Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სპეცოპერაციებით


საქართველოში კორუფციაში ეჭვმიტანილების დაპატიმრებები გრძელდება. ახალი ხელისუფლება ამას სპეცოპერაციებით ახორციელებს, მიუხედავად იმისა, ამა თუ იმ პირის დასაკავებლად

არის თუ არა საჭირო სპეცოპერაცია. მერაბ ჟორდანიას, დავით მირცხულავასა და აკაკი ჩხაიძის დაკავების შემდეგ სამართალდამცავები ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის ლევან მამალაძისა და სხვა ყოფილი თუ მოქმედი ჩინოვნიკების აყვანას გეგმავენ. მათ შორის იგულისხმება აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე ომარ გოგიაც, რომლის დაკავებაც ვერ მოხერხდა 20 იანვარს იმელის შენობაში ჩატარებული სპეცოპერაციით. აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს 10 მილიონი ლარის მითვისებაში ედება ბრალი. გენერალური პროკურატურის ახალი ხელმძღვანელობა ამ ორგანოში თაროზე შემოდებული საქმეებით ინტერესდება. როგორც ჩანს, კორუფციაში ეჭვმიტანილთა დაპატიმრებების პროცესი ბევრს შეეხება.

სენს, რომელმაც საქართველო უმძიმეს მდგომარეობამდე მიიყვანა, ახალი ხელისუფლება მტკიცე ხელის გამოვლენით უპირისპირდება. მანამდე, სანამ ის კორუფციის მიზეზების აღმოფხვრაზე ზრუნვას შესდგომია, კორუფციას დაუსჯელობის სინდრომის აღმოფხვრის გზით ებრძვის. კორუფციაში ეჭვმიტანილთა აყვანისთვის სპეცოპერაციები ერთმანეთის მიყოლებით ეწყობა. ამით ხელისუფლება ყველას აჩვენებს, რომ იმ პირების მიმართ, რომლებიც სახელმწიფოს ჰპარავდნენ და ჰპარავენ, ძალიან მკაცრი იქნება.

სიმკაცრის გამოვლენის მაგალითები უკვე თვალსაჩინოა. სახელმწიფოსთვის გადახდილი 700000 ლარის მიუხედავად, კვლავ პატიმრობაში რჩება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია; გამოძიება მის წინააღმდეგ ახალ ბრალდებას ამუშავებს. ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფში ერთ პალატაში არიან ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა და რკინიგზის დეპარტამენტის ყოფილი შეფი აკაკი ჩხაიძე. ჯანმრთელობის თვალსაზრისით არსებულმა პრობლემებმა მათ ციხის საავადმყოფო ვერ ააცილა. ინტერპოლის ხაზით იძებნება ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე, რომელსაც საწყის ეტაპზე ბრალი ედება, ქრთამის სახით, 35 ათას დოლარად ღირებული ავტომანქანის გამოძალვაში.

ხელისუფლება, რომელიც ბანდიტებისა და კორუმპირებულების ამოძირკვის მიზნით მოქმედებს, აცხადებს, რომ არავის და არაფრის წინაშე უკან არ დაიხევს.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "რა ყიყინიც უნდა ატეხონ, ჩემი ამოცანაა საქართველოში ყველა ბანდიტური ჯგუფი ამოვძირკვოთ და ყველა გავანადგუროთ როგორც კლასი და, მეორე, არ ვაპირებთ კორუფციასთან შერიგებას. ჩვენი ამოცანაა, ყველა თანამდებობის პირი, რომელიც იმყოფება საქართველოს გარეთ, გადმოცემულ იქნეს და წარდგნენ ქართველი ხალხის წინაშე. "

ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა შვეიცარიაში გამგზავრებამდე გააკეთა.
დავოსში მისი ვიზიტის პერიოდში კი თბილისში ჩატარდა კორუფციაში კიდევ ერთი ეჭვმიტანილის დაკავების სპეცოპერაცია, თუმცა უშედეგოდ. იმელის შენობაში შესულმა სპეცრაზმმა 20 იანვარს, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილის, ომარ გოგიას, ნაცვლად, მისი ძმა დააკავა. ომარ გოგიამ მიმალვა შეძლო. მას შპს "ოგას" მეშვეობით "თბილსრესთან" ფინანსური მაქინაციებით 13 ათასი ლარის მითვისებაში ედება ბრალი. 1991-95 წლებში ჩადენილ ამ მაქინაციებთან კავშირისთვის დაკავებულია "თბილსრესის" ყოფილი ფინანსური დირექტორი ნოდარ ბულბულაშვილი. ვინ იქნება შემდეგი, ძნელი სათქმელია, თუმცა დაპატიმრებები რომ გაგრძელდება, უეჭველია. გავრცელებული ინფორმაციით, გენერალური პროკურატურის შავ სიაში ენერგეტიკის ყოფილი მინისტრების ზუბიტაშვილისა და გიორგაძის გვარებიც ფიგურირებს. სამართალდამცავი ორგანოები სწავლობენ "საფოსტო ბანკის" მიერ პენსიებისა და დევნილთა შემწეობებისთვის 14 იანვარს მიღებული 920000 ლარის საქმეს, რადგან ამ თანხის ნაწილი უგზო-უკვლოდ არის გაუჩინარებული.

ახალი ხელისუფლება თანამდებობის ისეთი პირადი მიზნებისთვის გამოყენების ფაქტებსაც ამხელს, როგორიცაა უმწეოთა პროგრამებით საზღვარგარეთ ძვირად ღირებული სამედიცინო მკურნალობა. სხვისი კუთვნილის მითვისების წინააღმდეგ ბრძოლა სხვადასხვა მიმართულებით იშლება. ეს პროცესი ჯერჯერობით აჭარის ტერიტორიაზე ვერ ვრცელდება. აჭარის მეთაური კი აცხადებს, რომ 25 იანვრისთვის საქართველოს ახალი ცენტრალური ხელისუფლება აჭარაში სამხედრო აგრესიის განსახორციელებლად ემზადება.
XS
SM
MD
LG