დავით კაკაბაძე:
გადაცემის მეორე ნაწილში გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" 529-ე გამოშვებას. დღეს შევეცდებით დავადგინოთ, რას ნიშნავს ევროპა ქართველებისათვის?; გიამბობთ საერთაშორისო პოლიტიკის ქართველი და პოლონელი ექსპერტების ნაყოფიერ თანამშრომლობაზე; მერე კი მუსიკის სამყაროში გადავინაცვლებთ: ჯერ, ირაკლი ჩარკვიანის ახალი ალბომის გამოსვლასთან დაკავშირებით, შემოგთავაზებთ ამ მუსიკოსის პორტრეტის რამდენიმე შტრიხს; ხოლო შემდეგ გამოვეხმაურებით ორ იუბილეს: დიდი ჩეხი კომპოზიტორის, ბედჟიხ სმეტანას 180-ე წლისთავსა და "სვინგის მამის", გლენ მილერის ასწლიან იუბილეს. "მეათე სტუდიას" პრაღიდან უძღვება დავით კაკაბაძე.
[მუსიკა]
რა არის ევროპა ქართველებისათვის?
დავით კაკაბაძე:
დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული საქართველოში მეტ-ნაკლები ინტენსივობით ყოველთვის მსჯელობდნენ, რას ნიშნავს ევროპელობა, რით არის და რით არ არის საქართველო ევროპის ნაწილი, როგორი ევროპელია ქართველი და ა.შ. ახალი ხელისუფლების განცხადებებმა ევროპაში საქართველოს ინტეგრაციის შესახებ ასეთ მსჯელობებს მორიგი ბიძგი მისცა. დავით პაიჭაძე დაესწრო დისკუსიას "რა არის ევროპა", რომელიც თბილისის წიგნის სახლში გაიმართა.
დავით პაიჭაძე:
დისკუსიაზე მთავარი მომხსენებელი ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე გახლდათ, რომელმაც ქართველთა ევროპისადმი მიმართების აღსაწერად მიხეილ ჯავახიშვილის პერსონაჟის, კვაჭი კვაჭანტირაძის, სიტყვები გაიხსენა: აი, წავიდა ევროპა და ჩვენ ისევ მარტო დავრჩით. ეს მიდგომა დისკუსიაზე ერთსულოვნად შერაცხეს ინფანტილურად და აღნიშნეს, რომ სწრაფვა, ეძიო ევროპაში მხოლოდ მფარველი, არ მიუთითებს ევროპელობაზე. ლაშა ბაქრაძემ ასეთი რამ დაუშვა: საქართველოს მეზობლად რომ არსებობდეს
[ლაშა ბაქრაძის ხმა] "ძლიერი, მაძღარი, რაღაც ახლოაღმოსავლური კავშირი, ხომ სრულიად შესაძლებელია, რომ საქართველომ თქვას: მე ვარ ამ სამყაროს ნაწილი? - მაშინ ეს გამოიწვევდა საქართველოს ისტორიის გარკვეულ ნეგატივიზაციას და წინა პლანზე ის მეფეები წამოიწევდნენ, რომლებიც ისლამს იღებდნენ. ისინი გახდებოდნენ მაგალითები, ნიმუშები. ეს მოხდებოდა უცებ, სწრაფად და უმტკივნეულოდ."
თეოლოგმა ნოდარ ლადარიამ, რომელმაც უპასუხა ლაშა ბაქრაძის დაშვებას, საკუთარ ევროპელობაში ქართველთა დაურწმუნებლობის ნიმუშად უმაღლეს ხელისუფალთა გამოთქმები გაიხსენა:
[ნოდარ ლადარიას ხმა] "მთელი ეს "მაშასადამე ევროპელები" და "უძველესი ევროპელები" მანიშნებელია არა იმდენად ყოყმანისა, რამდენადაც საკუთარ თავში დაურწმუნებლობის, ერთ ადგილზე ბარბაცის."
კულტუროლოგი სალომე ასათიანი კი შეეცადა გამოეკვეთა ერთი ტენდენცია, რომელიც ქართველების მიერ საკუთარი ევროპელობის ასეთმა გააზრებამ წარმოშვა:
[სალომე ასათიანის ხმა] "ქართველობის სტერეოტიპში უკვე ჩნდება უძველესი ევროპელობისა და ევროპისაკენ აუცილებელი სწრაფვის ცნება. ამ ნიადაგზე, მეჩვენება, რომ უკვე მოხდა, მაგალითად, ჩეჩნების ორიენტალიზაცია. თუ 90-ანი წლების დასაწყისში ჩეჩნებთან ერთად ჩვენ ვიყავით ერთიანი კავკასიური ეთნოსი და ვებრძოდით საერთო მტერს, დღეს ჩეჩნები არიან მუსულმანები, ჩამორჩენილები, ტერორისტები და ა.შ. რაც უფრო გაღრმავდება უძველესი ევროპელობის პროვინციული იდეა, მით უფრო მოიმატებს ჩვენი დისტანცია მეზობლებთან და მათი მოთავსება ჩამორჩენილობის სტერეოტიპში."
