Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის საქართველოს სახელმწიფოებრივ სივრცეში დასაბრუნებლად დასახული ღონისძიებები წინააღმდეგობებით, მაგრამ მაინც მიმდინარეობს


საქართველოს მთავრობის წევრებმა ცხინვალის რეგიონის სხვადასხვა სოფლებში სიარულს მოუხშირეს. 8 ივნისს საქართველოს ამბოხებულ რეგიონს ენერგეტიკის და ჯანდაცვის მინისტრები სტრუმრობდნენ:

ენერგეტიკის მინისტრი - სოფელ კეხვის ჰიდროელექტროსადგურის აღდგენასთან დაკავშირებული საკითხების შესასწავლად, ჯანდაცვის მინისტრი კი - ლიახვის ხეობის ქართული სოფლების მოსახლეობის სამედიცინო შემოწმების პროცესზე დასასწრებად. ენერგეტიკის და ჯანდაცვის მინისტრებამდე, ცხინვალის რეგიონს სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრიც სტუმრობდა. როგორც ცნობილია, კონფლიქტის ზონის ოსური სოფლების მოსახლეობისთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ შეძენილი დახმარება, სასუქი, ადგილზე პირადად მან ჩააცილა. ცხინვალის მიმართულებით დაიწყო სარკინიგზო ხაზის აღდგენაც. მინდა გესაუბროთ იმის შესახებ, თუ როგორ და რა წინააღმდეგობებით მიმდინარეობს ღონისძიებები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის საქართველოს სახელმწიფოებრივ სივრცეში დასაბრუნებლად დასახა.

დავიწყოთ ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის - როგორც ქართველებისთვის, ისე ოსებისთვის - პენსიების დარიგების მცდელობით. ეს პროცესი ჯერჯერობით მხოლოდ ლიახვის ხეობის ქართულ სოფლებში მიდის, რაც ჩვენთან საუბრისას "სახალხო ბანკის" წარმომადგენელმა დოდო ბოჭორიშვილმაც დაადასტურა. შეგახსენებთ: ლიახვის ხეობის ქართული სოფლების მოსახლეობაზე პენსიები სწორედ "სახალხო ბანკის" თამარაშენის ფილიალიდან გაიცემა.

[დოდო ბოჭორიშვილის ხმა] "თამარაშენის ფილიალის მეშვეობით ხდება ქართულ სოფლებში, 2500 ქართველზე, პენსიების გაცემა. ჩვენ მზად ვართ ცხინვალშიც გავხსნათ ფილიალი და ოსურ მოსახლეობასაც მოვემსახუროთ. "

"სახალხო ბანკის" მზადყოფნა ერთია, მეორე ის, თუ როგორ შეეგუება ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ცხინვალში ამ ბანკის ფილიალის გახსნას. ჩვენი ინფორმაციით, პროცესი სწორედ ოსური მხარის პოზიციის გამო ჭიანურდება. რაც შეეხება მოსახლეობის, კერძოდ კი, ოსების განწყობილებას - ისინი სიამოვნებით მიიღებენ პენსიას საქართველოს ბიუჯეტიდან, ისევე როგორც სიამოვნებით იღებენ პენსიებს რუსეთიდან. ეს განწყობილება ამ დღეებში ცხინვალის რეგიონში თბილისიდან ჩასულმა არაერთმა პირმა შეამჩნია. ამბოხებული რეგიონის ოსი მოსახლეობა საქართველოს ცენტრალური ხელსიუფლების დახმარებაზე უარს რომ არ ამბობს, ეს მათთვის სასუქის - ამონიუმის გვარჯილის - დარიგების პროცესმაც გამოააშკარავა:

[გიგა ქურდოვანიძის ხმა] "თითოეულ სოფელში შესვლისას ჩვენ თბილად გვხვდებოდნენ, გვიმასპინძლდებოდნენ ოსური ხაჭაპურებით და ლუდით და აღნიშნავდნენ, როგორ უხარიათ ურთიერთობების აღდგენა. "

სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი გიგა ქურდოვანიძე ცხინვალის რეგიონის ოსურ სოფლებში მინისტრს ახლდა, მაშინ როცა იქ საქართველოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულით შეძენილი სასუქის პირველი პარტია შევიდა. პირველ პარტიას მეორე პარტიაც მიჰყვა. ამ დღეებში რეგიონის სოფლებში 1000 ტონა ამონიუმის გვარჯილა ნაწილდება. ტონის ღირებულება კი, დაახლოებით, 120 დოლარია. ოსურ სოფლებში დახმარების შეტანას სერიოზული წინააღმდეგობა არ შეხვედრია. მცირე პრობლემები სამშვიდობო ძალების წარმომადგენლობის მხრიდან შეიქმნა.

" ფიზიკურად ოსები არც ნიქოზიდან ცხინვალისკენ სარკინიგზო ხაზის აღდგენის პროცესს დაპირისპირებიან, " - აცხადებს საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ირმა სტეფნაძე:

[ირმა სტეფნაძის ხმა] "მართალია, აქ როგორც ნიქოზის მოსახლეობა პატრულირებს, ისე შინაგანი ჯარი იცავს იმ აღდგენილ რკინიგზას, მაგრამ მათი მხრიდან დაზიანების ან რკინიგზის ლიანდაგების ხელახლა აყრის მცდელობას ადგილი არ ჰქონია. "

ეს ერთხელ უკვე მოხდა. ნიქოზიდან ცხინვალისკენ სარკინიგზო ხაზი კონფლიქტის პერიოდში მოიშალა - ჯერ ჩაიკეტა, შემდეგ გაიძარცვა. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხებით საქართველოს მხარემ 5 კილომეტრიანი ხაზის ძირითადი ნაწილი ბოლო კვირის მანძილზე აღადგინა. საქმის ბოლომდე მისაყვანად, დაახლოებით, 1 დღის სამუშაოა დარჩენილი. უკვე შეძენილია ის ლოკომოტივიც, რომელმაც რკინიგზის ამ მონაკვეთზე უნდა იმოძრაოს, თუმცა ოსური მხარე რკინიგზის აღდგენას აფერხებს, რადგან ამ პროცესს ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს ბარბაროსული შეჭრის მცდელობად განიხილავს.
XS
SM
MD
LG