Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავის პირველ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეერთებულ შტატებსა და ბელგიაში ვიზიტის შედეგები შეაჯამა


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პრესასთან ახლებურ ურთიერთობას იწყებს და თანამშრომლობისთვის ჟურნალისტებს გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს.

ჟურნალისტები ამ უწყების თანამშრომლებისგან ვეღარ მიიღებენ სატელეფონო კომენტარებს. კომენტარები მხოლოდ პირადი შეხვედრებისას გაკეთდება. ამას გარდა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საინფორმაციო საშუალებებს სთხოვს, მისი ოფიციალური განცხადებები ზუსტი ციტირებით გავრცელდეს. ეს ყველაფერი ითქვა საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის პირველ ბრიფინგზე, რომელსაც თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გელა ბეჟუაშვილიც ესწრებოდა. სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შედეგები შეაჯამა, გელა ბეჟუაშვილმა კი - ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში, გამართული შეხვედრების შედეგები. ორივე შემთხვევისთვის დასკვნა ის არის, რომ საქართველოს ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად განიხილავენ და მხარს უჭერენ მას. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით, აი, რა განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე:

[სალომე ზურაბიშვილის ხმა] "მოკლედ, საქართველო არის ყურადღების ცენტრში ამერიკაში. შეიძლება მოკლევადიანი იყოს ეს, მაგრამ ჩვენ ვართ, რაც ვართ, ამერიკაში. არავითარი კრიტიკა არ გამიგონია. ერთადერთი, რასაც გვისურვებენ, არის ის, რომ გავაგრძელოთ წინსვლა. "

" ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს, დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, წარმატებულ ქვეყნად განიხილავენ. საქართველოს მიმართ ამერიკელების ასეთი დამოკიდებულება თვალნათლივია პრესაშიც და თეთრ სახლშიც." - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მისივე თქმით, წარმატებული ვიზიტი ჰქონდა. ვიზიტის ფარგლებში კი იყო შეხვედრები თეთრი სახლის ადმინისტრაციის სხვადასხვა წარმომადგენლებთან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელთან შეხვედრა, რომელზეც საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანის აუცილებლობის საკითხი თავად პაუელმა დასვა:

[სალომე ზურაბიშვილის ხმა] "ნათელია, რომ არ გვაწყობს ამ ბაზების ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა. ამის შესახებ რუსებმა იციან და ამას არ ვყვირით არსად. თუ შეამჩნევდით, მე ამ საკითხზე არ გამოვედი ამერიკის შეერთებულ შტატებში, გამოვიდა პაუელი, რაც ნორმალურია. ისინიც ემზადებიან სტამბულის შეხვედრისთვის და მათი პოზიციაც ნათელია. "

კოლინ პაუელმა ადრე ნათქვამი გაიმეორა: "რუსეთის სამხედრო ბაზებმა საქართველოში დაკარგეს ყოველგვარი ფუნქცია და მათ უნდა დატოვონ საქართველოს ტერიტორია," - ასეთია მისი პოზიცია. ასეთია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაც, თუმცა, რუსეთთან ურთიერთობის გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, ისიც მომხრეა იმის , რომ სამხედრო ბაზების საკითხთან დაკავშირებით გამოიძებნოს ახალი მიდგომები.
ზურაბიშვილი სწორედ ამ ახალი მიდგომების ძიებით ხსნის გამოთქმულ წინადადებას, საქართველოში, რუსეთის სამხედრო ბაზების სანაცვლოდ, ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის თაობაზე, მაგრამ ეს ჯერჯერობით არის წინადადება, რომელზეც რუსეთის მხარეს სერიოზული რეაგირება ჯერ არ მოუხდენია. მინისტრს აწუხებს ის ფაქტი , რომ რუსეთის მხარეს ჯერ კიდევ არ დაუნიშნავს პასუხისმგებელი პირი ბაზების საკითხებზე საქართველოსთან მოსალაპარაკებლად.

სალომე ზურაბიშვილის შემდეგი მნიშვენლოვანი ვიზიტი იქნება სტამბულში, სადაც ნატოს სამიტი უნდა გაიმართოს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მნიშვნელოვნად მიიჩნევს შეხვედრას კოდოლიზა რაისთან, რომელიც სწორედ სტამბულში უნდა შედგეს. ნატოს სამიტმა ნატოსთან საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმა უნდა მიიღოს, რის შემდეგაც საქართველო თავისი ვალდებულებების შესრულებას დაიწყებს. გეგმა საბოლოო სახეს ბრიუსელში საქართველოს სამუშაო ჯგუფის ძალისხმევით იღებს. თუმცა გეგმის პროექტი, რომელიც ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე წარდგენილი იყო სახელწოდებით " 26 + 1", თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, უაღრესად დადებითად იქნა შეფასებული.

" ამერიკის შეერთებულ შტატებში და ნატოში აფასებენ საქართველოს მონაწილეობას ერაყის ოპერაციაში " - ითქვა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე. ცნობილი ხდება ისიც, რომ ნატო ითხოვს ექიმთა ბრიგადას ავღანეთისთვის და საქართველო განიხილავს ამ მოთხოვნის შესრულების შესაძლებლობას.

იყო შეხვედრები პენტაგონში, კონგრესშიც - როგორც რესპუბლიკელებთან, ისე დემოკრატებთან. სალომე ზურაბაშვილი ხაზს უსვამს, რომ საქართველოსადმი მხარდაჭერას ორივე პარტიის წარმომადგენლები ერნაირად გამოხატავენ.
XS
SM
MD
LG