Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წამების ფაქტები პოსტრევოლუციურ საქართველოში


გასული კვირის ბოლოს 26 ივნისი, წამების მსხვერპლთა თანადგომის დღე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოშიც აღინიშნა. ამ დღეს თბილისში ჩატარდა კონფერენცია,

სახელწოდებით “ერთობლივად - წამების წინააღმდეგ”, რომლის ორგანიზატორიც წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი “ემპათია” იყო. კონფერენციაზე მესამე სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთა მოხსენებებში დასახელებული ფაქტები ადამიანთა წამებისა, რასაც ხშირად პოლიციელები სჩადიან , საკმაოდ დამაფიქრებელი ჩანდა როგორც შინაარსის, ისე რაოდენობის თვალსაზრისით. ეს ფაქტები ადასტურებს, რომ საქართველოში ძალიან სერიოზული ძალისხმევაა საჭირო წამების აღმოსაფხვრელად და რომ “ვარდების რევოლუციას” აქ, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, სერიოზული გარდატეხა ჯერ არ მოჰყოლია.


წამების ფაქტების გახშირება პოლიციის განყოფილებებსა და წინასწარი დაკავების იზოლატორებში, წამების ფაქტები საქართველოს უკონტროლო ტერიტორიებზე, წამების ერთ-ერთი მსხვერპლის ფსიქიატრიულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით ექსპერტებზე თბილისის პროკურორის ზეწოლა - ეს ყველაფერი ჯერ კიდევ რევოლუციის ეიფორიით გაბრუებულ საქართველოში სათანადო რეზონანსს ვერ იძენს, ასეთი ფაქტები მწვავე ტელედებატებს აღარ იწვევს. არადა, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.


26 ივნისს, წამების მსხვერპლთა თანადგომის საერთაშორისო დღეს, ჩატარებულ სპეციალურ კონფერენციაზე ორგანიზაციამ “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” პოლიციის განყოფილებებსა და წინასწარი დაკავების იზოლატორებში წამების ფაქტების ვრცელი ჩამონათვალი გაავრცელა. ეს არის რევოლუციის შემდგომი პერიოდის ფაქტები, რომელთაგან მოვიყვანთ რამდენიმეს.

20 დეკემბერს წინასწარი დაკავების საკანში გარდაიცვალა გიორგი ინასარიძე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ინასარიძემ თავი მოიკლა, თუმცა მისი ახლობლები და ადამიანის უფლებათა დამცველები ფიქრობენ, რომ გარდაცვალების მიზეზი წამება გახდა. 10 იანვარს პოლიციელებმა შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის თვალწინ სასტიკად აწამეს თამაზ მაღლაკელიძის გახმაურებული გატაცებისთვის დაკავებული პირები: გია ვაშაკიძე, ბენიამინ სანებლიძე და ელდარ გოგბერიშვილი. მათთვის მიყენებული მძიმე ფიზიკური დაზიანება ქსპერტიზამაც დაადასტურა. 17 თებერვალს რუსთავში წინასწარი დაკავების საკანში ანალოგიურად მოექცნენ დიმიტრი ჭიჭიბოშვილს. მარტში პოლიციელებმა დაკავებული აწამეს მარტვილის რაიონშიც. 5 მაისს წნორის რაიონის პოლიციაში სიკვდილის პირას მიიყვანეს ლეონიდ ბოიკო. ფაქტების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მათგან ერთია გამოსაყოფი, რამდენადაც მხოლოდ ამ ერთ ფაქტთან დაკავშირებით იყო გარკვეული რეაგირება. 23 მაისს გლდანი-ნაძალადევის რაიონულ პოლიციაში ნაწამები ხვიჩა კვირიკაშვილი პოლიციის განყოფილებიდან სახლში მიყვანის შემდეგ ნახევრ საათში გარდაიცვალა. ამის გამო ერთ-ერთ პოლიციელს 3 თვიანი წანასწარი პატიმრობა შეეფარდა. ეს არის და ეს.

