Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელისუფლებო უმრავლესობის პერსპექტივები ახალ პარლამენტში


ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 28 მარტის არჩევნების შედეგებს აჯამებენ. საბოლოო ციფრები ჯერ არ გამოკვეთილა, თუმცა ცხადია, რომ საპარლამენტო არჩევნებში სახელისუფლებო ძალამ დიდი

უპირატესობით გაიმარჯვა. "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების" ერთ-ერთი წევრი, მიხეილ მაჭავარიანი, ამბობს, რომ სახელისუფლებო ძალა პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი. რა პერსპექტივები შეიძლება ჰქონდეს ასეთ უმრავლესობას? "ნაციონალური-მოძრაობა - დემოკრატების" ზოგიერთ სახეს ახალ პარლამენტში უმრავლესობა განუყოფელ ერთობად არ წარმოუდგენია და სამომავლოდ დასაშვებად მიაჩნია მისი წიაღიდან სხვადასხვა ფრაქციების აღმოცენება. სახელისუფლებო ძალის ზოგი წარმომადგენელი კი ღრმად არის დარწმუნებული, რომ ახალი უმრავლესობა ბოლომდე შეინარჩუნებს ერთიანობას. მინდა გესაუბროთ სახელისუფლებო უმრავლესობის პერსპექტივებზე ახალ პარლამენტში.


დავიწყოთ იმით, რომ კანონი რეგლამენტის შესახებ პარლამენტში ერთი პარტიული სიით გასულ შემადგენლობას უკრძალავს ერთზე მეტი ფრაქციის შექმნას. აკრძალვა ამ ცოტა ხნის წინ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად დაწესდა. რეგლამენტის შესახებ კანონის გარდა, ცვლილება შევიდა ცალკე არსებულ კანონშიც, რომელიც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ფრაქციების შექმნის წესს განსაზღვრავდა. მოკლედ, ახალ პარლამენტში ერთი პარტიული სიიდან ერთზე მეტი ფრაქცია ვერ შეიქმნება და თუ, ვთქვათ, "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების" სიით გასული შემადგენლობის ესა თუ ის ჯგუფი უმრავლესობას გაემიჯნა, მას ფრაქციის გარეშე, ჯგუფის სახით მოუწევს არსებობა. რევოლუციის შემდგომ პერიოდში მოქმედმა პარლამენტმა ასეთი წესის დაკანონებით მომავალი საპარლამენტო უმრავლესობის ერთიანობისთვისაც იზრუნა და ბიუჯეტისთვისაც. პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნა ხომ გარკვეულ ხარჯებს უკავშირდება, თუნდაც იმ მხრივ, რომ ფრაქციის თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს საკუთარი კაბინეტი, ემსახურებოდეს მანქანა და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს "ნაციონალური მოძრაობა -დემოკრატების" სახელით საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული რესპუბლიკელებისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. მათი ლიდერი დავით ბერძენიშვილი კმაყოფილია იმით, რომ 21-ე საუკუნის საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი იქნება ისეთი ძირძველი პარტია, როგორიც "რესპუბლიკური პარტიაა" და აცხადებს, რომ ახალ პარლამენტში რესპუბლიკელებს ვერავინ ვერაფერს უკარნახებს:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] "ჩვენ ნაცვლად ვერავინ განსაზღვრავს როგორი პოზიცია უნდა გვქონდეს. ბუნებრივია, ჩვენი წარმომადგენლობა იქნება პარტიული წარმომადგენლობა და მე როცა დავდგები მიკროფონთან, გამოვაცხადებ, რომ ვარ დავით ბერძენიშვილი, "რესპუბლიკური პარტიიდან". პრობლემა აქვთ დემოკრატებს. ჩვენგან განსხვავებით, მათ დადეს პირობა, რომ აუქმებენ პარტიას და უერთდებიან ნაციონალებს."

დემოკრატები პრობლემას არ აღიარებენ. თუმცა სავარაუდო საპარლამენტო უმრავლესობის სამომავლო ერთიანობაზე მათ ერთმანეთისგან მეტ-ნაკლებად განსხვავებული შეხედულებები აქვთ:

[ელენე თევდორაძის ხმა] "დღეს ჩვენ მოვდივართ ერთად შეკრულები, მაგრამ მუშაობა გვიჩვენებს, რამდენად შევძლებთ ერთიანობის შენარჩუნებას. "

ეს იყო ელენე თევდორაძე. მისგან განსხვავებით, დემოკრატების მაჟორიტარს მიხეილ მაჭავარიანს ახალი უმრავლესობის პერსპექტივებზე საუბარი არ უჭირს და იმედოვნებს, რომ ის მთელი 4 წლის მანძილზე შეძლებს ერთიანობის შენარჩუნებას. "ეს რომ ვერ შეძლო შევარდნაძის საპარლამენტო უმრავლესობამ, შევარდნაძის მიზეზით მოხდა," ამბობს მაჭავარიანი და ნათქვამს დასძენს, რომ ახალ პრეზიდენტს ძველისგან რადიკალურად განსხვავებული მოტივაციები ამოძრავებს, მათ შორის - საპარლამენტო უმრავლესობასთან დამოკიდებულებაშიც:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] " რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა შევეგუოთ გადაცდენებს, ვისგანაც უნდა მოდიოდეს ეს. კონფორმისტული არ უნდა იყოს ეს პარლამენტი და არც იქნება. ერთიანობის დაშლის საშიშროება, ვფიქრობ, არ არსებობს. მე იმედი მაქვს, რომ ის შენარჩუნდება მთელი 4 წელი."

ფრაქციის შემთხვევაში, იმედი გამართლდება, რადგან ერთი პარტიული სიით გასულებს ერთი ფრაქცია უნდა ჰყავდეთ. რაც შეეხება უმრავლესობას, არსებობს აზრი, რომ ის ერთიანობას მხოლოდ საწყის პერიოდში შეინარჩუნებს. ვნახოთ.
XS
SM
MD
LG