Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი საქართველოდან გატანილი საეკლესიო საგანძურის დაბრუნებაზე მუშაობს


საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 19 აპრილს მოიწონა დადგენილების პროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში, უკანონოდ გამოცხადდება

1801 წლიდან რუსეთის მიერ საქართველოში წარმოებული რელიგიური პოლიტიკა და მისი შედეგები. პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ პარლამენტის დადგენილება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და აღმასრულებელ ხელისუფლებას წლების წინ დაკარგული და რუსეთში გატანილი საეკლესო საგანძურის დაბრუნებაში დაეხმარება. რას ემყარება ეს იმედი და როგორ აპირებენ ქართველი დეპუტატები დაკარგული სიწმინდეების მოძიება-დაბრუნებას?

რუსეთის მმართველობის წლებში ქართული სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია პირველად 1811 წელს გაუქმდა. იმპერატორისა და რუსეთის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, ორიოდე წლის შემდეგ, 1814 წელს, იგივე ბედი დასავლეთ საქართველოს ეკლესიამაც გაიზიარა. იმ დროისათვის აღმოსავლეთ საქართველოში არსებული 13 ეპარქიის ნაცვლად 2, ხოლო დასავლეთ საქართველოს 12 ეპარქიიდან 3 დარჩა. ისტორიკოს ელდარ ბუბულაშვილის თქმით, რუსეთი აქტიურად შეუდგა საქართველოში რუსიფიკაციის პოლიტიკის გატარებას. საქართველოდან გაჰქონდათ მატერიალური და სულიერი კულტურის საუკეთესო ნიმუშები:

[ელდარ ბუბულაშვილის ხმა] „რუსი ეგზარხოსების გარდა, სხვა ადამიანებიც იტაცებდნენ, მაგალითად, მოგზაურები ან მეცნიერები... არა მარტო საქართველოს ეკლესიის სიწმინდეებია დაკარგული, არამედ იკარგებოდა ხელნაწერებიც. ამიტომ საზღვარგარეთ ბევრ ქვეყანაში - მაგალითად, ავსტრიაში და სხვაგანაც - ასეთი ტიპის ხელნაწერები ინახება. არაფერს ვამბობ ღვთისმშობლის ვედრების ხატზე, რომელიც 1859 წელს მოიპარეს.“

ქართველი დეპუტატები ფიქრობენ, რომ დაკარგული საგანძურის დაბრუნებას პარლამენტი დადგენილების მიღებით დააჩქარებს. დადგენილების პროექტი
კოლეგებს დეპუტატმა მანანა ჯებაშვილმა გააცნო:

[მანანა ჯებაშვილის ხმა] „კანონპროექტით გვინდა, რომ გამოვაცხადოთ სახელმწიფოებრიობის დაკარგვის დღიდან საქართველოში წარმოებული რელიგიური პოლიტიკა უკანონოდ.“

დადგენილების პროექტში მთავარი აქცენტი რუსეთსა და რუსეთში გატანილ საეკლესიო საგანძურზე კეთდება. დეპუტატების ინიციატივას მხარს უჭერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც, რომლის წმინდა სინოდმა რუსეთის მიერ საქართველოში წარმოებული რელიგიური პოლიტიკა დანაშაულად შეაფასა.

[გიორგი ანდრიაძის ხმა] „როცა პარლამენტი დადგენილებას მიიღებს, ანუ უკანონოდ გამოაცხადებს 1801 წლიდან წარმოებულ რელიგიურ პოლიტიკას, ავტომატურად გასაგები გახდება, რომ იმ პერიოდში საქართველოდან გატანილი ნივთები, ფაქტობრივად, მოპარულია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გვაქვს ყველანაირი სამართლებრივი ბერკეტი, დავაყენოთ საქართველოში ამ ნივთების დაბრუნების საკითხი.“

გიორგი ანდრიაძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაციონალური ლობისა“ და პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის მმართველი საბჭოს წევრი - ასევე ფიქრობს, რომ დადგენილების მიღება არ დაძაბავს ურთიერთობას საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის. დეპუტატ გიორგი ცანავას თქმით კი, დადგენილებაში რუსეთის როლის გამოკვეთა ლოგიკურია:

[გიორგი ცანავას ხმა] „ეს ფასეული ნივთები, ძირითადად, რესტავრაციის მიზნით გაჰქონდათ რუსეთში. შეიძლება ეს არ იყო რუსეთის იმპერიის მიზანმიმართული ქმედება ჩვენი კულტურის დასასუსტებლად, მაგრამ, ფაქტია, ასე გამოვიდა.“

დადგენილების პროექტის ავტორთა ენთუზიაზმს ბოლომდე არ იზიარებს დეპუტატი ირაკლი კენჭოშვილი. მან, მართალია, მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს, მაგრამ ჩემთვის მოცემულ ინტერვიუში შენიშნა:

[ირაკლი კენჭოშვილის ხმა] „ვინაიდან ორივე მართლმადიდებელი ეკლესიაა, ვინაიდან მართლა გააუქმა რუსეთმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია... ვიცით რომელ წელს რა ნივთი იქნა რუსეთში გატანილი... ყოველივე ამის გათვალისწინებით, შესაძლებელია ნივთების დიდი ნაწილი საქართველოში დავაბრუნოთ, მაგრამ ეს, ალბათ, სახელმწიფოებრივი საკითხი არ არის. უმჯობესი იქნება, თუკი აღნიშნულ საკითხზე თავად ეკლესიები მიიღებენ გადაწყვეტილებას.“

თუმცა, როგორც ჩანს, საქართველოს საერო და სასულიერო ხელისუფლება დაკარგული საგანძურის დაბრუნებას ერთიანი ძალისხმევით აპირებენ. ყოველ შემთხვევაში, დადგენილების პროექტის მეორე მუხლის თანახმად, პარლამენტი თხოვნით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს განაახლოს კონკორდატით გათვალისწინებულ ღონისძიებათა უზრუნველმყოფი კომისიის შემადგენლობა. დადგენილების მესამე პუნქტით კი, აღნიშნულმა კომისიამ საქართველოს პარლამენტს 2006 წლის პირველ მაისამდე უნდა წარუდგინოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილი და რუსეთში გატანილი საეკლესიო საგანძურის საქართველოში დაბრუნების კონკრეტული გეგმა. განათლებისა და მეცნიერების საკითხთა კომიტეტმა დადგენილების პროექტი, მცირედი შესწორების შემდეგ, ერთსულოვნად მოწონა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG