Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ურჩევენ გაეროს მეგობარი ქვეყნები საქართველოს ხელისუფლებას


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 5 თებერვალს თბილისში დაბრუნდება სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების სფეროში გიორგი ხაინდრავა და

მედიას ჟენევის ქართულ-აფხაზური შეხვედრის შედეგებზე მოუთხრობს. შეხვედრა 4 თებერვალს დადგენილების მიღებით დასრულდა. დადგენილების დეტალები ცნობილი გახდა 4 თებერვალსვე. რას ურჩევენ გაეროს მეგობარი ქვეყნები საქართველოს ხელისუფლებას?

სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენის“ ცნობით, გაეროს მეგობარი ქვეყნები საქართველოს ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და სამხედრო რიტორიკისგან გათავისუფლებას ურჩევენ - ამის შესახებ ჟენევაში გამართული შეხვედრის შედეგად მიღებულ დადგენილებაშია საუბარი. გარდა ამისა, დადგენილებაში აღნიშნულია, რომ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსეთის ცისფერჩაფხუტიანები მშვიდობის გარანტის ფუნქციას ასრულებენ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტი რუსეთს პირველ ივლისამდე აძლევს ვადას აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მშვიდობის დამყარებისთვის ხელშესახები შედეგების მისაღწევად. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანას მოითხოვს. კიდევ უფრო ადრე, რამდენიმე დღეში, საქართველოს პარლამენტი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსეთის სამშვიდობო ძალების ყოფნის მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტმა შარშან, დეკემბრის ბოლოს, მიიღო:

[ ნინო ბურჯანაძის ხმა] „კიდევ ერთხელ ვადასტურებ და ნურც ერთ პოლიტიკოსს რუსეთში ნუ ექნება იმის ილუზია, რომ საქართველოს პარლამენტი თავის დადგენილებას არ შეასრულებს. თუ თებერვლისთვის ჩვენ არ გვექნება პროგრესი სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, თუ ჩვენ არ გვექნება აშკარა პროგრესი სამშვიდობოების ქმედებებში, ჩვენ დავიწყებთ მათი გაყვანის პროცედურას და ამას ჩვენ გავაკეთებთ, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა ჩვენს ჩრდილოეთით მდებარე ქვეყანაში.“

ვინაიდან ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით პროგრესი ნამდვილად არ შეინიშნება, - მეტიც, რამდენიმე დღის წინ თამარაშენთან განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რა ახლოს არიან კონფლიქტში მონაწილე მხარეები კონფლიქტის განახლებასთან, - როგორც ჩანს, საქართველოს პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას რუსეთის შეიარაღებული ძალების კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ. პარლამენტის სხდომამდე ამ საკითხს პარლამენტარები მთავრობის წევრებთან ერთად განიხილავენ. შესაბამისად, მთავრობის პოზიციისთვის გადამწყვეტი იქნება პრეზიდენტის მოსაზრება - სავარაუდოდ, გერმანიაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი შეხვედრებისას შეეცდება გაარკვიოს, როგორი იქნება კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის შემდეგ ევროპული სახელმწიფოების პოზიცია.
XS
SM
MD
LG