ქართველების მიერ ევროპის აღქმაზე ლაპარაკის დროს ნოდარ ლადარიამ აღნიშნა, რომ ის, გარკვეულწილად, არაადეკვატურია:
[ნოდარ ლადარიას ხმა] "ქართველები ზომაზე მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ ხელოვნებას, კულტურას და ა.შ. ევროპა საქართველოში არის ოპერის თეატრი. ჩვენ გვიხარია, ვინმე ჩვენიანი ევროპაში რომ იმღერებს. არა მარტო სიმდიდრისკენ სწრაფვა ჩანს აქ, არამედ თავის გამოჩენისკენ. თავის გამოჩენა კი ევროპაში ჯობს. ჩვენი არტისტიზმის მომენტიც ასრულებს აქ გარკვეულ როლს."
რაც შეეხება შრომას, დისციპლინას, პიროვნებისა და პიროვნული თავისუფლების აღიარებას ევროპაში, ლადარიას აზრით, საქართველოში ამაზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ, ისევე, როგორც იმ პასუხისმგებლობაზე, რაც ევროპაში ინტეგრირებას ახლავს.
[ნოდარ ლადარიას ხმა] "ჩვენ გაცილებით მეტი ტკივილი გველის მომავალი გარდაქმნისას, ვიდრე მაშინ განვიცადეთ, როცა რუსეთს შევუერთდით."
ჩვენი საუბრის მიწურულს ნოდარ ლადარიას ვკითხე, რჩება თუ არა რუსეთი საქართველოსთვის გზად ევროპასთან, ევროპულ ცივილიზაციასთან ზიარებისათვის - შეგახსენებთ, ამ აზრს სულ ბოლო დრომდე, 2003 წლის ჩათვლით, ავითარებდნენ ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური პარტნიორები, მაგალითად, ვახტანგ რჩეულიშვილი.
[ნოდარ ლადარიას ხმა] "არა! ასეთი Via Rossica ევროპისაკენ საქართველოსთვის უკვე არ არსებობს. შეიძლება, ცალკეულ ქართველებს სჯერათ ამის. რა დღიდანაც რუსეთმა გამორთო საქართველოში თავისი ტელემაუწყებლობა, OPT, PTP და სხვა არხები, იმ დღიდან ეს გზა აღარ არსებობს. რუსეთმა ამით ერთმნიშვნელოვნად გამოხატა თავისი დამოკიდებულება ქართველთა შორის განათლებისა და კულტურის შეტანისადმი: რუსეთს აღარ სურს, რაიმე გაგიზიაროს ამ მხრივ."
საგულისხმოა, რომ ეს სიტყვები ითქვა წიგნის სახლში: ეს ადგილი სავსეა რუსეთიდან იმპორტირებული წიგნებით, რომელთა უდიდეს ნაწილს სხვადასხვა ევროპული ენიდან თარგმნილი ლიტერატურა შეადგენს. ხაზი, ალბათ, იმას უნდა გავუსვათ, რომ ქართველი მკითხველისათვის უფრო მნიშვნელოვანია ამ წიგნების იმპორტი, ვიდრე რუსი გამომცემლისათვის - მათი ექსპორტი საქართველოში.
დავით პაიჭაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.
[მუსიკა]
საერთაშორისო პოლიტიკის ქართველი და პოლონელი ექსპერტები ნაყოფიერად თანამშრომლობენ
დავით კაკაბაძე:
ევროპისა და საქართველოს ურთიერთობაზე, თუმცა, სრულიად განსხვავებული კუთხით, გვექნება საუბარი ჩვენს შემდეგ სიუჟეტშიც. ბოლო ხანს აშკარად შეინიშნება პოსტსოციალისტური ქვეყნების ინტერესის ზრდა ზოგადად კავკასიის რეგიონის და, კერძოდ, საქართველოს მიმართ. ასეთი ქვეყნების რიცხვს პოლონეთიც ეკუთვნის. ამ ცოტა ხნის წინათ ვარშავის აღმოსავლეთის კვლევის ცენტრმა სემინარების ჩასატარებლად მიიწვია მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გია ნოდია და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევათა ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი. ამ უკანასკნელს გიორგი კაკაბაძე ესაუბრა.
გიორგი კაკაბაძე:
სემინარების მიზანს წარმოადგენდა პოლონელი კოლეგების ცოდნის გაღრმავება კავკასიასა და საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ და უფრო მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების დამყარება ორ ქვეყანას შორის. ქართველი ექსპერტების მიწვევა განაპირობა იმან, რომ პოლონეთი, ისევე როგორც სხვა პოსტსოციალისტური სახელმწიფოები და ბალტიის ქვეყნები, არის საქართველოს აქტიური მხარდამჭერი ევროინტეგრაციისა და ნატოსკენ მისწრაფების გზაზე. როგორც ალექსანდრე რონდელი აღნიშნავს:
[ალექსანდრე რონდელის ხმა] "პოლონეთის მნიშვნელობა ძალიან დიდია. ასევე ძალიან მაღალია ქვეყნისა და მისი პრეზიდენტის, ბატონ კვასნევსკის პრესტიჟი. ამიტომ უნდა ითქვას, რომ ასეთ ქვეყანაში და ასეთ ცენტრში მიწვევა ჩვენთვის დიდი პატივია."
