Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკიდურესი დაძაბულობა ცხინვალის რეგიონში - ოთხშაბათს ოსური მხარე ქართულ სოფლებთან პოზიციებს იმაგრებდა


ოთხშაბათს ცხინვალის რეგიონში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. იქ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შეიარაღებულმა ფორმირებებმა დიდი ლიახვის ხეობასთან

დამაკავშირებელი შემოვლითი გზის დანგრევა და ქართულ სოფლებთან პოზიციების გამაგრება დაიწყეს. ლიახვის ხეობის ქართული მოსახლეობა პანიკაში ჩავარდა; იყო შეიარაღებული დაპირისპირების მოლოდინი, თუმცა დღის მეორე ნახევარში სამშვიდობო ძალებმა სიტუაციის განმუხტვისთვის მუშაობა დაიწყეს. საგულისხმოა, რომ ქართულ მხარეს ურთიერთობა სამშვიდობო ძალების სარდლობასთანაც უკიდურესად გაუმწვავდა. 7 ივლისს, ღამის პირველ საათზე, კონფლიქტის ზონაში ქართველმა სამართალდამცავებმა რუსეთიდან ცხინვალის მიმართულებით მოძრავი იარაღით სავსე ავტომანქანები დააკავეს.

ამ დღეებში ფრონის ხეობაში მიმდინარე სამხედრო სწავლებაში უშუალოდ ედუარდ
კოკოითიც მონაწილეობდა. ეს სწავლება კი, როგორც ირკვევა, მარტო საჩვენებელი ან დამაშინებელი ღონისძიება არ ყოფილა. ოსურმა მხარემ 7 ივლისს ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან, ლიახვის ხეობის ქართულ სოფლებთან, პოზიციები გაიმაგრა. შეგახსენებთ: ბოლო დღეების მანძილზე კოკოითის რეჟიმი ავრცელებდა ინფორმაციას, რომ 7-8 ივლისისთვის ქართული მხარე ცხინვალზე სერიოზული შეტევისთვის ემზადება. 7 ივლისს შეტევაზე თავად ოსური მხარე გადმოვიდა და ქართულ სოფლებთან ოსების შეიარაღებულ ფორმირებათა მობილიზაცია მოახდინა. ამ ფაქტს მრავლისმეტყველად დაერთო რუსეთიდან ცხინვალში სამხედრო შეიარაღების შემოტანის მცდელობა - მცდელობა, რამდენადაც ტვირთი, რომელსაც ცხინვალისკენ რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები აცილებდნენ, ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს. სპეცოპერაციას უშუალოდ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ხელმძღვანელობდა. საბრძოლო მასალით დატვირთული ერთ-ერთი მანქანა კონფლიქტის ზონიდან გორამდე მან თავად ჩაიყვანა.

[ქართველი სამართალდამცავის ხმა] “ეს ჭურვები სამშვიდობო ძალებისთვისაა?”
[სამშვიდობო ძალების სარდლის ხმა] “დიახ, სამშვიდობო ძალებისთვისაა. “

ეს დიალოგი ქართველ სამართალდამცავებსა და სამშვიდობო ძალების სარდალ სვიატოსლავ ნაბდზოროვს შორის გაიმართა. შეკითხვას: “ეს ჭურვები სამშვიდობოებისთვის არის? “ ნაბდზოროვი უპასუხებს: “ დიახ, სამშვიდობოებისთვის”. ლაპარაკია 200-მდე რაკეტსაწინააღმდეგო ჭურვსა და დიდძალ ასაფეთქებელ საშუალებებზე. როგორც ამასთან დაკავშირებით საქართველოს უშიშროების მინისტრმა განმარტა:

[ვანო მერაბიშვილის ხმა] “რეაქტიული უმართავი ჭურვები არც ერთ ქვეყანაში არ გამოიყენება სამშვიდობო ძალებისთვის. ეს არის მომარაგება კოკოითის, ეს არის ტვირთის უკნონო გადაადგილება და ჩვენ აღვკვეთთ საქართველოში ასეთ ქმედებებს. “

რუსეთის მხარემ სამშვიდობო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი საბრძოლო საშუალებების დაკავება პროვოკაციად შეაფასა. გაკეთდა განცხადებები, რომ ამ ტვირთის გადაადგილება შეთანხმებული იყო შერეულ საკონტროლო კომისიაზე. აღნიშნულის გამო საჭიროდ მიიჩნიეს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გოგა ხაინდრავას დაკითხვა.
ის კი აცხადებს, რომ საბრძოლო ტექნიკის შემოტანაზე არანაირი ნებართვა არ გაცემულა:

[გოგა ხაინდრავას ხმა] “გუშინ ვიყავი ცხინვალში. ნაბდზოროვი იყო იქ და ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა. ამ ტექნიკის შემოტანა ხდებოდა ჩვენთან შეთანხმების გარეშე. “

საქართველოს ტერიტორიაზე საბრძოლო საშუალებების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. საქართველოს მხარე არ აპირებს რუსებს დაუბრუნოს ჩამორთმეული სამბრძოლო შეიარაღება. ერთი სიტყვით, აშკარად უკიდურესად გამწვავდა დაპირისპირება ოსებთანაც და სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებთანაც. ლიახვის ხეობის ქართული მოსახლეობა პანიკაშია.
XS
SM
MD
LG