Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ მიიტანა მიხეილ სააკაშვილმა იერიში ევროსაბჭოს გენერალურ მდივანზე


არის თუ არა ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მაღალხელფასიანი გათავხედებული ჩინოვნიკი? ანდა იღებდა თუ არა ის აჭარელი ქართველი ფეოდალისგან ძვირფას საჩუქრებს?

ამ შეკითხვებს აქტუალობა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვალტერ შვიმერის შესახებ საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლების განცხადებებმა შესძინა. ვალტერ შვიმერს მაღალხელფასიანი გათავხედებული ჩინოვნიკი პრეზიდენტმა სააკაშვილმა უწოდა, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ვანო მერაბიშვილმა კი მიანიშნა, რომ შვიმერი აჭარის ყოფილი მეთაურისგან ძვირფას საჩუქრებს იღებდა. ამ სკანდალურ განცხადებებს წინ უძღოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა საქართველოდან ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პლამენ ნიკოლოვის გაწვევის შესახებ. რატომ დაიძაბა ასე ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასა და ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შორის?

დატოვა თუ არა უკვე საქართველო პლამენ ნიკოლოვმა, ამის შესახებ საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლობაში კომენტარს არ აკეთებენ. ერთადერთი, რაც ჩვენ იქ გვითხრეს, იყო ის, რომ ორშაბათს ნიკოლოვი სამსახურში არ გამოცხადებულა. საქართველოში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის უკან გაწვევა საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა იმ მოტივით, რომ აჭარაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სტრასბურგს ის არასწორ ინფორმაციას აწვდიდა. მაგრამ პრეტენზიები მარტო ნიკოლოვის მიმართ არ ყოფილა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] " საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან გააძევა ევროპის საბჭოს წარმომადგენელი, რადგან ევროსაბჭომ გააკეთა განცხადება, რომ მხარეებმა დაკარგეეს დიალოგის უნარი. გეგონება, აქ მართლა ორი მხარე იყო და აჭარის საზოგადოება არაფერ შუაში იყო. ეს არ არის ევროპელის პოზიცია, ეს არის მაღალხელფასიანი გათავხედებული ჩინოვნიკის პოზიცია. შვიმერის თვალწინ დაარბიეს ბათუმში მიტინგი, - ადგა, ქუდი დაიხურა და წავიდა. "

ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა 9 მაისს ბათუმში გააკეთა. იქვე, უკვე 10 მაისს, მან ადრე ნათქვამს დასძინა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "არაფერი განსაკუთრებული განცხადება არ გამიკეთებია - ვთქვი ის, რაც იყო და ამას რა რეაქცია უნდა მოჰყოლოდა. "

იმაზე წარმოდგენის შესაქმნელად, თუ რა იყო, გავიხსენოთ, როგორ ეხმიანებოდა ევროსაბჭოს გენერალური მდივანი აჭარაში სულ ცოტა ხნის წინ განვითარებულ პროცესს.

2 მაისი - ვალტერ შვიმერი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოდან მიღებული ცნობების გამო და აცხადებს: "შოკის მომგვრელია ის, რომ ევროპის საბჭოს წევრ ერთ-ერთ ქვეყანაში, საქართველოში, ფეთქდება ხიდები, იმიტომ რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ და ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ დაკარგეს დიალოგის უნარი. "

6 მაისი - ევროსაბჭოს გენერალური მდივანი გამოთქვამს კმაყოფილებას იმის გამო, რომ აჭარის პრობლემა სისხლისღვრის გარეშე გადაწყდა და ამბობს, რომ ევროსაბჭო მზადაა ხელი შეუწყოს სათანადო სამართლებრივი ბაზის შემუშავებას საქართველოს სახელმწიფოში აჭარის სტატუსის განსასაზღვრად.

უფრო ადრე ვალტერ შვიმერს ჰქონდა პირდაპირი სატელეფონო საუბრები აჭარის ყოფილ მეთაურთან, შეხვედრები მასთან, ერთი მხრივ - სტრასბურგში, მეორე მხრივ - ბათუმში. საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ეს ყველაფერი არ მოსწონდა და თუ რატომ, ამაზე სათქმელი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ვანო მერაბიშვილმა თქვა. მან ეჭვი შეიტანა ევროსაბჭოს იმ მაღალხელფასიანი ჩინოვნიკების წესიერებაში, რომლებსაც ხელფასს დემოკრატიისა და თავისუფლების სამსახურში უხდიან:

[ვანო მერაბიშვილის ხმა] "ჩვენც ამ ადამიანებს ვუხდით ხელფასს და არა იმისთვის, რომ იარონ ქართველ ფეოდალებთან და ფასიანი საჩუქრები მიიღონ, არამედ იმისთვის, რომ ემსახურონ დემოკრატიას და თავისუფლებას. "

შეგახსენებთ, ეს იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ვანო მერაბიშვილის განცხადება. მისი თქმით, ევროსაბჭო მარტო შვიმერი არაა, ევროსაბჭო საქართველოცაა და საქართველოს დელეგაცია იქნება ძალიან პრინციპული ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის არჩევნებისას. მანამდე სტარსბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დასასწრებად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჩადის. ვალტერ შვიმერის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოთქმულ შეხედულებას ისიც ამართლებს. ასე რომ, ვნახოთ, როგორ შეხვდებიან მას იქ, საიდანაც მიხეილ სააკაშვილის აზრით, "შვიმერისნაირები" ჭკუას არ უნდა გვასწავლიდნენ.
XS
SM
MD
LG