Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის რეგიონში ვითარება დღითი დღე იძაბება, ოსურმა მხარემ ცხინვალისკენ მიმავალი გზები საგულდაგულოდ ჩაკეტა


ცხინვალის რეგიონში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ოსურ მხარეს დაკავებული ჰყავს 2 ქართველი, რომლებიც ცხინვალში ნათესავის სანახავად იყვნენ ჩასულნი.

ამას გარდა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ცხინვალში დაკავებულნი არიან საქართველოს უშიშროების სამსახურის თანამშრომლები. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფაქტო ადმინისტრაციის ძალისხმევით, საგულდაგულოდ არის ჩაკეტილი ცხინვალში შესასვლელი გზები. ამას გარდა, ოსურ მხარეს ჩაკეტილი აქვს როკის გვირაბი და ამ გვირაბის გახსნისთვის ერგნეთის ბაზრობის აღდგენას ითხოვს. ცხინვალიდან დანარჩენი საქართველოსკენ არ ატარებენ რუსეთიდან მომავალ სამგზავრო ავტობუსებს. საქართველოს ხელისუფლება კი ლარსის მონაკვეთზე დროებითი სავიზო გამშვები პუნქტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და აცხადებს, რომ კოკოითთან ვაჭრობას არ აპირებს.

ოსურმა მხარემ საქართველოსთან დროებით გავლებულ ყველა საზღვარზე საკუთარი ბლოკსაგუშაგოები განალაგა და ამ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებაზე მკაცრი კონტროლი დააწესა. ცხინვალი, შეიძლება ითქვას, ჩაკეტილია. იქ ქართველის შესვლა უკვე სარისკოა. ამას ადასტურებს ცხინვალში ნათესავების მოსანახულებლად ჩასული ქართველების, გრიშა ეგაძისა და ზვიად ლომაძის, დაკავება. ეგაძე და ლომაძე ცხინვალის რეგიონის სოფელ ფხვენისის მკვიდრნი არიან. ორი დღეა ისინი საპატიმროში ჰყავთ გამომწყვდეული. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ანალოგიურ მდგომარეობაშია საქართველოს უშიშროების სამსახურის 3 თანამშრომელი. ცხინვალში მათი დაკავების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ, საქართველოს უშიშროების სამინისტრო კი ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

[გიგი უგულავას ხმა] “უშიშროების მინისტრის გადაწყვეტილებით, სამინისტრო ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. ჩვენი მუშაობის სპეციფიკა მოითხოვს მოვლენების მიდევნებას. მე ამ შემთხვევაში არც უარვყოფ და არც ვადასტურებ ამ ფაქტს. უბრალოდ, კომენტარის გარეშე ვტოვებ. “

ფაქტი კომენტარის გარეშე მინისტრის მოადგილემ გიგი უგულავამ დატოვა. ცხინვალში კი ინფორმაციის უარყოფამდე რუსეთის საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებს განუმარტეს, რომ საქართველოს უშიშროების თანამშრომელთა დაკავება იყო საპასუხო ნაბიჯი კონფლიქტის ზონაში პარტიზანების შეყვანაზე.
კოკოითის ხელისუფლება, ასე ვთქვათ, ოსური სპეცსამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით, ირწმუნება, რომ საქართველოს მხარე ცხინვალის მიმართულებით სერიოზული მოქმედებებისთვის ემზადება და ამ მიზნისთვის რეგიონში პარტიზანები შეჰყავს. ცხინვალის შესასვლელ-გამოსასვლელების ჩაკეტვასაც ამით ხსნიან, თუმცა არის სხვა მოთხოვნაც - როკის გვირაბის გახსნის სანაცვლოდ ერგნეთის ბაზრობის განახლების მოთხოვნა. პასუხი ამ მოთხოვნაზე ასეთია:

[გიგი უგულავას ხმა] “კოკოითის მოთხოვნით, მოხდებოდა გზის გახსნა, თუ აღდგებოდა ვაჭრობა ერგნეთის კონტრაბანდულ ბაზარზე. ამ შემთხვევაში ჩვენთვის ვაჭრობა არის მიუღებელი. ჩვენ კრიმინალურ გარიგებაში არავისთან არ შევალთ. “

28 ივნისს ეს განცხადებაც გიგი უგულავამ გააკეთა. როკის ჩაკეტვას საქართველოს ხელისუფლება საქართველო-რუსეთის საზღვრის ლარსის მონაკვეთზე დროებითი სავიზო გამშვები პუნქტის გახსნით უპასუხებს. გაიცა განკარგულება იქ უმოკლეს ვადაში ამოქმედებულიყო გამარტივებული სავიზო რეჟიმი. შეგახსენებთ: მესამე დღეა, რაც, კოკოითის მითითებით, ცხინვალის გზა გადაკეტილია რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით და პირუკუ მოძრავი მგზავრებისთვის. უფრო მეტიც, კოკოითის რეჟიმმა დააკავა ერთ-ერთი სამგზავრო ავტობუსი. ჩვენი გორელი კორესპონდენტი გოგა აფციაური ორშაბათსაც ცხინვალის მისადგომებთან მუშაობდა. მან გვითხრა, რომ რეგიონის ქართულ სოფლებში სროლის ხმები ისევ აწუხებთ და რომ ამ სოფლების მოსახლეობა პანიკაშია.
XS
SM
MD
LG