Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის წარმომადგენლებს ბათუმის პორტში და სარფის საბაჟოზე მუშაობის დაწყებაში ხელი შეეშალათ


დაძაბულობა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და აჭარის ხელმძღვანელობას შორის განიმუხტა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ შორის ურთიერთობა მოგვარდა.

აჭარაში მივლენილ პრეზიდენტის წარმომადგენლებს ბათუმის პორტში და სარფის საბაჟოზე მუშაობის დაწყებაში ხელი შეეშალათ. მათთვის ორშაბათიც ისეთივე უქმე დღე აღმოჩნდა, როგორიც კვირა და შაბათი იყო. ასლან აბაშიძემ ავტონომიის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გაუქმების სანაცვლოდ ფოთის პორტში და ვალეს საბაჟოზე საკუთარი წარმომადგენლების დანიშნვა მოითხოვა, არადა, პრეზიდენტისა და ავტონომიის მეთაურის შეხვედრაზე ამ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა. ორშაბათს მიხეილ სააკაშვილი აჭარის ხელმძღვანელობას სანქციების აღდგენით დაემუქრა.

"ჩვენ შევასრულებთ ყველა მიღწეულ შეთანხმებას და არავითარ შემთხვევაში არ ვიტყვით მათზე უარს," - აცხადებს ასლან აბაშიძე, მიხეილ სააკაშვილი კი მას აჭარის მიმართ ეკონომიკური სანქციების აღდგენით ემუქრება.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] " მე მგონი, დაინახეს, რომ არ ვხურობ. თუ ორ დღეში საბაჟოში წარმომადგენლები არ დაინიშნება, კვლავ შევზღუდავ ტყვირთების მოძრაობას."

საქართველოს პრეზიდენტი მისი წარმომადგენლებისთვის პრობლემების შექმნამ აიძულა მუქარანარევი განცხადება გაეკეთებინა. ერთია ის, რომ ავტონომიის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გაუქმების პირობად აბაშიძემ ვალეს საბაჟოზე და ფოთის პორტში საკუთარი წარმომადგენლების დანიშვა მოითხოვა, მეორე ის, რომ აჭარაში მივლენილ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლებს, ვასილ სანოძეს და დავით ახალაიას, მუშაობის დაწყებაში ხელი შეეშალათ. ვასილ სანოძე საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელია ბათუმის პოტრში.

[ვასილ სანოძის ხმა] "ფიზიკურად ვერ ხერხდება ხელმძღვანელის ნახვა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვახორციელებთ ჩვენს უფლებამოსილებას. დირექტორის წარდგენის გარეშე მუშაობის დაწყება შეუძლებელია. "

ვასილ სანოძის მცდელობა დაკავშირებოდა ბათუმის პორტის დირექტორს, უშედეგო იყო. ორშაბათს მან ძლივძლივობით მოახერხა დირექტორის მოადგილესთან ტელეფონით გასაუბრება. მისგან განსხვავებით, სარფის საბაჟოზე მივლენილ პრეზიდენტის წარმომადგენელს საბაჟოს ხელმძღვანელთან შეხვედრა არ გასჭირვებია, თუმცა ამას სასურველი შედეგი არ მოჰყოლია. პრეზიდენტის წარმომადგენელი ორშაბათს ვერც სარფის საბაჟოზე ახორციელებდა თავის უფლებამოსილებას.

[დავით ახალაიას ხმა] "გუშიმ მეგონა, რომ დღეიდან დავიწყებდი მუშაობას, მაგრამ ხელის შეშლას აქვს ადგილი. შევხვდი საბაჟოს უფროსს - გვარიშვილს, რომელმაც მითხრა - "მე პატარა ადამიანი ვარ და ასლან აბაშიძესთან შეხვედრის გარეშე ვერაფერს გავაკეთებო". დღეს მთელი დღე ვზივარ სასტუმროში, ისევე როგორც გუშინ და გუშინწინ. "

დავით ახალაიას სარფის საბაჟოს ხელმძღვანელმა ლევან გვარიშვილმა უთხრა, რომ მას პირადად ასლან აბაშიძე შეხვდება. გამოდის, რომ პრეზიდენტის წარმომადგენელმა მუშაობა აჭარის მეთაურთან შეხვედრის შემდეგ უნდა დაიწყოს, თუმცა არ იცის, როდის შედგება ეს შეხვედრა. ასლან აბაშიძის მოთხოვნას ფოთის პორტსა და ვალეს საბაჟოზე საკუთარი წარმომადგენლების დანიშვნის თაობაზე სასაცილო უწოდა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ. მან ურჩია აჭარის მეთაურს, ნუ ეცდება პრეზიდენტთან თავის გატოლებას.

აჭარაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და თან არ მოქმედებს - ასე აღწერს ამ მხრივ იქ არსებულ მდგომარეობას ასლან აბაშიძის ოპოზიციური გაერთიანების, "ჩვენი აჭარის", ლიდერი თამაზ დიასამიძე. მისი თქმით, ბათუმის ქუჩებში თვალშისაცემი აღარ არიან შეიარაღებულები, თუმცა, მაგალითად, მწვანე კონცხთან ისევ დგას ტყვიამფრქვევი, რომლის ლულაც ზღვისკენ არის მიმართული. გაერთიანება " ჩვენი აჭარის" წარმომადგენლებს ორშაბათს ჰქონდათ წინასაარჩევნო შეხვედრები ქედის რაიონში. რაიონის ადმინისტრაცია ამ შეხვედრების ჩაშლას ადმინისტრაციული ცენტრისკენ მიმავალი გზების გადაკეტვით შეეცადა, მაგრამ შეხვედრები მაინც შედგა.
XS
SM
MD
LG