Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაურკვევლობები, რომლებიც ეროვნული თანხმობისთვის გადადგმულ ნაბიჯს ახლავს


იყო დრო, როცა საქართველოს ტელევიზიით უჩვენებდნენ კადრებს იმის შესახებ, თუ როგორ უსწორდებოდნენ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლები გამსახურდიას ხელისუფლებასთან

დაპირისპირებულებს. დღეს საქართველოს ტელევიზიები საზოგადოებას შეახსენებენ, როგორ არბევდნენ და ხოცავდნენ გამსახურდიას მომხრეებს ხელისუფლებაში ედუარდ შევარდნაძის მოსვლის შემდეგ. 1991-92 წლის ცნობილი მოვლენის ცალმხრივად გახსენების მოთხოვნა ვერ დაიძლია და ვერ დაიძლია ვერც ეროვნული თანხმობის მიღწევის პროცესის ცალმხრივად წარმართვის ტენდენცია. საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ეროვნული თანხმობის მიღწევის პროცესში ჩართო მხოლოდ ერთი მხარე - ზვიად გამსახურდიას მხარე, ეროვნული თანხმობის დეკლარაცია გამსახურდიას დროინდელ უზენაეს საბჭოსთან გააფორმა. როგორ უყურებენ 10 წლის წინანდელ დაპირისპირებაში მონაწილეები ამ ახალ ინიციატივას?

გამსახურდიას დროინდელ უზენაეს საბჭოსთან გაფორმებული დეკლარაციით, მიხეილ სააკაშვილმა გამოხატა პოლიტიკური ნება - აღიაროს პოლიტპატიმრებად სამოქალაქო დაპირისპირების პერიოდში ჩადენილი დანაშაულებისთვის გასამართლებული პირები, პირველ რიგში, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლები, გაათავისუფლოს ისინი, მოახდინოს ზვიად გამსახურდიას სახელის რეაბილიტაცია და ამით წერტილი დაუსვას საზოგადოებაში სხვადასხვა ბანაკების არსებობას. ეროვნული თანხმობის დეკლარაციის გაფორმება იყო სააკაშვილის პირველი ნაბიჯი პრეზიდენტის ამპლუაში - ერთი შეხედვით, კეთილშობილური ჟესტი, თუმცა მან რამდენიმე შეკითხვა გააჩინა. პირველი - რატომ ხდება მართლმსაჯულების პოლიტიკური ნებისთვის დაქვემდებარება, პირველ რიგში, ზვიადისტების გულის მოსაგებად? რატომ წარმოადგენს ეროვნული თანხმობის მიღწევის საკითხებზე შექმნილ სამთავრობო კომისიას სამოქალაქო დაპირისპირების ერთი მხარე - გურამ აბსანძე? და კიდევ:

[მამუკა გიორგაძის ხმა] "რაში ვთანხმდებით? რა იყო ის, რაზეც ადრე ვერ შევთანხმდით? რა არის ის, რაზეც დღეს ვთანხმდებით? ყველაფერს თავი დავანებოთ - იგივე ზვიდისტური ნაწილი ერთმანეთს მოღალატეებს ეძახდნენ და ერთმანეთთან უფრო აქვთ შესარიგებელი, ვიდრე სხვასთან. ან ვინ თანხმდება ერთმანეთთან? პირობითად ავიღოთ, დაპირისპირებულები მე და ზვიად ძიძიგური ვიყავით. დღეს მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს! " (სტილი დაცულია)

მამუკა გიორგაძე, როგორც "ეროვნულ-დემოკრატიული" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და აქტიური ოპოზიციონერი, გამსახურდიას ხელისუფლებამ სახელმწიფო ტელევიზიის შენობის პიკეტირებისთვის დააპატიმრა. ეროვნული თანხმობისთვის დღევანდელი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯი მას შევარდნაძის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აგონებს - ნაბიჯებს ეროვნული თანხმობის იდეით სპეკულირებისა და არა რეალური თანხმობისთვის. დაახლოებით, ასევე ფიქრობს დოდო გუგეშაშვილიც. ის, როგორც "მხედრიონის" წარმომადგენელი, ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდში პრეფექტურის ინსტიტუტის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობისთვის იყო დაპატიმრებული . "სამოქალაქო ომი იყო სამარცხვინო მოვლენა და მასში მონაწილეობის გამო პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა," - ამბობს ჯაბა იოსელიანის ერთ-ერთი თანამებრძოლი და ამ ომზე პასუხისმგებლობის დიდი ნაწილის "მხედრიონზე" დაკისრების მორიგ ტენდენციას აპროტესტებს:

[დოდო გუგეშაშვილის ხმა] "სამოქალაქო ომი დაიწყო გამსახურდიას ხელისუფლების შიგნით. გამსახურდიას დაუპირისპირდა თავისივე გვარდია, თავისივე უზენაესი საბჭოს უდიდესი ნაწილი და მხედრიონი ჩაერთო მერე, რომ სამოქალაქო ომი დროულად დამთავრებულიყო და დიდხანს არ გაგრძელებულიყო."

ეს იყო ფაქტი, რის შემდეგაც სამოქალაქო დაპირისპირება დიდხანს გაგრძელდა. ყოფილი მხედრიონელები ეროვნული თანხმობის მიღწევისთვის ითხოვენ სამოქალაქო დაპირისპირებაში დაღუპულების საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულებად შერაცხვას, რადგან ორივე მხარეს სჯეროდა, რომ საქართველოსთვის იბრძოდნენ; ასევე, სამოქალაქო დაპირისპირების პერიოდში ჩადენილი დანაშაულებისთვის გასამართლებულთა უპირობო გათავისუფლებას, რომელ მხარესაც არ უნდა წარმოადგენდნენ ისინი, და აფხაზეთის ომში მონაწილე პატიმრების შეწყალებას.
XS
SM
MD
LG