Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესა


დავით პაიჭაძე, თბილისი შევეცდებით გასული კვირის ქართულ პრესას შევხედოთ, როგორც თემატურად მრავალფეროვანს.

მოვყვეთ თანმიმდევრულად: კვირის დასაწყისში გაზეთი “ახალი ვერსია” მანამდე ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტს ეხმაურებოდა და განმარტავდა: ”პრეზიდენტი მოსამართლეთა დანიშვნის წესს ცვლის. ცვლილებათა პროექტის თანახმად, პრეზიდენტი ვალდებული აღარ იქნება, მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავად მიიღოს.” “ახალი ვერსია” ეხებოდა საკონსტიტუციო ცვლილებების სხვა შინაარსსაც -საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ერთდროულად ჩატარებას - და ცდილობდა დაედგინა, მართლაც მოასწავებს თუ არა სახსრების დაზოგვას არჩევნების დამთხვევა დროში. ”წინასწარი პროგნოზით, თითო არჩევნები ქვეყანას შეიძლება 10 მილიონი ლარი დაუჯდეს, თუმცა პოლიტიკოსთა და ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ, როდესაც დემოკრატიაზეა ლაპარაკი, არჩევნები და საარჩევნო ხარჯები ერთმანეთის საპირწონედ არ გამოდგება.”

საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული დაძაბულობის კონტექსტში, გაზეთი “24 საათი” განიხილავდა საკითხს, თუ რა აფერხებს რუსეთიდან საქართველოში კაპიტალის გადმოტანას. ბევრი ქართველი საქმოსნის მიერ დაგროვილი კაპიტალი რუსეთში საფრთხის წინაშე დადგა, წერდა გაზეთი, თუმცა არც ერთ მათგანს ჯერ საქართველოში დაბრუნების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. საშუალო ფენის ქართველი ემიგრანტები, რომლებმაც 100 ათას დოლარზე მეტი თანხა დააგროვეს, ამბობენ: “გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლებას ადვილად შეუძლია ადამიანი დაადანაშაულოს, საბანკო ანგარიში დაუყადაღოს და ის კრიმინალად გამოაცხადოს. ამიტომაც საქართველოში კაპიტალის დაბრუნება - ეს ერთი საფრთხიდან გაქცევა და უფრო დიდ საფრთხეში გადაჩეხააო.” სწორედ ამ მიზეზით, ისინი საქმის ევროპის ქვეყნებში გადატანაზე ფიქრობენ.

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში გასამართი რეფერენდუმისა და საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ მოგვითხრობდა გაზეთი “რეზონანსი”, თან აღნიშნავდა, რომ, პარალელურად, შიდა ქართლის ტერიტორიაზე ალტერნატიული არჩევნებისა და რეფერენდუმის ჩატარება იგეგმება. გაზეთს მოჰყავს შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილის გელა ზოზიაშვილის სიტყვები, რომ ალტერნატიული არჩევნების ჩატარების ინიციატივა ცხინვალიდან დევნილ ოსებს ეკუთვნით და 12 ნოემბერს შიდა ქართლის მთელ ტერიტორიაზე გაიხსნება საარჩევნო უბნები. არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ოსები, ისე ქართველები. არჩევნებს ატარებენ იმიტომ, რომ იმ მოსახლეობას, რომელიც ცხინვალში ცხოვრობდა, არა აქვს საშუალება მონაწილეობა მიიღოს იქ გამართულ არჩევნებში. ზოზიაშვილისგან განსხვავებით, პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ ალტერნატიული არჩევნების ინიციატივა მომდინარეობს საქართველოს ხელისუფლებისგან, რომელიც ამით აღიარებს, რომ შიში აქვს კოკოითის ხელისუფლების არჩევნებისა და რეფერენდუმის მიმართ. ზაქარეიშვილის აზრით, ალტერნატიულ არჩევნებს არავითარი შედეგი არ ექნება, რამდენადაც ორივე არჩევნები კანონსაწინააღმდეგოა.

ზემო აფხაზეთში, იმავე კოდორის ხეობაში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფნისას მომხდარ სროლას ეხებოდა გაზეთ ”ახალი თაობის” პუბლიკაცია. თავად ვანო მერაბიშვილი უარყოფს მისთვის ცეცხლის გახსნის ფაქტს: მათ ჩემთვის არ უსვრიათ, ინციდენტი დაემთხვა ჩემს იქ ყოფნას. სროლა მოსახლეობის წინაღმდეგ იყო მიმართული. იქ პანიკის დათესვა უნდათ. აფხაზები სამხედრო წვრთნებს ატარებენ და რუსების უშუალო მითითებებით მოქმედებენ. სწორედ რუსებმა ჩამოყარეს ჭურვები. ეს აფხაზების გაკეთებული არ არის. ამას ვერც ემზარ კვიციანი გააკეთებდა, - მოჰყავდა გაზეთს შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარი.

ჩვენს ხელთაა შაბათის, 28 ოქტომბრის, პრესაც. ერთი თემა: პარლამენტის წევრ გია ნუცუბიძის დაპატიმრება განათლების სამინისტროს მოხელისათვის ქრთამის შეძლევის გამო. გაზეთი ”ალია” წერს, რომ ერთ-ერთი კონტრაქტის განახლებისა და კონტრაქტორი კომპანიისათვის ორი მილიონი ლარის ჩარიცხვის სანაცვლოდ მან სამინისტროს მაღალჩინოსანს ქრთამად 500 ათასი ლარი შესთავაზა. ნუცუბიძე საწყისი თანხის - 50 ათასი ლარის - გადაცემისას დააკავეს. აქ ღირს სტილის სრული დაცვით გადმოვცეთ გაზეთ “ალიას” კომენტარი და პრესის მიმოხილვა ამ ციტატით დავასრულოთ: ”როცა მას (ნუცუბიძეს - დ.პ.) ჟურნალისტები ეკითხებოდნენ, კორუფციის ჭაობში ჩაძირვა არ გიცდიაო? მუდამ პასუხობდა, ვინ რას მოგცემსო, თუმცა ნუცუბიძე სწორედ იმიტომ დაიჭირეს, რომ ქრთამს სხვებს აძლევდა. მისი უბედურება სწორედ ქართული ხასიათი გახდა, რასაც ჰქვია პატივისცემა, კანონის ენაზე კი - ქრთამი. ნუცუბიძე მუზების მონა იყო და ბევრი ლექსიც დაუწერია. აი, ლომაიას რომ მისი პოეზია წაეკითხა, მაინც ვერაფერს გაიგებდა.”
XS
SM
MD
LG