ადამიანის უფლებების დამცველი ნანა კაკაბაძე წინასწარი დაკავების იზოლატორებში წამების ფაქტების გახშირებას უფლებების დამცველებისთვის ამ დაწესებულებების დახურვას უკავშირებს. რამდენადაც ცნობილია, გაუქმებულია იუსტიციის სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც წინასწარი დაკავების იზოლატორების კონტროლსაც ახორციელებდა. კონფერენციაზე “ერთობლივად -წამების წინააღმდეგ” შექმნილი ვითარება ნანა კაკაბაძემ ასე დაახასიათა:

[ნანა კაკაბაძის ხმა] “ არაფერი ალტერნატიული დღემდე არ შექმნილა, თუმცა ქაღალდზე არსებობს დებულება იმის შესახებ, რომ იუსტიციის სამინისტრო 50 კაციან მრჩეველთა საბჭოს ქმნის. თუმცა ამ დებულებაში მონიტორინგზე საუბარი არ არის. “

შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ვერ შეიქმნა ჯგუფი, რომელიც კონტროლს გაუწევს წინასწარი დაკავების საკნებს . ეს გაუმჭვირვალე სისტემა კი ქმნის დიდ საფრთხეს იმისას, რომ იქ ადამიანთა წამებას გააგრძელებენ, “ - თქვა ნანა კაკაბაძემ.

ჩვენი მსმენელისთვის ცნობილია წინასწარი დაკავების იზოლატორში ნაწამები პირის, გოჩა სამსიანის, ფსიქიატრიულ ესქპერტიზასთან დაკავშირებით აგორებული სკანდალი. როგორც გასულ ხუთშაბათს ვიუწყებოდით, იყო ზეწოლა ექსპერტებზე. მიუხედავად ამისა, ისინი არ დაჰყვნენ ქალაქის პროკურორს და არ დაწერეს ისეთი დასკვნა, როგორსაც მათგან მოითხოვდნენ. ზეწოლა ფსიქიატრიული ექსპერტიზის კომისიაზე, რომელიც, პირველად ბოლო წლების განმავლობაში, დამოუკიდებელი ექსპერტ- ფსიქიატრების ფართო წარმომადგენლობით ჩატარდა, 26 ივნისის კონფერენციაზე შეაფასეს როგორც საგანგაშო ფაქტი და მასზე სისხლის სამართლებრივი რეაგირება მოითხოვეს. კონფერენციაზე მისულმა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა გამოთქვა აზრი, რომ ეს ფაქტი პარლამენტის კედლებში იქნეს განხილული. მას შემდეგ კი მოვლენები ასე განვითარდა: ჯანდაცვის მინისტრმა ფსიქიატრიული ექსპერტიზის 13 კაციანი კომისია გააუქმა და გამოკვლეული პირის ალტერნატიული ექსპერტიზისთვის ეგრეთ წოდებულ ახალი ყაიდის კომისიას სათავეში წინა კომისიაში შემავალი სახელმწიფო ექსპერტი ჩაუყენა - ის, ვინც წინა კომისიის უმრავლესობის წინააღმდეგ წავიდა და თქვა, რომ გამოსაკვლევი პირი ავადმყოფობას იგონებს. ახალ კომისიაში, მის გარდა, ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექსპერტიზის განყოფილების კიდევ რამდენიმე ძირძველი თანამშრომელი შეიყვანეს და ძველი ყაიდის ექსპერტების ეს სინთეზი ორიოდე დამწყები ექსპერტით გააკეთილშობილეს.
ობიექტური დასკვნის დაწერა ახლა უკვე ასეთ კომისიას ევალება. ასეთია ფინალი დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით გაფართოებული ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების პირველი მცდელობისა. თუმცა დამოუკიდებელი ექსპერტები ბრძოლას განაგრძობენ და მათზე ზეწოლისა და, აგრეთვე, მათი დასკვნის ყალბ დასკვნად მოხსენიებისთვის ქალაქის პროკურორს უჩივიან.
XS
SM
MD
LG