Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში შექმნილი სიტუაციით და მხარეებს პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს


ცხინვალის რეგიონში წარმოქმნილი სერიოზული დაძაბულობის პირობებში ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის სხვადასხვა წარმომადგენლებმა

საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებს არაერთხელ გამოუხატეს მხარდაჭერა. ის, რომ ვაშინგტონს სერიოზულად აწუხებს ცხინვალის რეგიონში შექმნილი სიტუაცია, 15 ივლისს ევრაზიის კონფლიქტების შესახებ მოლაპარაკებაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა და პირველმა მრჩეველმა კასპიის აუზის ენერგეტიკის პოლიტიკის საკითხებში სტივენ მანმაც დაადასტურა. სომხეთიდან საქართველოში ის იქ შემქნილ ვითარებაზე სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად ჩავიდა. ვიზიტის მთავარი ამოცანა მაინც იყო მხარეებისთვის მოეწოდებინა, მშვიდობიანად, მოლაპარაკების გზით გადაწყვიტონ პრობლემა.

ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი ევრაზიის კონფლიქტებზე მოლაპარაკების საკითხებში სტივენ მანი კავკასიაში ეუთოს მინსკის ჯგუფთან ერთად მოგზაურობს. სომხეთში სტუმრობის შემდეგ, ხუთშაბათს, ის თბილისს რამდენიმე საათით ეწვია. ამ რამდენიმე საათის განმავლობაში მას ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებაზე ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიეღო. პირველი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ჟვანიასთან შედგა.

[სტივენ მანის ხმა] “ მე მქონდა გულითადი შეხვედრა ბატონ ჟვანიასთან. როგორც მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებულ შტატებს აწუხებს სამხრეთ ოსეთში შექმნილი სიტუაცია. სახელმწიფო მდივანს კოლინ პაუელს სურს იყოს დარწმუნებული, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აკეთებს მაქსიმუმს, რაც შეუძლია, და რომ აღნიშნული საკითხი მშვიდობიანად გადაწყდება.”

სტივენ მანმა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრებს უაღრესად მნიშვნელოვანი უწოდა; თქვა, რომ ამ შეხვედრებზე მიიღო სრულფასოვანი ინფორმაცია იმაზე , რაც საქართველოში, კერძოდ კი, ცხინვალის რეგიონში ხდება და ამერიკის შეერთებული შტატების სახელით მხარეებს მოუწოდა, პრობლემა მოლაპარაკების გზით, მშვიდობიანად გადაწყვიტონ. ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი ევრაზიის კონფლიქტების საკითხებში კავკასიურ ტურნეს ბაქოში დაასრულებს. სტივენ მანი თბილისში რამდენიმესაათიანი ვიზიტის შემდეგ ბაქოში ხუთშაბათსვე უნდა გამგზავრებულიყო. ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ზუსტად რა ინფორმაციას მოუყარა მან აქ თავი, უცნობი რჩება, თუმცა ცნობილია, რომ ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ეუთოს შესაბამის მოხსენებაში ჩადებული ინფორმაცია გახდა საბაბის იმისა, რომ ამერიკელ დიპლომატ პოლ ჯონსს ცხინვალის რეგიონში შექმნილი მდგომარეობის გამო ამერიკის შეერთებული შტატების უკიდურესი შეშფოთება გამოეხატა. ეუთოს მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ძალები ბრძოლისთვის ემზადებიან, რუსი სამშვიდობოები კი მათ პროვოკაციულ ქმედებებთან დაკავშირებით პასიურობენ.

რუსების მიმართ ამაზე გაცილებით კრიტიკული განცხადებები გააკეთა ლონდონში ვიზიტისას მიხეილ სააკაშვილმა. მან რუსეთი ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში ეთნიკური შეტაკების განზრახ გაღვივებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ვლადიმირ პუტინთან კოლინ პაუელისა და კონდოლიზა რაისის სატელეფონო საუბრები რომ არა, კრიზისი, შესაძლოა, რუსეთსა და საქართველოს შორის სამხედრო კონფრონტაციაში გადაზრდილიყო. საქართველოში მაინც მიიჩნევენ, რომ დასავლეთის აქტიური ჩარევით რუსეთისა და საქართველოს სერიოზული დაპირისპირების საფრთხე თავიდან აცილებულ იქნა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში კი სჯერათ, რომ სააკაშვილის მიმართვა დასავლეთისადმი- ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე სამხერთ ოსეთის პრობლემის მოსაგვარებლად - საქართველოსთვის ყველაზე ნეგატიურ შედეგებს მოიტანს. რუსი პოლიტიკოსების აზრით, სააკაშვილი რისკავს და მის მცდელობას გარე ძალების ჩარევით მოაგვაროს ქართულ-ოსური კონფლიქტი, შესაძლოა, პირველ რიგში, რუსეთისგან შეხვდეს მკაცრი წინააღმდეგობა.
XS
SM
MD
LG