ვარშავის აღმოსავლეთ ქვეყნების შესწავლის ცენტრში 80-მდე ექსპერტი- მკვლევარი მუშაობს. ცენტრი ქვეყნის პოლიტიკურ ელიტას აწვდის ინფორმაციასა და ანალიტიკურ მასალებს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების, აგრეთვე ირანისა და ავღანეთის შესახებ.
სემინარის პირველი დღეები, ძირითადად, ეროვნული უსაფრთხოების პრობლემებს დაეთმო. ჯგუფში გაერთიანებულნი იყვნენ ახალგაზრდა მკვლევარები.
[ალექსანდრე რონდელის ხმა] "რამდენიმე მათგანი თბილისში უკვე ნამყოფია და საქართველოში უმოგზაურიათ. უნდა ითქვას, რომ ისინი საქართველოს ისეთივე პატრიოტები არიან, როგორც პოლონეთის. აღსანიშნავია ისიც, რომ ისინი ძალიან კარგად ერკვევიან პრობლემებში, მაგრამ ჩვენი გამოცდილება მათთვისაც საინტერესო იყო."
სემინარები ჩაუტარდა აგრეთვე ცენტრის ყველა თანამშრომელს: უსაფრთხოებასთან ერთად განიხილებოდა საქართველოს შიდაპოლტიკური ვითარება და რეგიონული პრობლემატიკა. ერთ-ერთი დღე დაეთმო პრესასთან შეხვედრას. გარდა ამისა, ქართველმა ექსპერტებმა სემინარი ჩაატარეს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ალექსანდრე რონდელის თქმით, პოლონელი სპეციალისტები ძალიან კარგად იცნობენ საქართველოსა და კავკასიის რეგიონთან დაკავშირებულ პრობლემებს, მაგრამ, ბუნებრივია, არა ერთი კითხვაც უჩნდებოდათ. განსაკუთრებული ინტერესი გამოვლინდა ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა საქართველოს ურთიერთობები მეზობელ სახელმწიფოებთან, საქართველოს საშინაო პოლიტიკა, რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივები და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გრძელვადიანი გეგმები. უყურადღებოდ არც ენერგორესურსების ტრანზიტისა და ენერგომომარაგების პრობლემატიკა დარჩა.
[ალექსანდრე რონდელის ხმა] "იმიტომ რომ პოლონეთს ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს: ჩვენი ჩასვლის წინა დღეს რუსეთმა გაუთიშა გაზი ბელორუსიას და, მასთან ერთად, პოლონეთსა და გერმანიას; თან გერმანიას შეატყობინა, პოლონეთს კი არა. ამიტომ რამდენიმე საათის განმავლობაში პოლონელებმა არც იცოდნენ, თუ რა ხდება, - არადა, ამხელა ქვეყანა გაზის გარეშე დარჩა. ამას პოლონეთის ხელმძღვანელების საკმაოდ მკვახე რეაქცია მოჰყვა: ხომ არ ჰგონია რუსეთს, რომ პოლონეთი მისი ახლო საზღვარგარეთიაო, - ასეთი კომენტარი გააკეთეს მათ. პოლონეთში იგრძნეს, რომ რუსეთზე დამოკიდებულება საშიშია და ახლა უკვე ფიქრობენ იმაზე, რომ გერმანიის გავლით ნორვეგიიდან მიიღონ გაზი."
ალექსანდრე რონდელი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ პოლონელი კოლეგები დიდი სიმპათიით არიან გამსჭვალულნი საქართველოს მიმართ. "იგივეს თქმა შეიძლება ხელისუფლების შესახებ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ პოლონეთი ყოველთვის აქტიურად ჩაერთვება ყველა იმ პროცესში, რაც ამ ქვეყნის მიერ საქართველოსთვის დახმარების გაწევას დაუკავშირდება," - ამბობს ჩემი თანამოსაუბრე.
ალექსანდრე რონდელის თქმით, პოლონელები თავის ამოცანას ხედავენ იმაში, რომ მხარში ამოუდგნენ საქართველოს მის სწრაფვაში ევროპისა და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ.
[ალექსანდრე რონდელის ხმა] "ეს კიდევ უფრო კარგად იქნება გამოკვეთილი მომავალში. ალბათ, ზაფხულში საქართველოს ეწვევა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. და კიდევ: რამდენადაც ვიცი, პრეზიდენტმა კვასნევსკიმ მიიპატიჟა პრეზიდენტი სააკაშვილი და, ამდენად, ვფიქრობ, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უმაღლეს დონეზე კიდევ უფრო გაღრმავდება."
