Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასლან აბაშიძე აჭარაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნის წინაშე


ასლან აბაშიძეს ჯერ კიდევ არ განუცხადებია, დათანხმდება თუ არა აჭარაში საარჩევნო უბნების გახსნაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას ის უახლოეს დღეებში, სახელმწიფო მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან მორიგი შეხვედრის შემდეგ, მიიღებს.

ჟვანიას ვარაუდით, გადაწყვეტილება დადებითი იქნება. მისი ეს ოპტიმიზმი კი ცხადყოფს, რომ უკვე გამოკვეთილია ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმამაც ცენტრალური ხელისუფლება და აჭარის მეთაური შეთანხმებამდე უნდა მიიყვანოს. ჟვანიასა და აბაშიძის მორიგი, გადამწყვეტი, შეხვედრის წინ ბათუმში ჩავიდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ მაილსი.


ცენტრალურ ხელისუფლებასა და აჭარის ხელმძღვანელობას შორის დაწყებულ კონსულტაციებში რიჩარდ მაილსი აქტიურად ჩაერთო. ბოლო დღეების მანძილზე მას ორჯერ მოუხდა ბათუმში ჩასვლა და იქ აჭარის მეთაურთან მოთათბირება - ამჯერადაც, ასლან აბაშიძისა და ზურაბ ჟვანიას შეხვედრის წინ. მომავალი შეხვედრა გადამწყვეტი უნდა იყოს, რამდენადაც ამ შეხვედრისას აჭარის მეთაურმა აჭარაში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვასთან დაკავშირებით საბოლოო პოზიცია უნდა გამოკვეთოს. და აი, გადამწყვეტი შეხვედრის წინ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი აჭარის მეთაურს უცხადებს, რომ შეერთებული შტატები დაინტერესებულია აჭარის ტერიტორიაზე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებით.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აჭარაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებით დაინტერესებას ღიად და დაუფარავად ამჟღავნებს აჭარის მოსახლეობა, რომელიც 22-23 ნოემბრის მოვლენების შემდეგ ადგილობრივი ხელმძღვანელობის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში ცხოვრობს. თბილისში შემდგარი "ვარდების რევოლუციის" შედეგი აჭარაში ავტონომიის მოსახლეობის ნაწილის პოლიტიკური გააქტიურებაა. აჭარაში გაბედეს აბაშიძისა და მისი გარემოცვის ინტერესების წინააღმდეგ წასვლა და, ავტონომიის ტერიტორიაზე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნასთან ერთად, სიტყვის თავისუფლების მოთხოვნით გამოსვლა. საზოგადოების გააქტიურებული ნაწილის დაშინება ვერ შეძლო ბათუმის საზოგადოებრივი კომიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ლევან კაჭარავას, გატაცებამ და ცემამ. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ასლან აბაშიძეს, არა მარტო ჩოლოქს აქეთა საქართველოს ახალი რეალობის, აჭარის ახალი რეალობის გათვალისწინებითაც მართებს. საერთო ჯამში, მას საქართველოს ინტერესების გათვალისწინებას სთხოვენ. ცენტრალურ ხელისუფლებაში იმედი აქვთ, რომ აბაშიძე დათანხმდება აჭარაში 4 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე.

[ნინო ბურჯანაძის ხმა] "ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ მივაღწევთ აჭარის მეთაურთან შეთანხმებას, რადგან ეს არ არის ერთი კონკრეტული პარტიის ან პოლიტიკოსების ინტერესი. ეს არის ქვეყნის ინტერესი. "

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მსგავსად, ასლან აბაშიძისგან ქვეყნის ინტერესებით ნაკარნახევ სვლას ელის სახელმწიფო მინისტრიც. უფრო მეტიც, ზურაბ ჟვანია დარწმუნებულია, რომ აჭარაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. რა არის ჟვანიას ამ იმედიანი განწყობილების საფუძველი, საპრეზიდენტო არჩევნებში აჭარის ჩართვისთვის აბაშიძის რა მოთხოვნების გათვალისწინებას გეგმავენ ცენტრში, ჯერ კიდევ ბუნდოვანია. აჭარის მეთაური სისხლხორცეულად არის დაინტერესებული საარჩევნო სიებში აჭარის 290000 ამომრჩევლის გათვალისწინებით. ქართულ პოლიტიკაზე სერიოზული გავლენის შესანარჩუნებლად მას სურს ამავე რაოდენობის გარანტირებული ხმები მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე და თუ ცენტრი აბაშიძის ამ ინტერესს დაჰყვება, ეს ნიშნავს, რომ ის დათანხმდება ბათუმსა და თბილისს შორის ძველებური პოლიტიკური თამაშის გაგრძელებაზე. დროებითი ხელისუფლება აჭარის მეთაურთან გარიგებებს გამორიცხავს. ამდენად, ძალზედ საინტერესოა, რა პირობებით აპირებს ის ასლან აბაშიძესთან შეთანხმების მიღწევას.
XS
SM
MD
LG