Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად შესაძლებელია, რომ რუსეთმა საქართველოს გაზის მიწოდება შეუწყვიტოს


მას შემდეგ, რაც საქართველოში რუსი სამხედროები დააკავეს, რომელთაც ჯაშუშობა ედებათ ბრალად, მოსკოვში საქართველოზე ზეწოლის სხვადასხვა ბერკეტზე ალაპარაკდნენ.

ზეწოლის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად განიხილება ენერგეტიკული ბლოკადა - ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების შეწყვეტა. რამდენად შესაძლებელია, რომ რუსეთმა, პოლიტიკური მიზეზებით, საქართველოში ბუნებრივი აირის ექსპორტირება შეაჩეროს და თუ ეს, მართლაც, ასე მოხდა, რა ალტერნატივები გააჩნია საქართველოს?

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმაში სერიოზულად მსჯელობენ იმის შესახებ, თუ რა სანქციები აამოქმედონ საქართველოში 6 რუსი სამხედროს დაკავების სანაცვლოდ. დუმის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ვიქტორ ილიუხინის განცხადებით, საქართველოს წინააღმდეგ შემდეგი სანქციები შეიძლება დაწესდეს:

[ვიქტორ ილიუხინის ხმა] ”რაც შეეხება სანქციებს, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ისინი იქნება ძალიან მკაცრი, თუ ქართული მხარე გონს დროულად არ მოეგება. ჩვენ გავწყვეტთ ყოველგვარ დიპლომატიურ ურთიერთობას საქართველოსთან, ჩვენ შევწყვეტთ ენერგომატარებლების მიწოდებას საქართველოში, ელექტროენერგიას, გაზს და ასე შემდეგ.”

საქართველოს სათბობენერგეტიკული სისტემა ელექტროენერგიის შეწყვეტაზე მეტად გაზის შეწყვეტის მიმართაა მგრძნობიარე, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. საქართველოში ვარაუდობენ, რომ ეს ასე არ მოხდება და რუსული ბუნებრივი აირი პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად ვეღარ იქცევა.

ეკონომიკის ექსპერტის სოსო ცისკარიშვილის აზრით, რომელიც მან საინფორმაციო სააგენტო ჯი-ეიჩ-ენს გაუზიარა, ენერგეტიკული ბლოკადის შემთხვევაში, მსოფლიო ბაზარზე რუსეთის, როგორც ეკონომიკური პარტნიორის იმიჯი, მკვეთრად შეირყევა და ამით თავად რუსეთი დაზარალდება. იგივე მოსაზრება გამოთქვა რადიო “თავისუფლებასთან” ინტერვიუში გაზისა და ნავთობის ექსპერტმა პროფესორმა თემურ გოჩიტაშვილმა:

[თემურ გოჩიტაშვილის ხმა] ”რუსეთი გაზს არ გადაკეტავს, რადგან ეს კატასტროფულად შელახავს მის იმიჯს საერთაშორისო საზოგადოებრიობის წინაშე. რუსეთი ცდილობს დაამკვიდროს ისეთი შეხედულება, რომ იგი არის მეტად საიმედო ენერგომომწოდებელი. თუკი ამას გააკეთებს პოლიტიკური მიზნებით, ეს იქნება საკუთარი მიზნებისათვის ლახვარის ჩაცემა.”(სტილი დაცულია)

თემურ გოჩიტაშვილის აზრით, თუ მოსკოვმა მაინც გადაწყვიტა გაზის მოწოდების შეწყვეტა, საქართველო უკვე უზრუნველყოფილია 2 ალტერნატიული მილსადენით, რომელიც ფორსმაჟორულ სიტუაციაში ბუნებრივი აირის მოწოდებას უზრუნველყოფს. ლაპარაკია ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენიდან, რომელიც ოქტომბერში ამუშავდება, დამატებითი კომერციული გაზის მიღებისა და ირანიდან გაზის იმპორტის შესაძლებლობის შესახებ.

ეკონომიკის ექსპერტის სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, სწორედ ირანიდან საქართველოსთვის გაზის მიწოდება იყო საქართველოსა და ირანის პრეზიდენტების გაეროს შტაბბინაში შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა.

რაც შეეხება დამატებითი ბუნებრივი აირის აზერბაიჯანიდან მიღებას, ჯერჯერობით საკითხი მოლაპარაკების სტადიაშია. აზერბაიჯანი თავად განიცდის გაზის დეფიციტს და საქართველოსთვის ჯერჯერობით 300 მილიონ კუბურ მეტრ გაზზე მეტი არ ემეტება. თემურ გოჩიტაშვილის კომენტარი:

[თემურ გოჩიტაშვილის ხმა] ”თუ ისევ შეიქმნა ფორსმაჟორული სიტუაცია, ჩვენ, ალბათ, გვექნება საშუალება ამ გაზსადენიდანაც მივიღოთ კრიზისიდან გამოსასვლელად გარკვეული რაოდენობის გაზი.”

არის მესამე ალტერნატივაც: თბილგაზის ახალმა მფლობელმა “ყაზახ ტრანს გაზმა” განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ყაზახეთიდან საქართველოში გაზის ტრანსპორტირების შესახებ. საქართველო ამჟამად ერთი წლის მანძილზე დაახლოებით 2 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მოიხმარს.
XS
SM
MD
LG