Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთიდან დევნილები ხელისუფლებას არჩევნების წინაც არ ახსენდება - ზუგდიდის რაიონში ჩასული პრეზიდენტი დევნილებს არ შეხვედრია


აფხაზეთიდან დევნილები ხელისუფლებას არჩევნების წინაც არ ახსენდება. არადა, დევნილების მნიშვნელოვანი ნაწილი ხელისუფლების შეცვლას მიესალმა და ახალ ხელისუფლებაზე

სერიოზული იმედები დაამყარა. არჩევნების წინ პრეზიდენტი სააკაშვილი ზუგდიდის რაიონში ჩავიდა. იყო მოლოდინი, რომ იქ ის, მკვიდრი მოსახლეობის გარდა, აფხაზეთიდან დვენილებსაც შეხვდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ზუგდიდის რაიონში დევნილები ყველაზე კომპაქტურად არიან განსახლებულნი და იქ მათ სოციალურად ყველაზე მეტად უჭირთ. უჭირთ საქართველოს სხვა რაიონებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებსაც, მათ შორის, თბილისში მცხოვრებთაც. დღეს მინდა გესაუბროთ მათ ყოფასა და იმედებზე და, აგრეთვე, იმაზე, თუ როგორ გაიხსენა ზუგდიდის რაიონში ჩასულმა მიხეილ სააკაშვილმა აფხაზეთის პრობლემა.

მიტინგს, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ზუგდიდის ცენტრში ჩაატარა, 2000 კაცი ესწრებოდა. მათ შორის, შესაძლოა, აფხაზეთიდან დევნილებიც ყოფილიყვნენ, რადგან ისინი ზუგდიდის რაიონში მრავლად არიან. პრეზიდენტს მათი დასახლება არ მოუნახულებია. დევნილები მან ზუგდიდის ცენტრში გამართულ მიტინგზე გამოსვლისას გაიხსენა. გამოთქვა იმედი, რომ ისინი შეძლებენ მშობლიურ კუთხეში დაბრუნებას, თქვა, რომ აფხაზეთის დაბრუნების გასაღები სამეგრელოშია და რომ საქართველოს გამთლიანება სამეგრელოდან უნდა დაიწყოს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "გასაღები ჩემი აფხაზეთის, ჩემი მთავარი მიზნის და ჩემი არსებობის გამართლების არის აქ, სამეგრელოში. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ საქართველო."

დევნილების მნიშვნელოვან ნაწილს სჯერა, რომ პრეზიდენტი შეძლებს მთავარი მიზნის მიღწევას. ჩვენი ზუგდიდელი კორესპონდენტის ლაშა ბერულავას ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონში მცხოვრები დევნილები მომავალს დღეს გაცილებით იმედიანად უყურებენ, ვიდრე რამდენიმე თვის წინ. არადა, ხელისუფლების შეცვლას მათი უმძიმესი ყოფითი პირობები ჯერ არ შეუმსუბუქებია. ზუგდიდის რაიონში ისინი, ძირითადად, მიტოვებულ შენობებში, მიტოვებულ ფერმებში ცხოვრობენ, ათოვთ და აწვიმთ, მათთვის არც ადრე იცლიდნენ და ჯერჯერობით არც დღეს მოუცლიათ.

აფხაზეთიდან დევნილების მნიშვნელოვანი ნაწილი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს თბილისშიც. მათ შორის არის ქალბატონი დალი, რომელიც შვილებთან ერთად სასტუმრო "ივერიის" ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს. მისი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი 11 ლარიანი შემწეობაა.

[გაგრელი დალის ხმა] " აქ არაფერი არ მაქვს, თორემ იქ ადამიანი ვიყავი. გაგრიდან ვარ. მეუღლე ომში დამეღუპა. დახმარებას ამის გამო არ ვღებულობ. არაფრის იმედი არ მაქვს. "

უიმედობას სოხუმელი ნაზიც ამჟღავნებს. მას რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებასაც და თბილისელებსაც აფხაზეთიდან დევნილები ეზედმეტებათ:

[ნაზის ხმა] "ჩვენ, ქართველები, მაშინ ვუნდოდით თბილისელებს და მთავრობას, როცა შავი ზღვა გვქონდა დასასვენებლად. უკვე ისეთი გრძნობა გვაქვს, რომ აქ ზედმეტები ვართ. "

ამ ქალბატონს ერთ სული აქვს, როდის დაბრუნდება სოხუმში, წარმოდგენა არა აქვს იმაზე, როდის და რა გზით შეიძლება მოხდეს ეს, თუმცა სჯერა, რომ დაბრუნებით აუცილებლად დაბრუნდება. სასტუმრო "ივერიაში " გაცილებით ოპტიმისტებსაც შევხვდი - დევნილებს, რომლებიც კმაყოფილნი არიან, მაგალითად, იმით, რომ მიზერული პენსიები უკვე დროულად ურიგდებათ.

[ერთ-ერთი დევნილის ხმა] "სააკაშვილის გვჯერა. შემოსავალი, ფაქტობრივად, არაფერი მაქვს. მეუღლეც ინვალიდი მყავს და შვილიც. ერთი შვილი ომში დამეღუპა. დახმარებას 11 ლარს ვიღებთ."

ასეთ ადამიანებს სჯერათ პრეზიდენტის და სჯერათ იმის, რომ აფხაზეთში დაბრუნდებიან. ხელისუფლებას კი ისინი არჩევნების წინაც არ გახსენებია.
XS
SM
MD
LG