Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბაჟოს თავმჯდომარემ და ფინანსთა მინისტრის მოადგილემ სავარძლები ”გაცვალეს”


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საბაჟო დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. გიორგი გოდაბრელიძე, რომელსაც თანამდებობის დატოვება ჯერ კიდევ გასულ წელს ემუქრებოდა,

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ზურაბ ანთელიძემ ჩაანაცვლა, ხოლო საბაჟოს ყოფილმა შეფმა მინისტრის მოადგილის პორტფელი ჩაიბარა. მინდა გესაუბროთ ფინანსთა სამინისტროში მომხდარი საკადრო როქის შესახებ.

საქართველოს მთავრობისათვის დამახასიათებელი ”საკადრო როქის” პრაქტიკა, როგორც ჩანს, გადამდები აღმოჩნდა ფინანსთა სამინისტროსთვისაც, სადაც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ და საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარემ სავარძლები გაცვალეს. ამიერიდან საბაჟო დეპარტამენტის ახალი თავმჯდომარე იქნება ზურაბ ანთელიძე, რომელსაც მანამდე ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. თავის მხრივ, დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი გოდაბრელიძე ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნება.

საბაჟოს ახალ ხელმძღვანელს საბაჟოში მუშაობის გამოცდილება აქვს, ბოლო პერიოდში კი ზურაბ ანთელიძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილის რანგში, ამ უწყების საკანონმდებლო ორგანოსთან ურთიერთობას უწევდა კურირებას. თავის მხრივ, გიორგი გოდაბრელიძეც ადრე უკვე მუშაობდა ფინანსთა სამინისტროში, ხოლო 2004 წლის დასაწყისიდან საბაჟო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

ამ გადაადგილების კომენტარისას, მთავრობის ხელმძღვანელი აცხადებდა, რომ საბაჟო სფერო უფრო აგრესიულ პოლიტიკასა და ძირეულ რეორგანიზაციას მოითხოვს. აღმასრულებელ ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ ზურაბ ანთელიძე სწორედ ის კანდიდატურაა, რომელიც დეპარტამენტს ესაჭიროება; ამასთან, იგი ახალი საგადასახადო კოდექსის ერთი-ერთი ავტორია.

მიუხედავად იმისა, რომ საბაჟომ, გოდაბრელიძის ხელმძღვანელობით, გასული წელი გეგმის არნახული, 150 მილიონ ლარიანი, გადაჭარბებით დაასრულა, მისი თავმჯდომარე მაინც საკადრო ”როქში” მოჰყვა. გოდაბრელიძის გათავისუფლების შესახებ ხმები ჯერ კიდევ გასული წლიდან მუსირებდა, რასაც პრეზიდენტის მიერ ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნაც ამძაფრებდა. მიხეილ სააკაშვილმა გიორგი გოდაბრელიძე და მისი მოადგილეები აეროპორტში გამცილებლებთან ერთად გაშლილი სუფრისათვის “დატუქსა” და თუ გოდაბრელიძე საბაჟო შემოსავლებში სერიოზულ გარღვევას ვერ მიაღწევდა, მისი თანამდებობაზე დატოვების საკითხიც დადგებოდა. ეს ინციდენტი შემდგომ თვესვე დროებით ამოიწურა, რადგან საბაჟომ პრეზიდენტის რეკომენდაცია “გადაჭარბებით” შეასრულა და თვის გეგმაზე 25 მილიონი ლარით მეტის მობილიზება მოახერხა. თავად გოდაბრელიძე თავისი ხელმძღვანელობის დროს საბაჟოს მუშაობით კმაყოფილია:

[გიორგი გოდაბრელიძის ხმა] “ 2004 წელი არ იყო ცუდი, საბაჟოს კუთხით და შემოსავლების თვალსაზრისით თუ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ რეალურად რაც იყო დაგეგმილი, იმაზე 150 მლნ. ლარით მეტის მობილიზება მოხდა. პირველად გაკეთდა ეს. თუმცა პრობლემატიკა რჩება, რა თქმა უნდა. პირველ რიგში, შეიძლება ვისაუბროთ კორუფციაზე.”

გეგმის გადაჭარბების მიუხედავად, ფინანსთა მინისტრი სულ რამდენიმე კვირის წინ სწორედ კორუფციაზე ამახვილებდა ყურადღებას:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] „დღეს რომ ჩატარდეს გამოკითხვა, საზოგადოების თვალსაზრისით, საბაჟოს კორუმპირებულ ორგანოებს შორის ჯერ კიდევ წამყვანი ადგილი უჭირავს.”

საბოლოოდ, ფინანსთა სამინისტროში მოსალოდნელი საკადრო “როქი” შედგა და გიორგი გოდაბრელიძემ საბაჟოს შეფის სავარძლიდან მინისტრის მოადგილის სავარძელში გადაინაცვლა.
XS
SM
MD
LG