Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი და მისი საპრეზიდენტო დაპირებები


საქართველოს პრეზიდენტობის 6 კანდიდატს შორის ერთადერთ რეალურ კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევა. რეალობას თუ თვალს გავუსწორებთ, უნდა ვთქვათ, რომ მას ანგარიშგასაწევი კონკურენტი არ ჰყავს.

4 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედგომის შემთხვევაში, სააკაშვილის გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარება. აქედან გამომდინარე, "ვარდების რევოლუციის" მთავარი გმირი რევოლუციის შემდეგ ხალხს მომავალი პრეზიდენტის სახელით ელაპარაკება. უფრო მეტიც, პრეზიდენტობის ამ კანდიდატის ზოგიერთი გამოსვლა პრეზიდენტის გამოსვლას ჰგავს. საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პოპულარობამ პიკს ნოემბრის მღელვარე დღეებში მიაღწია, მიღწეულს კი ის ინარჩუნებს. ხალხის მნიშვნელოვან ნაწილს სააკაშვილის ზეპირი დაპირებების იმდენად სჯერა, რომ ისიც კი არ აფიქრებს, პრეზიდენტობის ყველაზე რეალურ კანდიდატს დოკუმენტური საპრეზიდენტო პროგრამა რომ არ წარმოუდგენია.

მიხეილ სააკაშვილი 1967 წელს დაიბადა თბილისში. მას ჰყავს დედა - გიული ალასანია, მამა - ნიკოლოზ სააკაშვილი, ორი ძმა, მეუღლე - სანდრა რულოვსი და შვილი - ედუარდი. დამთავრებული აქვს კიევის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი, ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა, აგრეთვე, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დოქტურანტურა. სწავლობდა ფლორენციის ევროპული სამართლის აკადემიაში და ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1995 წელს, მიხეილ სააკაშვილი გახდა პარლამენტის წევრი, მაშინდელი პრეზიდენტის პარტიის "მოქალაქეთა კავშირის" სიით. იყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირის" თავმჯდომარე. 1999 წელს გაიმარჯვა თბილისის ვაკის რაიონის მაჟორიტარულ არჩევნებში, შემდეგ დამტკიცებულ იქნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად. მინისტრობის პერიოდში სააკაშვილმა რამდენჯერმე მოაწყო ხმაურიანი გამოსვლა მთავრობის სხდომებზე; შემდეგ მინისტრის პოსტიდან გადადგა, თქვა, რომ შევარდნაძის აღარ სჯერა და პარლამენტში ისევ ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად დაბრუნდა. ოდნავ მოგვიანებით, ადგილობივ არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტის" გამარჯვების შემდეგ, პარლამენტიდან თბილისის საკრებულოში საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე გადაინაცვლა. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მიხეილ სააკაშვილისა და მისი "ნაციონალური მოძრაობის" შევარდნაძის რადიკალურ ოპოზიციად ჩამოყალიბება და მოხდა ისე, რომ ახალგაზრდა კაცმა, რომელიც არცთუ შორეულ წარსულში ედუარდ შევარდნაძის გუნდის რეფორმისტულ ფრთას წარმოადგენდა, საქართველოში ნაადრევად დაუდო სათავე პოსტშევარდნაძისეულ ეპოქას. ნოემბრის რევოლუციაში მიხეილ სააკაშვილმა, როგორც ლიდერმა, უდავოდ, გადამწყვეტი როლი ითამაშა, თუმცა იმ ხალხთან ერთად, რომელიც გადამწყვეტ მომენტში ლიდერის ყველა სარისკო მოწოდებას გაჰყვა. ყველაფერი ამის შემდეგ ხალხი ლიდერისგან ზუსტად იმას ელის, რასაც ის შეჰპირდა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ჩვენ მოვახდენთ სასწაულებს. სასწაულების განხორციელება შეიძლება მას მერე, რაც ქართველი ხალხი დაგვაკისრებს უფლებამოსილებას ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში. "

სასწაულში უნდა ვიგულისხმოთ ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელთა მოუგვარებლობამაც ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება შეიწირა, დაწყებული სამართლიანი არჩევნების ჩატარებით, შიდა დავალიანებების დაფარვითა და ეკონომიკის გაჯანსაღებით, დემოკრატიული პროცესების გაღრმავებით, რეფორმების განხორციელებით, კორუფციის აღმოფხვრით, დამთავრებული ღირსეული საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარებითა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით. კონკრეტულად როგორ, რა გზებით აპირებს მიხეილ სააკაშვილი მთელი ამ სასწაულის რეალიზებას, ბუნდოვანია. საპრეზიდენტო პროგრამა წერილობითი სახით მას ამომრჩევლისთვის არ შეუთავაზებია. ასეთი პროგრამა არ უნახავთ არც სააკაშვილის ახლო გარემოცვაში.

[ზვიად ძიძიგურის ხმა] "ეს პროგრამა დაწერილი და გამოცემული არ არის. მაგრამ მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკური პროგრამა, 2 ნოემბრის არჩევნების წინ რასაც ვპირდებოდით ხალხს, ის არის. ეს არის, ამავე დროს, მისი საპრეზიდენტო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ეკონომიკის ძირეულ გაუმჯობესებას. "

ზვიად ძიძიგური ეკონომიკური პროგრამის ძირითად მიმართულებებად საგადასახადო სისტემის ლიბერალიზებას, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებით სამუშაო ადგილების შექმნას, უკანონო ქონების ჩამორთმევას და მიწის გადასახადის გაუქმებას ასახელებს. ხაზს უსვამს ეკონომიკის შიდა რესურსებით და არა გარე ინექციებით ფეხზე დაყენებას. რაც შეეხება დანარჩენს - იმას, თუ როგორ აპირებს მიხეილ სააკაშვილი საშინაო და საგარეო პოლიტიკის მართვას, რა გზით წარმოუდგენია მას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიღწევა, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში გამორიცხავს თუ არა საკუთარი თავის კანონზე მაღლა დაყენებას, ამ შეკითხვებზე პასუხები მის განცხადებებში უნდა ვეძებოთ. განცხადებები კი, ხშირ შემთხვევაში, ემოციურია, ზოგჯერ გარკვეული უზუსტობების შემცველი, ზოგჯერ ავტორის ამჟამინდელ სტატუსთან შეუთავსებელი. ვნახოთ, რა იქნება შემდეგ - პრეზიდენტად არჩევის შეთხვევაში, რა კონკრეტული საქმეები მოჰყვება მიხეილ სააკაშვილის ყველაზე ნათელ დაპირებებს.
XS
SM
MD
LG