დავით კაკაბაძე:
აი, ასეთ ვარაუდს გამოთქვამს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევათა ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი, რომელსაც ჩვენი თბილისელი თანამშრომელი გიორგი კაკაბაძე შეხვდა. მე კი შეგახსენებთ, რომ თქვენ უსმენთ რადიო "თავისუფლების" ყოველკვირეულ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიას". და ბარემ აქვე გეტყვით, რომ მისი მეორე ნაწილი მთლიანად მუსიკას დაეთმობა.
[მუსიკა ირაკლი ჩარკვიანის ახალი ალბომიდან "სავსე"]
ირაკლი ჩარკვიანის ახალი დისკი
დავით კაკაბაძე:
ამ რამდენიმე დღის წინათ თბილისის ლიტერატურულ კაფეში ირაკლი ჩარკვიანის ახალი დისკის პრეზენტაცია გაიმართა. "სავსე" - ასე ეწოდება ალბომს, რომელიც სამამულო წარმოების დისკებისთვის უჩვეულოდ დაბალ ფასად, 11 ლარად, იმავე ლიტერატურულ კაფეში იყიდება. თავად მუსიკოსის თქმით, ახალი დისკი მის შემოქმედებით ცხოვრებაში ახალი ეტაპის დასაწყისად შეიძლება მივიჩნიოთ. რატომ? ამის დადგენას თამარ ჩიქოვანი შეეცადა.
[ირაკლი ჩარკვიანის ხმა] "იმდენად ამოწურული ვარ, ამ თვალსაზრისით, და იმდენად სავსე, - ამიტომ ჰქვია ალბომს "სავსე" - რომ, ფაქტობრივად, აღარ მყავს არავინ, ვისაც შემიძლია რამე დავაბრალო. ერთადერთი მთავარი გმირი ამ ალბომში და ჩემს დღევანდელ დღეს არის ირაკლი ჩარკვიანი - აბსულოტურად სრული და მთლიანი."
თამარ ჩიქოვანი:
როგორია სრული და მთლიანი ირაკლი ჩარკვიანი? ზუსტად ისეთი, როგორიც იგი 80-იანი და შემდგომი წლების თაობებს ახსოვთ: ოდნავ ირონიული, ოდნავ ნაღვლიანი და ძალიან განსხვავებული. არ ვიცი, რომელ მომღერალს მოუვიდოდა თავში იდეა, საკუთარი მუსიკალური სტუდიისთვის "მანგო-ზანგო" დაერქმია. სწორედ თავის "მანგო-ზანგოში" ჩაწერილ პირველ დისკს ჰქვია "სავსე", რომელშიც 14 სიმღერაა შესული. ამ 14 სიმღერიდან ერთი სიმღერა ქეთათოს ეკუთვნის, ერთ კომპოზიციაში მტირალა ბავშვის პარტიას ერთი თვის ნანა ჩარკვიანი ასრულებს, ერთი სიმღერის ავტორი კი მაქსიმე ჩარკვიანია. ამ სიმღერის ტექსტი საბჭოეთში აღზრდილი ადამიანისთვის კარგად ცნობილია - იმედია, საქართველოში ჯერ კიდევ ახსოვთ მაიაკოვსკის "Читайте, завидуйте..." ხომ არ მოეძალა ირაკლი ჩარკვიანს საბჭოეთის ნოსტალგია?
[ირაკლი ჩარკვიანის ხმა] "თვითონ ნოსტალგია იმ საბჭოთა კავშირისადმი არ არის, რა თქმა უნდა. ეს არის, უბრალოდ, ნოსტალგია მაიაკოვსკისადმი, ჩემი შვილისადმი სიყვარული, რომელიც არცთუ ისე ხშირია - იშვიათად ჩამოდის - ეს ჩემი და ჩემი შვილის კავშირია, ეს ჩემი და მაიაკოვსკის კავშირია, ეს საბჭოთა კავშირია და ჩემთვის მთავარი აქ ესთეტიკაა და არა ის, რაც იყო საბჭოთა კავშირი, იმ თავისი საშინელი ფორმებით, რომელიც მახსოვს და არავითარი სურვილი არ მაქვს, ეს განმეორდეს და კიდევ ვნახო." (სტილი დაცულია)
ვინ არის ირაკლი ჩარკვიანის მსმენელი? - მისი აზრით, კულტურული ადამიანები, ვისაც ნამდვილი მუსიკა უყვარს:
[ირაკლი ჩარკვიანის ხმა] "მე მაინც მგონია, რომ ეს მუსიკა მაინც ეკუთვნის კულტურულ ადამიანებს. არა მგონია, რომ შეიძლება ეს მუსიკა ატრიალო ცუდ რესტორანში."
