Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აფასებენ აჭარაში ჩატარებულ არჩევნებს ამ არჩევნებში დამარცხებული პარტიების წარმომადგენლები


აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში 8 პოლიტიკური ორგანიზაცია და ერთი ბლოკი იღებდა მონაწილეობას. მათგან საარჩევნო ბარიერის გადალახვა

სერიოზული პრობლემა 7 სუბიექტისთვის აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების საბოლოო შედეგები დასაზუსტებელია, აჭარაში ჩატარებულ არჩევნებში დამარცხებას აღიარებენ მრეწველები და ლეიბორისტები. ამავდროულად, “ლეიბორისტულ პარტიაში” აჭარაში ახლახან და ადრე ჩატარებულ არჩევნებს შორის განსხვავებას ვერ ხედავენ, მრეწველთა პარტიაში კი მიიჩნევენ, რომ გარკვეული დარღვევების მიუხედავად, არჩევნებმა ავტონომიურ რესპუბლიკაში
ნორმალურად ჩაიარა. “ედპ-ტრადიციონალისტების” ბლოკის შედეგებთან დაკავშირებით ორშაბათს მწირი მონაცემები ჰქონდა აკაკი ასათიანს, ბლოკის წარმომადგენლები აჭარაში კი საარჩევნო დარღვევებზე საუბრობენ. აჭარაში საარჩევნო პროცესი იქ თბილისიდან ჩასული სახელისუფლებო აქტივისტების პრესს რომ განიცდიდა, ამას დამკვირვებლებიც აღნიშნავენ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში “ლეიბორისტული შრომის პარტიას” მონაწილეობა სრული ძალების მობილიზებით არ მიუღია. არჩევნებისთვის იქ, ძირითადად, “ლეიბორისტული პარტიის”ადგილობრივი ორგანიზაცია ემზადებოდა, ავტონომიის მოსახლეობას ხვდებოდა და მოუწოდებდა 20 ივნისს აჭარა არ მიეგდოთ საჯიჯგნად ბანდიტებისთვის. “აღნიშნულის მიუხედავად, ამ არჩევნებს დიდ მნიშვენლობას არ ვანიჭებდით, რადგან წინასწარ ვიცოდით მისი შედეგებიო,” -გვითხა “ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენელმა გელა დანელიამ. არჩევნების მეორე დღეს მას არ ჰქონდა წარმოდგენა ლეიბორისტების სავარაუდო შედეგზე. გელა დანელიამ გვითხრა, რომ აჭარაში საარჩევნო კომისიებში ლეიბორისტების წარმომადგენლებს არ მისცეს შემაჯამებელი ოქმები. ამ და სხვა მიზეზების გამო ლეიბორისტული პარტიის ეს წარმომადგენელი ვერ ხედავს განსხვავებას ამ არჩევნებსა და საქართველოში ადრე ჩატარებულ არჩევნებს შორის:

[გელა დანელიას ხმა] “იქ განხორციელდა არჩევნები იმავე ფორმით, რასაც აკეთებდა აბაშიძის რეჟიმი აჭარაში და შევარდნაძის რეჟიმი დანარჩენ საქართველოში. დაახლოებით იგივე სურათია, როგორც პროცესის თვალსაზრისით, ისე შედეგების დათვლის თავლსაზრისით. “(სტილი დაცულია)

აჭარაში ჩატარებულ არჩევნებზე გაცილებით მაღალი წარმოდგენისაა “მრეწველთა პარტიის” წარმომადგენელი ზურაბ ტყემალაძე. წინასწარი მონაცემებით, ბარიერს ქვემოთ დარჩენილებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ მრეწველებს აქვთ:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] “კაცმა მოგებაც უნდა იცოდე და წაგებაც. როგორც მეუბნებიან, ნორმალურად ჩაიარა, დარღვევები იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ მარტო დარღვვეები არ წყვეტს საქმეს. იცით, ხდებოდა ხოლმე ჩაყრები. ამისთანა ფაქტები არ დაუფიქსირებიათ ჩვენებს. “

მრეწველებს აჭარის პარლამენტში 3 წარმომადგენელი ჰყავდათ, “მრეწველთა პარტიამ” 20 ივნისის არჩევნებში მონაწილეობით ადგილობრივ ორგანიზაციას ძალების მოსინჯვის შანსი მისცა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ძალები “ედპ - ტრადიციონალისტების ბლოკმაც” მოსინჯა, თუმცა წარუმატებლად. 20 ივნისს არჩევნებს ტრადიციონალისტების წარმომადგენელი ირაკლი მელაშვილი “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” დამკვირვებლის სტატუსით აკვირდებოდა.

[ირაკლი მელაშვილის ხმა] “ კომისიის ადგილობრივი წევრები ცდილობდნენ არჩევნების სახე მიეღო ამ ყველაფერს, მაიმუნობის მიმართულებით აქტიურობდნენ თბილისიდან ჩამოსული ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები. “

აქტივისტები უხეშად ერეოდნენ საარჩევნო პროცესში, ასე რომ, თავს უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებადაც კი ასაღებდნენ. სხვა რომ აღარაფერი ვთქვათ, მათ არჩევნების წინა ღამეს ბათუმში მოაწყვეს აშკარა სააგიტაციო კონცერტი, რომელიც შუა ღამემდ ე ტელევიზიით გადაიცემოდა.

ირაკლი მელაშვილის აზრით, სწორედ აჭარაში თბილისიდან ჩასული აქტივისტების გამოისობით შედგა 20 ივნისის არჩევნები, ცოტა არ იყოს, “უხერხულ არჩევნებად”.
XS
SM
MD
LG