Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარაში დაიწყო საზოგადოებრივი მოძრაობა, ავტონომიის ტერიტორიაზე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელს არა მარტო ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბათუმელი ახალგაზრდებიც სთხოვენ უკან წაიღოს

4 იანვრის არჩევნების ბოიკოტირების გადაწყვეტილება. აჭარის ტერიტორიაზე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საზოგადოების გასააქტიურებლად მემედ აბაშიძის სახელობის სტიპენდიატებმა საზოგადოებრივი კომიტეტი შექმნეს. კომიტეტის დამფუძნებლები აჭარის ხელმძღვანელობას უყენებენ რამდენიმე მოთხოვნას, რომელთა შორის უმთავრესია - არ წაართვან მოქალაქეებს ქვეყნის პრეზიდენტის არჩევის უფლება. რამდენად გაითვალისწინებს ამ მოთხოვნას აჭარის მეთაური, ჯერ კიდევ უცნობია. ასლან აბაშიძე სტრასბურგიდან ბათუმში 19 დეკემბერს დაბრუნდა.



აჭარის მეთაურის სტრასბურგში ვიზიტთან დაკავშირებით მისი პრეს-სამსახური ძალზედ მოკლე და ზოგად ინფორმაციას ავრცელებს: " ასლან აბაშიძე სტრასბურგში შეხვდა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ვალტერ შვიმერს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და სხვა მნიშვნელოვან პირებს. შეხვედრების დროს საუბარი შეეხებოდა 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით აჭარის ხელმძღვანელობის პოზიციას და არამარტო მას. გენერალურ მდივანს ბატონი ასლანისთვის არ მოუწოდებია არჩევნებში მონაწილეობა. ვალტერ შვიმერს მიღებული ჰქონდა არასწორი ინფორმაცია საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ და მეთაური შეეცადა მისთვის სიმართლე ეთქვა. ვიზიტის თაობაზე აჭარის ტელევიზია ამზადებს ვრცელ დოკუმენტურ ფილმს. დეტალური ინფორმაცია სწორედ მასში იქნება წარმოდგენილი."- ასეთია აბაშიძის პრეს-სამსახურის ინფორმაცია. მასში ნათქვამია, რომ ვალტერ შვიმერს აბაშიძისთვის არ მოუწოდებია უკან წაიღოს 4 იანვრის არჩევნების ბოიკოტირების გადაწყვეტილება. არადა, აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ ტელეკომპანია "რუსთავი 2"ისთვისა და ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში შვიმერს არ მორიდებია ეთქვა, რომ აჭარა საქართველოს შემადგენელი ნაწილია და მან აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში.

აჭარის მეთაურს საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტირების გადაწყვეტილების შეცვლა რამდენიმე დღის წინ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ მაილსმაც ურჩია. რჩევას მას პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილიც აძლევს, ოღონდ მკაცრად:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "მე არ დავუშვებ იმას, რომ ვინმეს შერჩეს აჭარლებს არ მისცეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ეს არ გამოვა. ჩვენ ვართ მომხრე დიალოგის. დიალოგი იქნება პიროვნული დათმობების ხარჯზე, მაგრამ აჭარლების ხარჯზე დათმობებს მე არ დავუშვებ. "

აჭარაში იწყება საზოგადოებრივი მოძრაობა საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევაში მონაწილეობის უფლების დასაცავად. მოძრაობის სათავეში დგანან ბათუმელი ახალგაზრდები, მემედ აბაშიძის სახელობის სტიპენდიატები, რომელთა შორისაა მემედ აბაშიძის სახელობის სტიპენდიატთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ლევან კაჭარავა.

[ლევან კაჭარავას ხმა] "ჩვენი უმთავრესი მიზანია გავაერთიანოთ ავტონომიაში მცხოვრები მოქალაქეები, რომელთა კატეგორიული მოთხოვნაა გაიხსნას საარჩევნო უბნები და ასლან აბაშიძემ გააკეთოს განცხადება, რომ 4 იანვარს აჭარაში ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები. ამასთან ერთად, მოვითხოვთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებას და ავტონომიის მეთაურს ვთხოვთ, მაქსიმალურად გამჭირვალე გახადოს თავისი ოფიციალური ვიზიტები."

აჭარაში არჩევნების ჩატარების მისაღწევად საზოგადოებრივი კომიტეტი 19 დეკემბერს შეიქმნა. ამავე დღეს მის წარმომადგენლებს მხარდაჭერა აღუთქვეს სხვადასხვა ახალგაზრდებმა და, მათთან ერთად, უფროსი თაობის წარმომადგენლებმაც. საზოგადოებრივ მოძრაობაზე აშკარა ზეწოლას ადგილი ჯერ არ ჰქონია.
XS
SM
MD
LG