Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უშლის ხელს საქართველოში ბიზნესის განვითარებას


საქართველოში მეწარმეები წლების მანძილზე ჩივიან იმის გამო, რომ მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის პირობებში კანონიერი გზით მოგებაზე წასვლისა და განვითარების შანსი არ გააჩნიათ.

ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლამ ამ პრობლემის გადაჭრის იმედი გააჩინა, მით უმეტეს, რომ მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობა საგადასახადო სისტემის გამარტივების დაპირებით დაიწყო. ამას გარდა, იყო დაპირება ფინანსური ამნისტიის შესახებ. უნდა გავიხსენოთ მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო დაპირებაც 2 წლის ვადით მცირე ბიზნესის გადასახადებისგან გათავისუფლების თაობაზე. საქართველოს ხელისუფლებაში მომხდარი რევოლუციური ცვლილებებიდან 6 თვე გავიდა. დაპირებები ჯერ არ შესრულებულა, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ პროექტი, რომელიც საგადასახადო კოდექსის გამარტივებისთვის იქმნება, დასრულების სტადიაშია და მთავრდება მუშაობა კანონპროექტზე საგადასახადო ლეგალიზაციის, ანუ ფინანსური ამნისტიის, შესახებ.


პრეზიდენტის დაპირების თანახმად, ფინანსური ამნისტია, ანუ ბიზნესის გათავისუფლება ძველი დავალიანების ნაწილისგან, 1 აპრილიდან უნდა განხორციელებულიყო. უკვე ივნისია. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ვარაუდობენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტი ფინანსური ამნისტიის შესახებ დაახლოებით 1 თვეში შევა, ისევე როგორც პროექტი, რომლის მიხედვითაც საგადასახადო კოდექსი უნდა შეიცვალოს. ორივე პროექტზე სპეციალური სამთავრობო კომისია მუშაობს, პრემიერ-მინიტრის მეთაურობით. საგადასახადო კანონმდებლობის გამარტივების პროცესიც და ფინანსური ამნისტიის გამოცხადების პროცესიც საგრძნობლად გაჭიანურდა. არადა, როგორც გადამხდელთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ისაკაძე ამბობს, ამნისტიას მეწარმეების მხრიდან გადასახადების სრულად და ღიად გადახდა მოჰყვებოდა.

[გიორგი ისაკაძის ხმა] "საბოლოო ვარიანტში იყო შეთანხმება იმაზე, რომ მილიონი ლარის მოცულობის თანხა ეპატიებოდა მეწარმეს ბიუჯეტის წინაშე და მოხდებოდა დანარჩენი ვალის რესტრუქტურიზაცია, თუ არ ვცდები, 15 წლიანი რეჟიმით. ამას ყველაფერს, რაღა თქმა უნდა, თან დაერთვებოდა ამნისტიის გამოცხადების დღიდან ამ გადასახადების სრულად და ღიად გადახდა. " (სტილი დაცულია)

გიორგი ისაკაძის ინფორმაციით, საბოლოო, ანუ დამუშავების სტადიაში არსებული, ვარიანტი აღარ აყენებს ბიზნესმენებს არათანაბარ მდგომარეობაში და აღარ სვამს კითხვას, ვის უნდა ეპატიოს ვალი და ვის - არა, ისე როგორც ეს პირვანდელ ვარიანტში იყო. რაც შეეხება საგადასახადო კანონმდებლობის გამარტივების გეგმას, ფინანსთა სამინისტროში განმიმარტეს, რომ ის გადასახადების გამარტივების მიმართულებით მუშავდება. უფრო კონკრეტული დეტალები ჯერჯერობით უცნობია. გადამხდელების მოთხოვნა კი ასეთია:

[გიორგი ისაკაძის ხმა] "მეწარმე ყოველთვის ეცდება, თავი აარიდოს გადასახადებს და სახელმწიფო ყოველთვის ეცდება, ის დაბეგროს . კოდექსი იმდენად მარტივი უნდა იყოს მეწარმისათვის, რომ მისთვის გადასახადების დამალვამ აზრი დაკარგოს. ამ შემთხვევაში ძალიან მარტივ და ნორმალურ ურთიერთობასთან გვექნებოდა საქმე. "

საგადასახადო კანონმდებლობის გამარტივებამდე საქმე რთულადაა. როგორც მცირე ბიზნესის ერთ-ერთი წარმომადგენელი სანდრო გაგნიძე ამბობს, მიმდინარე გადასახადების გამოთვლა იმდენად რთულია, რომ საკმაოდ სერიოზულ ბუღალტერიას საჭიროებს:

[სანდრო გაგნიძის ხმა] "მეწარმე ვერ გარკვეულა, ვის რამდენი უნდა გადაუხადოს და რა ინტენსივობით. არის სიტუაციები, როდესაც რამდენიმე ერთმანეთის მოქიშპე ორგანიზაცია ერთმანეთს ედავება, ვის დარჩება მეწარმეზე გავლენის ბერკეტები. ამ შემთხვევაში იკვეთება: საგადასახადო, რაიონული გამგეობები; თავისი წილი აქვს პოლიციას. ერთი სიტყვით, ვისაც არ ეზარება. " (სტილი დაცულია)

სანდრო ინტერნეტბიზნესს ეწევა და წუხს იმის გამო, რომ გადასახადებს ზუსტად იმ რაოდენობით იხდის, რა რაოდენობითაც, ვთქვათ, ფუნთუშების მწარმოებელი. "არადა, ფუნთუშების წარმოებას მოგება გაცილებით მალე მოაქვს, ვიდრე ჩვენს საქმესო," - ამბობს ის. დიფერენციაციის არარსებობამ, თავისთავად, პროდუქციის წარმოებაზე ორიენტირებული ბიზნესის შეფერხება გამოიწვია; სამაგიეროდ, სარესტორანო ბიზნესი განავითარა; ყველას ერთად კი არსებულმა საგადასახადო სისტემამ ორმაგი ბუღალტერიით მუშაობისკენ უბიძგა. მეწარმეს სახელმწიფომ სხვა გზა არ დაუტოვა. თუმცა არის დაპირება, რომ ყველაფერი კარგად იქნება:

[კახა ბენდუქიძის ხმა] " ყველაფერი კარგად იქნება. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ისეთი რეფორმების გატარებას, რომელიც 10 წლის შემდეგ გვათქმევინებს, რომ საქართველოში არის დინამიური ეკონომიკა. "

ვნახოთ. ეკონომიკის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელის იმედის გამართლება დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად სწრაფად და ეფექტურად მოხდება საგადასახადო სისტემის რეფორმირება.
XS
SM
MD
LG