და თუ ეს ასეა - ანუ თუ ირაკლი ჩარკვიანის მუსიკა კულტურულ ადამიანებს ეკუთვნით - შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში კულტურული ადამიანების სიმცირე ნამდვილად არ შეინიშნება. ჯერ ერთი, ირაკლი ჩარკვიანის ერთ-ერთი დისკის "ამოს" ყიდვა, პრაქტიკულად შეუძლებელია. და მეორე - ირაკლი ჩარკვიანის სიმღერებს ნოემბრის მოვლენების პერიოდში ათი ათასობით ადამიანი სიამოვნებით ისმენდა. დღეს ირაკლი ჩარკვიანი კვლავ სავსეა ოპტიმიზმით. იგი დარწმუნებულია, რომ ახალი ეპოქა ადამიანებს მეტი თავისუფლების შანსს აძლევს:
[ირაკლი ჩარკვიანის ხმა] "მთავარი, ძალიან მნიშვნელოვანი ეს არის - დრო. და დროის შეგრძნება. და დღეს ჩვენ, საქართველო, ფაქტობრივად, მსოფლიო დროს დავუბრუნდით. ანუ დღეს ჩვენ იმ დროში ვიმყოფებით, რომელშიც იმყოფება სამყარო. და ჩვენ თუ ამას გავაცნობიერებთ, ჩვენ ხვალ ვიქნებით უფრო ბედნიერები, ვიდრე ვართ დღეს. ამის შანსი გვაქვს დღეს. იმ ეპოქაში ამის შანსი არ გვქონდა. იქ იყო ერთ დრო."
რაც შეეხება პოპულარობას - დიახ, მას ცნობენ. დიახ, მისი სიმღერები მოსწონთ და უსმენენ. და მაინც, ეს, პოპულარობა, მისთვის უცხო არ არის, რადგან მიაჩნია, რომ ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო:
[ირაკლი ჩარკვიანის ხმა] "ყოველთვის რაღაც დონეზე მოდური ვიყავი. არ ვიცი, რატომ - ხანდახან მეტად, ხანდახან ნაკლებად, მაგრამ ეს ტალღისებური განვითარება ჩემში ყოველთვის იყო. ანუ ეს არ არის მხოლოდ მუსიკა. ირაკლი ჩარკვიანი რაღაც ყოველთვის იყო. რატომ იყო - წარმოდგენა არა მაქვს, მაგრამ იყო. ამიტომ არაფერი უცხო არ არის. ანუ დღეს მოდური ხარ, ხვალ არ ხარ მოდური. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ შენ შეინარჩუნო შენი მოდურობა. ყოველთვის იყო მოდური."
[მუსიკა ირაკლი ჩარკვიანის ალბომიდან "სავსე"]
დავით კაკაბაძე:
ასეთია ირაკლი ჩარკვიანი, რომლის პორტრეტის რამდენიმე შტრიხი თამარ ჩიქოვანმა შემოგვთავაზა. მუსიკაზე კი დღევანდელ "მეათე სტუდიაში" ჯერაც ბევრი გვაქვს სალაპარაკო.
[ნაწყვეტი ბედჟიხ სმეტანას "ჩემი მამულიდან"]
ჩეხეთი ბედჟიხ სმეტანას იუბილეს აღნიშნავს
დავით კაკაბაძე:
მელოდია, რომელსაც ახლა ისმენთ, ყველა ჩეხისთვის ბავშვობიდან ნაცნობი და საყვარელია - ეს გახლავთ ნაწყვეტი სიმფონიური ნაწარმოებიდან "ჩემი მამული". იგი მუსიკალურად აღწერს მდინარე ვლტავის დინებას - როგორ მორაკრაკებს პატარა წყარო ბოჰემიის ტყეში, როგორ თანდათან იკრებს ძალას და როგორ იქცევა დიდებული პრაღის მშვენებად. წელს ეს მელოდია ჩეხეთში განსაკუთრებით ხშირად ჟღერს - ჟღერს კონცერტებსა თუ საზეიმო ღონისძიებებზე, რომლებიც კომპოზიციის ავტორს, მის იუბილეს ეძღვნება. ეს კომპოზიტორი ბედჟიხ სმეტანა გახლავთ და რაკი მისი მშობლიური ჩეხეთი ჩვენი რადიოს შტაბბინის ადგილსამყოფელია, იუბილეს არც ჩვენ დავტოვებთ უყურადღებოდ. პრაღის ცენტრში ვლტავის ნაპირთან - ზუსტად იქ, სადაც ბედჟიხ სმეტანას ძეგლია აღმართული, მარიამ ჭიაურელი მივიდა.
[მდინარის ხმაური]
საქმე იუბილეს კი არა იუბილეებს ეხება: სამიოდე დღის წინ, 2 მარტს, შესრულდა 180 წელი ბედჟიხ სმეტანას დაბადებიდან, ორ თვეში კი - 12 მაისს - 120 წელი გავა მისი გარდაცვალებიდან. გამოდის, რომ ამჟამად ჩეხური კულტურისათვის მეტად მნიშვნელოვან ორ თარიღს შუა ვიმყოფებით. იმის გასარკვევად, თუ რა ადგილი ეკუთვნის ბედჟიხ სმეტანას ამ კულტურაში, სმეტანას მუზეუმში მოვედი და აქ, ვლტავის ნაპირთან აღმართულ მშვენიერ შენობაში მუსიკისმცოდნე მილან პოსპიშილთან საუბრის შესაძლებლობა მომეცა. მაშ ასე, რა ადგილი ეკუთვნის ბედჟიხ სმეტანას ჩეხურ კულტურაში?
