსახურა” - ასე იწყება სტატია, რომელიც მკითხველს სთავაზობს საინტერესო ცნობებს სახალხო დამცველის ანგარიშიდან მართლმსაჯულებისა და პენიტენციალურ სისტემებში არსებული მდგომარეობის შესახებ.

”სერგეი შამბა გაეროს ტრიბუნის გამოყენებას გეგმავს”, - წერს 5 აპრილს გაზეთი ”რეზონანსი”. შეგახსენებთ, შამბას ასეთი მცდლობა ადრეც ჰქონდა, თუმცა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.

”რეზონანსი” აქვეყნებს ინტერვიუს ედუარდ შევარდნაძესთან, სათაურით ”9 აპრილის სასაკლაო თბილისში გორბაჩოვის ნებართვით მოეწყო”. ამავე ინტერვიუდან შეიტყობთ, რა მიაჩნია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს შეერთებული შტატების მთავარ შეცდომად. შევარდნაძე ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ვარდების რევოლუცია ჯორჯ ბუშის მიერ იყო ჩაფიქრებული.

გაზეთი ”ახალი თაობა” იმის გარკვევას ცდილობს, თუ რისთვის იქმნება სამხრეთ ოსეთის ავტონომია. ”ახალი თაობა” ეხმაურება კონსერვატორების მოთხოვნასაც, 9 აპრილი გამოცხადდეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ.

”რა ეშველება იუშჩენკოს ?” - კითხულობს 5 აპრილის გაზეთი ”ალია” და დაასკვნის, რომ იუშჩენკოს დამარცხებით ბორჯომს, ღვინოსა და ნატოს ერათდ ვკარგავთ.
XS
SM
MD
LG