Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა როლი შეიძლება ჰქონდეს მომავალ პარლამენტში ოპოზიციას


"მემარჯვენე ოპოზიცია" არის ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომელსაც საქართველოს პარლამენტში მოხვედრის რეალური შანსი აქვს. საბოლოო მონაცემებთან მიახლოებული წინასწარი

მაჩვენებლებით, მას 7 პროცენტიანი ბარიერი გადალახული აქვს. არჩევნებზე გამოაშკარავებული დარღვევების გამო სხვადასხვა საარჩევნო უბნების შედეგების გაბათილების პროცესმა, ძნელი წარმოსადგენია, მემარჯვენეების და მრეწველების გაერთიანება საარჩევნო ბარიერს ქვემოთ დატოვოს, თუმცა ვნახოთ. მაინც, რა როლი შეიძლება ჰქონდეს მომავალ პარლამენტში ოპოზიციას, რომლის ავანგარდშიც, დიდი შანსია, "მემარჯვენე ოპოზიცია" ვიხილოთ?

28 მარტის საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებში პრინციპული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. "მემარჯვენე ოპოზიციის" ლიდერები საპარლამენტო გეგმების შესახებ საუბარზე უარს არ ამბობენ, რადგან უკვე რაღაც ძნელად წარმოსადგენი უნდა მოხდეს იმისათვის, რომ მათი ბლოკი პარლამენტს გარეთ დარჩეს. და თუმცა საქართველოში ძნელად წარმოსადგენის აბსოლუტური გამორიცხვა, ცოტა არ იყოს, რთულია, "მემარჯვენე ოპოზიციის" ლიდერს დავით გამყრელიძეს მაინც ვთხოვეთ განემარტა, როგორ წარმოუდგენია თავისი და თავისი თანამოაზრეების როლი მომავალ პარლამენტში.

[დავით გამყრელიძის ხმა] "ტვირთი საკმაოდ დიდია. ჩვენ მოგვიწევს ყველა მათ გადაწყვეტილებაზე, ყველა კანონპროექტზე ჩვენი განსხვავებული აზრის თუ ალტერნატიული პოზიციის მომზადება, გაანალიზება. პარლამენტი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ობიექტური ინფორმაცია მოიპოვო მთავრობის საქმიანობის შესახებ, ბიუჯეტის შესახებ და ასე შემდეგ. ამ ინფორმაციის გაჟღერება შემაკავებელი ფაქტორი უნდა იყოს ხელისუფლებისთვის, რათა იქ არ მიიღონ გაუაზრებელი გადაწყვეტილებები." (სტილი დაცულია)

იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების წინასწარი მონაცემები მნიშვნელოვნად არ შეიცვლება, "მემარჯვენე ოპოზიციას" პარლამენტში მინიმუმ 20 კაციანი ფრაქცია ეყოლება და, თუ რომელიმე ოპოზიციურად განწყობილი მაჟორიტარი გაიზიარებს მემარჯვენე ოპოზიციის პრინციპებს, ფრაქციის კარი მისთვის ღია იქნება. პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, დავით გამყრელიძეს გეგმაში აქვს ფრაქციის გაფართოებაზე მუშაობაც, მით უფრო, რომ ის მომავალ პარლამენტში გარკვეულ გადაჯგუფებებს არ გამორიცხავს.

[დავით გამყრელიძის ხმა] "მე არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული დროის შემდეგ შევძლებთ უმრავლესობაში ისეთი ადამიანების პოვნას, რომლებიც ჩვენს არგუმენტებს, ჩვენს პრინციპებს გაიზიარებენ და შეიძლება გარკვეულ შემთხვევებში გავლენაც მოვახდინოთ გადაწყვეტილებებზე."

ასეთი რამ ცოტა შორეულ მომავალში შეიძლება მოხდეს. მანამდე მომავალ პარლამენტში იქნება დიდი საპარლამენტო უმრავლესობა, რომელსაც ვერავინ შეუქმნის დაბრკოლებას ამა თუ იმ გადაწყვეტილების, ამა თუ იმ კანონპროექტის გატანაში. რამდენ ხანს შეინარჩუნებს ის მთლიანობას, ძნელი სათქმელია. სამაგიეროდ, ეჭვგარეშეა, რომ ახალი უმრავლესობის წევრებსაც ისეთივე მოთხოვნები წაეყენებათ, როგორსაც ძველებს უყენებდნენ.

[ედვარდ სურმანიძის ხმა] "დამოუკიდებელი პოზიცია უნდა იყოს, ყველა უნდა იბრძოდეს თავისი პოზიციის გატანისთვის, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ თვითნებობა და დამოუკიდებელი თამაში მიუღებელია. იმიტომ რომ მაშინ უმრავლესობა უმრავლესობა აღარ იქნება. "

ასე ფიქრობდა ედვარდ სურმანიძე მაშინ, როცა საქართველოს პარლამენტში ედუარდ შევარდნაძის მხარდამჭერ დიდ უმრავლესობას წარმოადგენდა. იმ უმრავლესობის დაშლაში მნიშვნელოვანი წვლილი დღევანდელმა "ახალმა მემარჯვენეებმაც" შეიტანეს. ამას დავით გამყრელიძე დღეს კმაყოფილებით იხსენებს, მაგრამ წარსული - წარსულად. მალე საქართველოში ახალი მოწვევის პარლამენტი უნდა ამოქმედდეს, პარლამენტი, სადაც ოპოზიციის მისია განსხვავებული შეხედულების გამოთქმა იქნება. შეძლებს კი ბიზნესიდან მოსული ფიგურებით წარმოდგენილი ძალა პრინციპულ ოპოზიციად წარმოჩნდეს?

[დავით გამყრელიძის ხმა] " ტერმინი - " შეშინებული ბიზნესი" პირველად ჩვენ ვიხმარეთ. მაგრამ შემდეგ ვთქვით, რომ არათუ შეშინებულ ბიზნესთან, საქმე გვაქვს შეშინებულ საზოგადოებასთან. ამიტომ მნიშვნელობა არა აქვს ვინმე წილის მფლობელია თუ არა. თუ ოპოზიციური აზრის მქონე დეპუტატს არ ექნება იმუნიტეტი, დეპუტატს, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, უნდა გამოვიდეს, ვთქვათ, პროკურატურის წინააღმდეგ, გართულდება საქმე. "

დავით გამყრელიძის აზრით, იმუნიტეტის გარეშე საპარლამენტო ოპოზიციაში გაჭირდება ოპოზიციურად განწყობილი დეპუტატების შენარჩუნება. ასეა თუ ისე, "მემარჯვენე ოპოზიცია", პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, აპირებს იყოს პრინციპული საგადასახადო რეფორმის მოთხოვნასთან დაკავშირებით და აპირებს იდგეს კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე.
არჩევნების შედეგები ჯერ კიდევ ზუსტდება. "მემარჯვენე ოპოზიციას" აქვს რეალური შანსი ახალ პარლამენტში ოპოზიციის ტრიბუნას მოერგოს და საზოგადოებას მიაწოდოს საკუთარი შეხედულებები ქვეყანაში და, კერძოდ, პარლამენტში მიმდინარე პროცესებზე.
XS
SM
MD
LG