[მილან პოსპიშილის ხმა] "ბედჟიხ სმეტანა როგორც ჩვენში, ისე მთელს მსოფლიოში მიჩნეულია ჩეხური ეროვნული მუსიკის ფუძემდებლად. მისი საკომპოზიციო სტილი ჩეხურ ეროვნულ ხასიათს შეესატყვისება. მან შეგნებულად, მიზანმიმართულად ჩაუყარა საფუძველი ჩეხურ ეროვნულ მუსიკას -ეს ამოცანად დაისახა გერმანიის ქალაქ ვაიმარში მომხდარი ერთი ამბის შემდეგ. იქ, გერმანელი კომპოზიტორების შეხვედრაზე ე.წ. "ახალი გერმანული სკოლის" ერთ-ერთმა წევრმა თქვა: ჩეხები კარგი შემსრულებლები არიან, მაგრამ საკუთარი, თვითმყოფადი მუსიკა არ გააჩნიათო. ამან სმეტანა გაანაწყენა და გადააწყვეტინა, დაემტკიცებინა, რომ ჩეხებს აქვთ საკუთარი მუსიკალური ენა. ეს, დაახლოებით, 1860 წელს მოხდა."
ეროვნული იდეა მე-19 საუკუნეში მთელს ევროპაში განიცდიდა აღმავლობას. ასე იყო ჩეხეთშიც, რომელსაც დიდი ხანია დაეკარგა სახელმწიფოებრიობა - პრაქტიკულად, ავსტრიის იმპერიის პროვინციად იყო ქცეული. ამ იმპერიაში კი ოფიციალურ, გნებავთ, სახელმწიფო ენად მხოლოდ გერმანულს აღიარებდნენ. ჩეხურმა მე-19 საუკუნეში შეიძინა ახალი მნიშვნელობა: ე.წ. "narodni obrozeni"-ის, ანუ "ეროვნული აღორძინების" დროს, როცა საკვანძო მნიშვნელობა ენას ენიჭებოდა.
მაგრამ ჩეხმა პატრიოტებმა ისიც იცოდნენ, რომ ეროვნული კულტურა მასშტაბური, მრავალფეროვანი ვერ იქნებოდა მუსიკის გარეშე და ამ მუსიკის შექმნას შეეჭიდა ბედჟიხ სმეტანა. მან მიზნად დაისახა ეროვნული ოპერის შექმნა ჩეხეთში, ისევე როგორც სტანისლავ მონიუშკომ პოლონეთში, ან, მოგვიანებით, ზაქარია ფალიაშვილმა - საქართველოში. ვიდრე ბედჟიხ სმეტანას მუზეუმში მოვიდოდი, ტელეფონით ვესაუბრე ქართველ მუსიკისმცოდნეს, გულბათ ტორაძეს:
[გულბათ ტორაძის ხმა - იხ. აუდიოჩანაწერი]
ბედჟიხ სმეტანამ პირველი ოპერის თემად აირჩია ეპიზოდი თავისი ქვეყნის ისტორიიდან "ბრანდენბურგელები ჩეხეთში". მაგრამ პოპულარობა მის მეორე ოპერას ხვდა წილად - პრაღის ეროვნულ ოპერაში 1866 წელს დადგმულ "გაყიდულ საპატარძლოს", კომედიას მოხერხებულ სოფლელ გოგონაზე, რომელიც მშობლების დიდი მონდომების მიუხედავად, მათთვის სასურველ სასიძოს კი არა, თავის სატრფოს მიჰყვება ცოლად.
[მუსიკა]
ისევ პროფესორი გულბათ ტორაძეს მოვუსმინოთ:

ბედჟიხ სმეტანას მართლაც არ ულხინდა - საკუთარი თავის, ოჯახის შენახვა მძიმე ამოცანა იყო. დირიჟორად
მიწვევა შვეციაში, სადაც ის რამდენჯერმე ჩავიდა, მართალია დიდ ეკონომიკურ შეღავათს ნიშნავდა, მაგრამ სმეტანას ოდნავ თუ აახლოვებდა სანუკვარ მიზანთან - გათავისუფლებულიყო ფულზე ზრუნვისაგან და მთელი დრო კომპოზიციებისათვის დაეთმო. როგორ მოხდა, რომ ჩეხური ეროვნული მუსიკის ფუძემდებელს სამშობლოში ხელს არ უწყობდნენ? ვეკითხები მუსიკისმცოდნე მილან პოსპიშილს.
