Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა პრეტენზიები უკავშირდება საქართველოში ბოლო დროს ჩატარებულ არჩევნებს და ამ არჩევნებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს


"ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველოში ჩატარებული არჩევნები დასავლელ დამკვირვებლებს მკაცრად არ გაუკრიტიკებიათ. ეს არჩევნები მათ მიერ ადრე ჩატარებულ არჩევნებზე უკეთესად იქნა მიჩნეული,

თუმცა ამ, ერთი შეხედვით, უკეთესმა არჩევნებმა მაინც შექმნა საფუძველი იმისათვის, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს თუ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს სასამართლოსთვის მიემართათ. რა პრეტენზიები უკავშირდება საქართველოში ბოლო დროს ჩატარებულ არჩევნებს და ამ არჩევნებთან დაკავშირებით სასამართლოსა თუ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს?

დავიწყოთ ყველაზე აქტუალური სადავო საკითხით, რაც ხულოსა და ქობულეთის რაიონებში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ ხულოსა და ქობულეთის რაიონებში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხელახალი არჩევნები, შესაბამისი საარჩევნო ოლქების შედეგების ბათილად ცნობის შემდეგ, მომავალი კვირისთვის დანიშნა. ეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული სამსახურის ნახევარგვერდიანი დასკვნის საფუძველზე მოხდა. დასკვნაში ეწერა, რომ ქობულეთისა და ხულოს რაიონებში არჩევნები სერიოზული დარღვევებით ჩატარდა და რომ, სხვადასხვა მიზეზების გამო, ამ დარღვევების გადამოწმება შეუძლებელია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც" გაასაჩივრა და "დემოკრატიული აღორძინების კავშირმაც". გასაჩივრების მოტივი შემდეგი იყო: ამა თუ იმ საარჩევნო ოლქის შედეგების ბათილად ცნობისთვის გაბათილებული უნდა იყოს ოლქის უბნების 10 პროცენტზე მეტი - ეს ერთი და მეორე - ხელახალი არჩევნები ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებზე არ მივა ამომრჩეველთა ერთი მესამედი. სხვა შემთხვევაში მხოლოდ განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნაა შესაძლებელი. საოლქო სასამართლოს მოსარჩელე მხარეთა არგუმენტების საფუძვლიანობასა ან უსაფუძვლობაზე არ უმსჯელია, რადგან ისინი არასათანადო მოსარჩელეებად მიიჩნია. ეს განსაკუთრებით უცნაური "აღორძინების" მიმართ იყო. ჯერი უზენაეს სასამართლოზეა. იქ ამ დღეებში უნდა განიხილონ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" საკასაციო სარჩელი. ეს ორგანიზაცია ითხოვს ცესკოს იმ გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლის ძალითაც ხულოსა და ქობულეთის რაიონებში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის ემზადებიან. იქ უკვე ჩასულები არიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები და, როგორც ერთ-ერთმა მათგანმა სამშაბათს ჩვენთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა:

[ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის ხმა] "შეკრებილია მოსახლეობა. ხალხი ერთმანეთთან დაპირისპირებულია. ნაწილი ამბობს, რომ არ უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, ნაწილს კი მიაჩნია, რომ უნდა ჩატარდეს. "

ეს ამბავი ხულოს რაიონში ხდებოდა. ამ დღეებში იქ ჩასვლას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეც გეგმავს. კვირას დანიშნული ხელახალი არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობს, არადა, უზენაესმა სასამართლომ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კვირამდე უნდა გამოიტანოს.

[მალხაზ ღუღუნიშვილის ხმა] " თუ იტყვის სასამართლო, რომ არ არის სწორი ამ არჩევნების დანიშვნა, არჩევნები არ ჩატარდება და მთელი ეს სამზადისი წყალში ჩაიყრება. "

ბოლო პერიოდის არჩევნებთან დაკავშირებულ სადავო საკითხებს გაცილებით შორს, სტრასბურგის სასამართლოში, ასაჩივრებს შალვა ნათელაშვილი. სამშაბათს მან ჟურნალისტებს აუწყა, რომ ევროსასამართლომ ლეიბორისტების სარჩელი რეგისტრაციაში გაატარა. "ლეიბორისტულ პარტიაში" მიაჩნიათ, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ 1999 წლის მოწვევის პარლამენტმა მუშაობა უკანონოდ გააგრძელა და რომ უკანონო იყო მის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნაც. ამ პარტიამ სტრასბურგში 2 ნოემბრის პროპორციული არჩევნების შედეგების გაუქმებისა და მაჟორიტარული არჩევნების შედეგების ძალაში დარჩენის ფაქტიც გაასაჩივრა.
XS
SM
MD
LG