Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა


გასულ კვირას ქართული პრესის ერთ-ერთი მთავარი თემა ნატოს გენერალური მდივნის იაპ დე ჰოოპ სხეფერის განცხადება იყო, რომელიც მან მიუნხენის კონფერენციაზე გააკეთა საქართველოს ნატოში გაწევრიანების რეალური პერსპექტივის თაობაზე.

ეს ამბავი საზოგადოების ფართო ინტერესის საგანი გახდა, ქართული პრესა აქტიურად ეხმიანებოდა ამ ინტერესს და პოლიტიკოსთა თუ ექსპერტთა მოსაზრებებს აქვეყნებდა.

,,ნატოში 2009 წელს გველიან,” წერდა გაზეთი ”24 საათი”. “ნატოს გენერალურ მდივანს სურს საქართველო ნატოში 2009 წელს იხილოს. რუსეთის პრეზიდენტი ნატოს გაფართოების კატეგორიული წინააღმდეგია და ამას საფრთხედ აღიქვამს. მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციამ რუსეთსა და დასვლეთის ქვეყნებს შორის წინააღმდეგობის სიღრმე წარმოაჩინა. მოსკოვს ძველი, საბჭოთა დიდება ენატრება. ახალი ”ცივი ომი” - ყოველ შემთხვევაში, რიტორიკის დონეზე - უკვე რეალობაა. ნატოს გენერალური მდივნის იაპ დე ჰოოპ სხეფერის განცხადება მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე გახდა. მან განაცხადა, რომ ნატოში 2009 წლისთვის გაწევრიანების კანდიდატებს შორის სერბეთის, უკრაინისა და საქართველოს ნახვა სურს, - ვკითხულობთ გაზეთში ”24 საათი”.

ამ თემაზე საუბრები და აზრთა შეხლა-შემოხლა მთელ კვირას გაგრძელდა. იყო ამ მოვლენის ყოვლად ოპტიმისტური შეფასებები, იყო სკეპსისიც. ნატოსა და საქართველოს ურთიერთობებზე საუბარი შაბათსაც გაგრძელდა. შაბათს გაზეთი ,,ახალი თაობა” აქვეყნებს სტატიას - ’’გალში დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების შემდეგ უნდა შევიდეთ”. გაზეთი აქვეყნებს ინტერვიუს ადამიანის უფლებების დამცველ გიორგი თევზაძესთან: ,, ნატოში გაწევრიანება საქართველოსთვის აუცილებელია, მაგრამ საქართველო ნატოში უნდა შევიდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ. ეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და დემოკრატიის უპირობო დაცვას წაადგება. ”

გაზეთი ,,24 საათი” კი შაბათს ნიდერლანდების სამეფოს სამხედრო საჰაერო ძალების პოლკოვნიკის, ნიდერლანდების საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლის მარსელ დე ჰაასის ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სათაურით ,,დასავლეთის თანამედროვე გეოსტრატეგია სამხრეთ კავკასიაში”. სტატიაში, ნატოსთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობასთან ერთად, საუბარია რეგიონის ენერგოუსაფრთხოებაზე, გაყინულ კონფლიქტებზე, ევროკავშირის როლზე კონფლიქტების მოგვარებაში. ,, ოფიციალურად უარყოფის მიუხედავად, არის რეზონი ვივარაუდოთ, რომ ნატო თამაშობს ან ითამაშებს თავის როლს სამხრეთ კავკასიის მილსადენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, მხოლოდ და მხოლოდ გეოსტრატეგიული მოსაზრებებიდან გამომდინარე.” შემდეგ კი მარსელ ჰაასი დასძენს: ’’ნატო და ევროკავშირი გადაინაწილებენ რეგიონში გრძელვადიანი ყოფნით განპირობებულ ფუნქციებს, რაც სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებასა და აყვავებას შეუწყობს ხელს.”

გასულ კვირაში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით ორი დღე მიმდინარეობდა საკონსულტაციო შეხვედრები ჟენევაში. ამ მოვლენას ქართული პრესა აქტიურად გამოეხმაურა. ხუთშაბათს გაზეთი “რეზონანსი” აქვეყნებს სტატიას, სათაურით - ’’ ანქვაბმა და შამბამ ჟენევაში ანთაძესთან შეხვედრაზე უარი თქვეს”. გაზეთი წერს, რომ ჟენევაში აფხაზური მხარის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, თუმცა იმ ორი დღის განმავლობაში ქართული და აფხაზური მხარის პირისპირ შეხვედრა მაინც არ შედგა. ციტატა პუბლიკაციიდან: ,, ქართულმა დელეგაციამ დაბეჯითებით მოუწოდა აფხაზურ მხარეს , გააღრმავოს თანამშრომლობა და არ შეუქმნას საფრთხე სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესის უწყვეტობას. რაც შეეხება აფხაზურ მხარეს, მათ აქცენტი, ძირითადად, ბოლო პერიოდში გალის რაიონში განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილეს.”

შემდგომ პუბლიკაციაში მოტანილია კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის მოსაზრება ამ შეხვედრის თაობაზე: ,, აფხაზები ჟენევაში ქართველებთან სალაპარაკოდ არ ჩასულან, მათ საქართველოს ხელისუფლებას გაეროს წარმომადგენლებთან კიდევ ერთხელ უჩივლეს,” - ასეთი იყო პაატა ზაქარეიშვილის კომენტარი, რომელიც გაზეთ ,,რეზონანსში” გამოქვეყნდა.

ჟენევის კონსულტაციებს შაბათის “24 საათიც” ეხმიანება პუბლიკაციით - ,,ქართულ- აფხაზური დიალოგი განახლდება”. პარასკევს ჟენევიდან დაბრუნებული სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში მერაბ ანთაძე მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. პრესკონფერენციას გაეროში საქართველოს წარმომადგენელი ირაკლი ალასანიაც ესწრებოდა. პუბლიკაციაში მის კომენტარს ვეცნობით: ,,კვლავ დაიწყო პირდაპირი დიალოგი აფხაზურ მხარესთან,” - შენიშნავს ალასანია და დასძენს, რომ ,,პირველად ეს დიალოგი შეეხება უსაფრთხოების საკითხებს გალის რაიონში, შეხვედრა შედგება სახელმწიფო მინისტრ ანთაძესა და ბატონ შანბას შორის”.
და კიდევ ერთი ციტატა პუბლიკაციიდან: ,,ალასანიას შეფასებით, ჟენევის შეხვედრა ნაყოფიერი იყო. როგორც გაეროში საქართველოს წარმომადგენელმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ქართულ-აფხაზურ კონფლიქტურ ზონაში საერთაშორისო პოლიციური ძალები შევიდნენ.”
XS
SM
MD
LG