[მილან პოსპიშილის ხმა] "ჩეხეთი მაშინ არ იყო ქვეყანა, რომელიც ხელოვანისათვის რიგიანი პირობების შექმნას შეძლებდა. სმეტანასავით, საარსებო მინიმუმისათვის ბრძოლა უხდებოდათ მწერლებს, მხატვრებს. სმეტანას მდგომარეობას ის აუარესებდა, რომ სმენა დაკარგა - თან შემოქმედებით მწვერვალს მიღწეულმა, 50 წლისამ. ეს ძალიან დიდი დანაკლისი იყო! ერთადერთ შემოსავლად რჩებოდა თეატრი, რომელიც ოპერების დადგმის უფლებისათვის ფულს უხდიდა. მაგრამ ეს შემოსავალი იმდენი არ იყო, რომ სმეტანას შეძლებოდა, ვთქვათ პრაღაში ეცხოვრა თავისი საზოგადოებრივი სტატუსის შესაფერისად. ეს იყო, მე ვიტყოდი, ჩეხეთის ეკონომიკის სისუსტის შედეგი. თუმცა, ალბათ, იმის შედეგიც, რომ მისი ბოლომდე არ ესმოდათ. სმეტანას ხომ მოგვიანებით ხვდა წილად ფართო აღიარება."
მართლაც, კომპოზიტორი, რომელიც 1877 წლის ოქტომბერში მეგობარს წერდა: "ხელოვანთა შორის ყველაზე უბედური მე ვარო", სიცოცხლის ბოლოს (სმეტანა 1884 წელს გარდაიცვალა) ეროვნულ გმირად იყო აღიარებული. მისი მუზეუმი კი, რომ იტყვიან, პრაღის გულშია განთავსებული - მიუხედავად იმისა, რომ, როგორც აქ მითხრეს, ამ შენობაში სმეტანას არასოდეს უცხოვრია.
[მილან პოსპიშილის ხმა] "ამ შენობას სმეტანასთან საერთო არაფერი აქვს. აქ პრაღაში შუა საუკუნეებიდან იდგა სახლები. ხოლო შენობა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, 1884 წელს აიგო, სმეტანას გარდაცვალების წელს. თავდაპირველად წყლის სადგური იყო, მიუხედავად იმისა, რომ ფასადი ნეორენესანსის სტილშია გაფორმებული და შენობა მდიდარი ბიურგერის სახლს მოგაგონებს. მაგრამ, როგორც თავად ხედვათ, ფანჯრებიდან ვლტავა მოჩანს, მოჩანს კარლოსის ხიდი და პრაღის ციხე-სიმაგრე: ეს პრაღის ულამაზესი ხედია. ამით არის კიდეც გამართლებული სმეტანას მუზეუმის აქ, ამ ადგილას განთავსება. ბოლოსდაბოლოს ვლტავას, რომლის პირასაც მუზეუმი დგას, გამორჩეული ადგილი ეკუთვნის სმეტანას შემოქმედებაში."
[მუსიკა. ბედჟიხ სმეტანა]
ისევ მოვუსმინოთ ყველა ჩეხისათვის ნაცნობ და საყვარელ მელოდიას - როგორც უკვე გითხარით, ის ჩეხეთში წელს განსაკუთრებით ხშირად ჟღერს.
[მუსიკა. ბედჟიხ სმეტანა]
ჯაზის სამყარო "სვინგის მამის" იუბილეს აღნიშნავს
გლენ მილერი - 100
დავით კაკაბაძე:
მუსიკის მოყვარულებს, და, ცხადია, არა მხოლოდ მათ, შეუძლიათ, კვლავაც დარჩნენ რადიომიმღებებთან.
[მუსიკა. "In The Mood"]
ჩვენს შემდგომ სიუჟეტში გესაუბრებით ჯაზის გამოჩენილ მუსიკოსზე, "სვინგის მამად" წოდებულ გლენ მილერზე, რომლის დაბადებიდან ასი წელი შესრულდა 1 მარტს. მართალია, ბედმა მხოლოდ 40 წლის სიცოცხლე არგუნა, მაგრამ მისი კომპოზიციები, "ჩატანუგა ჩუ-ჩუ", "მთვარის სერენადა" თუ სხვანი, დღემდე ატყვევებს მსმენელს. 1944 წელს გაურკვეველ გარემოებებში დაღუპული მილერის მელოდიების თანხლებით არაერთი თაობა ცეკვავდა და ცეკვავს. მის უკვდავ ჰიტებზე მოთხოვნილება დღემდე არ დამცხრალა. გლენ მილერის შესახებ მასალა ბიძინა რამიშვილმა მოამზადა.
[მუსიკა. "In The Mood"]
ბიძინა რამიშვილი:
ჯაზბენდის ლიდერი აიოვის შტატიდან 1939 წელს გახდა ცნობილი სწორედ ამ ჰიტით სახელწოდებით In The Mood. ცოტა ხანში მისი ორკესტრი შეერთებულ შტატებში სვინგის ყველაზე პოპულარულ ბენდად იქცა და თავად "სვინგის მამად" წოდებული ბენი გუდმანი მოაქცია ჩრდილში. გლენ მილერი წარმატების მწვერვალზე იყო 1939-41 წლებში. სულ მალე კი, 1944 წლის 15 დეკემბერს მისი ბრწყინვალე კარიერა უდროოდ შეწყდა.
