Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში


საქართველო და აზერბაიჯანი რეგიონში, ურთიერთობის თვალსაზრისით, გამორჩეულ მეზობლებად რჩებიან, რასაც ამ ქვეყნების პრეზიდენტებიც ადასტურებენ.


აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, თანმხლები დელეგაციით, თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 14 ივნისს, მიხეილ სააკაშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტების ერთობლივ ბრიფინგზე მან რამდენჯერმე გაუსვა ხაზი აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხების ძმურ ურთიერთობას და ისიც აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილთან არა მარტო კოლეგიალური, მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. ილჰამ ალიევთან მეგობრული ურთიერთობა მიხეილ სააკაშვილმაც აღნიშნა. ასე რომ, მეგობრებმა, საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, თბილისში ერთობლივ კომუნიკეს მოაწერეს ხელი. ამას გარდა, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის რამდენიმე შეთანხმებაც გაფორმდა.

მიხეილ სააკაშვილი ბაქოს მარტში სტუმრობდა, ილჰამ ალიევმა საპასუხო ვიზიტი საქართველოში ივნისში განახორციელა. მეუღლითა და საკმაოდ ფართო სახელმწიფო დელეგაციით, ის თბილისში იმყოფება. საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისა და აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმების გაფორმების შემდეგ, უკვე სამშაბათს, ის აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ საქართველოს რეგიონს, ქვემო ქართლს, ეწვევა და აზერბაიჯანელებთან შეხვედრას მარნეულში გამართავს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, თბილისში ჰეიდარ ალიევის სახელობის სკვერი იხსნება. ედუარდ შევარდნაძის მემკვიდრე საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ადასტურებს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ძმური ურთიერთობის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი სწორედ ჰეიდარ ალიევმა შეასრულა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ურთიერთობები ჩვენ შორის ვითარდება ძალიან დინამიურად, ჩქარი ტემპით. ეს არის აზერბაიჯანის ახალი პრეზიდენტის დამსახურება, ისევე როგორც მისი მამის ჰეიდარ ალიევისა, რომელმაც სრულიად ახლებურად დაინახა საქართველოს როლი აზერბაიჯანისთვის."

საქართველოს ახალი როლი აზერბაიჯანისთვის - ისევე როგორც აზერბაიჯანის ახალი როლი საქართველოსთვის - უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო პროექტებში ამ ორი ქვეყნის მონაწილეობამ გამოკვეთა. დიდი ნავთობსადენის, "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის", საქართველოს მონაკვეთის მშენებლობა ამ წელიწადში დასრულდება. ილხამ ალიევი ადასტურებს, რომ სწრაფი ტემპით მოხდება დიდი გაზსადენის პროექტის რეალიზაცია. ამას გარდა, აზერბაიჯანი გამოხატავს მზადყოფნას აქტიურად ჩაერთოს საქართველოს თურქეთთან დამაკავშირებელი დიდი სარკინიგზო პროექტის რეალიზაციაში. თბილისში ილხამ ალიევი გამოვიდა წინადადებით შეიქმნას საერთაშორისო კონსორციუმი ამ უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო პროექტთან დაკავშირებით.

ილჰამ ალიევის თბილიში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის უკვე მოეწერა ხელი დოკუმენტს სარკინიგზო გადაზიდვებზე ტარიფების შემცირების შესახებ.

"საქართველო და აზერბაიჯანი სრული ურთიერთგაგებით თანამშრომლობენ ორმხრივად და საერთაშორისო ორგანიზაციებშიც," -აღნიშნა თბილისში შემდგარ ბრიფინგზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. მის ნათქვამს საქართველოს პრეზიდენტმა მოაყოლა განმარტება იმის შესახებ, თუ როგორი გაგებით მოეკიდა აზერბაიჯანი, სხვა მეზობლისგან განსხვავებით, კონტრაბანდის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების გააქტიურებას წითელ ხიდთთან. მოკლედ, 14 ივნისს მიხეილ სააკაშვილი და ილხამ ალიევი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობებით ამაყობდნენ.

[ილხამ ალიევის ხმა]

"ჩვენ ვამაყობთ ამ ძმობით, ვამაყობთ ამ მეგობრობით. დღეს საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც ახალი ხელისუფლება ჰყავს, ქვეყნებს შორის ურთიერთობა კი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მათი ხელმძღვანელების ურთიერთობაზე. თბილისში დიდი დელეგაციით შემთხვევით არ ჩამოვსულვარ. მინდა რომ ამ დელეგაციის წევრებმა აქტური ურთიერთობა დაამყარონ თავიანთ ქართველ კოლეგებთან და ეს ურთიერთობა კონსტრუქციული ხასიათს იყოს. რაც შეეხება პრეზიდენტებს შორის ურთიერთგაგებას, ამაზე ლაპარაკი არც კი არის აუცილებელი. ჩვენს ქვეყნებს გაუმართლათ იმ მხრივ, რომ მათი პრეზიდენტები მეგობრები არიან."

რა არის წარმმართველი ორი ქვეყნის მეგობრულ ურთოერთობაში, ამ ქვეყნების ხალხთა ურთიერთობა თუ მათი ხელმძღვანელების, შესაძლოა, საკამათო თემა იყოს. ფაქტია , რომ ჰეიდარ ალიევისა და ედუარდ შევარდნაძის საქვეყნოდ ცნობილი მეგობრობის შემდეგ, მეგობრული გრძნობები უმცროს ალიევსა და მიხეილ სააკაშვილს შორისაც გაჩნდა.
XS
SM
MD
LG