მისი თვითმფრინავი, რომელიც ბრიტანეთიდან მიემართებოდა საფრანგეთში, სადაც მილერს კონცერტი უნდა გაემართა ამერიკელი ჯარისკაცებისთვის, გზაში გაუჩინარდა. კატასტროფის გარემოებები დღემდე არ არის ცნობილი. ლა მანშის სრუტის თავზე მომხდარის შესახებ მრავალი თეორია არსებობს: ყინულის ფენა თვითმფრინავის ფრთებზე, ბრიტანული ავიაციის იერიში და სხვ. იმასაც კი ამბობენ, რომ მილერმა მშვიდობიანად ჩააღწია საფრანეთში, მაგრამ პარიზში მეძავის მკლავებში დალია სული.
მისი მემკვიდეები, მათ შორის, ტექს ბენეკი, ჯერი გრეი და ბადი დე ფრანკო, სვინგის ეპოქის შემდეგაც დიდი წარმატებით უძღვებოდნენ მილერის ორკესტრს. მაგრამ სხვა დიდმა ორკესტრებმაც გადაიღეს მისი სტილი.
გლენ მილერს, რომელიც საშუალო დონის ტრომბონისტი გახლდათ, წარმატება ერთ დღეში არ სწვევია. 13 წლის ასაკში ფულით, რომელიც ძროხების წველით ჰქონდა მოგროვებული, ერთი მკერავისგან შეისყიდა ნახმარი ტრომბონი. კოლორადოს უნივერსიტეტში სწავლისას სტუდენტურ კაპელაში უკრავდა, მოგვიანებით კი რამდენიმე უცნობ ჯაზბენდში. 1927 წელს მედოლე ბენ პოლაკის ორკესტრს შეუერთდა. პოლაკისთვის იგი არანჟირებასაც აკეთებდა. 1928 წელს თავის სატრფოსთან, ჰელენ ბერგერთან ერთად ნიუ იორკში გადასახლდა.
ათი წლის შემდეგ მილერმა თავის განუმეორებელ ჟღერადობას მიაგნო და მის მეშვეობით დაიპყრო ჯაზის მოყვარულთა გულები. ე.წ. ტიპური "მილერის ბგერა" წარმოიშვა იმის შედეგად, რომ მან ბიგ ბენდებში გავრცელებული ტრადიციის საპირისპიროდ ალტ-საქსოფონის წამყვანი პარტიები კლარნეტს დაუთმო. ამით მან მიაღწია განსაკუთრებით რბილ და ჰარმონიულ ჟღერადობას, რაც აბსოლუტურ სიზუსტესა და სვინგის რიტმთან ერთად გლენ მილერის ორკესტრის სამარკო ნიშნად იქცა.
[მუსიკა. "American Patrol"]
მაგრამ გლენ მილერის ორკესტრის ნელ კომპოზიციებს ზოგჯერ არკიტიკებენ ზედმეტად დატკბილული სტილისთვის. ჯაზის სპეციალისტები მას აგდებით უწოდებენ ხოლმე კაფეში დასაკრავ მუსიკას. მაგრამ ამგვარ კრიტიკას დიდი ზიანი არ მიუყენებია მისი პოპულარობისთვის.
მილერი იმდროინდელი სვინგის ბენდლიდერებისთვის წარმოუდგენელ თანხას, წელიწადში 150 ათას დოლარს იღებდა. მის მიერ დაწერილი "ჩატანუგა ჩუ-ჩუ" მილიონზე უფრო მეტჯერ გაიყიდა და მსოფლიოში პირველს მოუპოვა ოქროს დისკი.
[მუსიკა. "Chattanooga Choo-Choo"]
წარმატებულ ბენდლიდერს ჰოლივუდმაც მიუკაკუნა კარზე. მას და მის ორკესტრს წამყვანი ადგილი ეთმობა ფილმში "მზიური ველის სერენადა", რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირშიც მოხვდა და ჩვენი რადიომსმენელების შედარებით ასაკოვან ნაწილშიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
გლენ მილერი საბოლოოდ იქცა ამერიკელთა კერპად მას შემდეგ, რაც 1942 წელს თავისი ორკესტრი დაშალა და ჯარში წავიდა, რათა სამხედრო-საჰაერო ძალების ბენდით გაემხნევებინა ევროპაში განთავსებული ამერიკელი ჯარისკაცები. ცნობილია, რომ მის მუსიკას თავად მოწინააღმდეგე ბანაკშიც უსმენდნენ მალულად ბი-ბი-სი-ს ტალღებზე.
[მუსიკა. "Chattanooga Choo-Choo"]
დავით კაკაბაძე:
"ჩატანუგა ჩუ-ჩუ" - ასე ჰქვია ამ კომპოზიციას, რომელმაც გლენ მილერს თავის დროზე საქვეყნო აღიარება მოუტანა და, დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანისთვისაც კარგად არის ნაცნობი. ვოკალის პარტიას კი ბიძინა რამიშვილის მიერ ნახსენები ტექს ბენეკი ასრულებს. ამით დღევანდელ "მეათე სტუდიას" ვამთავრებთ. რადიოჟურნალი პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა, ბიძინა რამიშვილმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გადაცემას დავით კაკაბაძე უძღვებოდა. მომავალ შეხვედრამდე.